გვანცა ღვედაშვილი
01.07.2016

 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, გამოცდებში მონაწილეობას 38 000-მდე აბიტურიენტი იღებს, უმაღლეს სასწავლებლებს კი მისაღებად 45 000 მეტი ადგილი აქვთ გამოცხადებული. ასევე ნახევრად ელექტრონულ გამოცდებს დრო ემატება. მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო დრო წელს 4 საათი და 15 წუთი იქნება.

"რეზონანსი": როგორია აბიტურიენტთა დამოკიდებულება ნახევრადელექტრონული გამოცდების მიმართ?

მაია მიმინოშვილი: აბიტურიენტთა დამოკიდებულებას გამოცდების შემდეგ გავიგებთ, თუმცა, არ მგონია, ამ სიახლემ რაიმე უარყოფითი შეფასება დაიმსახუროს, რადგან 2011 წლიდან მეთორმეტე კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება კომპიუტერებთან უწევთ.

შესაბამისად, ეს მათთვის სიახლე არ არის, თანაც პროგრამა, რომელსაც მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს ვთავაზობთ, გამოსაყენებლად კიდევ უფრო მარტივია. მათ მონიტორზე მხოლოდ ტექსტური დავალება უნდა წაიკითხონ, დანარჩენ ყველაფერს კი ქაღალდზე ასრულებენ.

იმის გამო, რომ აბიტურიენტებს ნახევრადელექტრონულ გამოცდას ვუტარებთ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში დრო გაიზარდა და ახლა დავალებების შესასრულებლად 4 საათი და 15 წუთი ექნებათ, რაც საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ მათ ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

"რ": რამდენი დღის განმავლობაში გაგრძელდება თითოეული გამოცდა?

მ.მ: გამოცდების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საგნებზე. სავალდებულო საგნები, როგორც მოგეხსენებათ, არის ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა. ამ საგნებს თითოეულული აბიტურიენტი აბარებს, შესაბამისად, გამოცდები 2-2დღე გაგრძელდება.

რაც შეეხება არჩევით საგნებს, მათი ხანგრძლივობა აბიტურიენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გეოგრაფიასა და ისტორიაში გამოცდები ერთ დღეში ჩატარდება და ორი სესია გვექნება. თუმცა არის საგნები, რომლებსაც მხოლოდ ერთი სესია ჰყოფნის.

"რ": რამდენი ადგილი აქვთ უმაღლეს სასწავლებლებს მისაღებად გამოცხადებეული და როგორი იქნება კონკურენცია?

მ.მ: მისაღები ადგილების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე აბიტურიენტების. რაც შეეხება კონკურსს, ამაზე მხოლოდ კონკრეტული ფაკულტეტების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. არის ისეთი უმაღლესი სასწავლებლები და ფაკულტეტები, სადაც კონკურსი მაღალია, თუმცა არის ფაკულტეტები და მიმართულებები, რომლის მონიშვნის დროსაც, თუ აბიტურიენტი გადალახავს ზღვარს, დიდი შანსია, მითითებულ ფაკულტეტზე მოხვდეს.

"რ": უმაღლესი სასწავლებლების მიერ სულ რამდენი მისაღები ადგილია გამოცხადებული?

მ.მ: სულ 45 000-ზე მეტი საკონკურსო ადგილია გამოცხადებული, დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა კი 38 000-ამდეა. 7 ათასი ადგილი მაინც რჩება თავისუფალი. ყველა რომ ჩაირიცხოს, თუმცა ასე არ ხდება, თავისუფალი მაინც გაცილებით მეტი ადგილი დარჩება.

"რ": ქცევის წესებთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეებია, რა მხრივ გამკაცრდა წესები და რა ნივთების შეტანა არ შეუძლიათ აბიტურიენტებს გამოცდაზე?

მ.მ: მე ვერ ვიტყოდი, რომ გამკაცრებულია. შარშან ვერაფრით წარმოვიდგენდით, თუ ქცევის წესებში უნდა ჩაგვეწერა, რომ აბიტურიენტებს ნასვამ მდგომარეობაში საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე გამოცხადება არ შეიძლება, თუმცა წინა წლის პრეცედენტმა დაგვანახა, რომ ეს აუცილებელი იყო. რადგან როდესაც ნასვამი აბიტურიენტი გამოცდიდან მოვხსენით, გაჩნდა კითხვები, თუ რატომ არ იყო წესებში მითითებული, რომ გამოცდაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება არ შეიძლებოდა.

ახლა ეს წესი ჩავამატეთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების დროს გამოცდაზე აბიტურიენტები არ დაიშვებიან და ასეთი პრეცედენტის შემთხვევაში აბიტურიენტი გამოცდიდან ავტომატურად მოიხსნება.

ასევე არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა გამოცდაზე არ შეიძლება, მათ შორის ელექტრონული საათის, რადგან, საკმაოდ მრავალფუნქციური საათები არსებობს, აქედან გამომდინარე შეზღუდვა ამ ნივთზეც დავაწესეთ.

"რ": როდემდე ექნებათ აბიტურიენტებს არჩევანის შეცვლის საშუალება?

მ.მ: არჩევანის შეცვლა აბიტურიენტებს აგვისტოს დასაწყისამდე შუძლიათ მანამ, სანამ სააპელაციო განაცხადების მიღება არ დასრულდება. ანუ, აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ გარკვეული პერიოდი აქვთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ სად და რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდათ სწავლის გაგრძელება.

"რ": თუ აქვთ შეზღუდვა აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების არჩევის რაოდენობაში?

მ.მ: შეზღუდვა ნამდვილად არ არის, რამდენი უმაღლესი სასწავლებლის მითითებაც უნდათ, იმდენი მიუთითონ. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინონ, რომ კონკრეტულ ფაკულტეტზე, რომელზე მოხვედრაც აბიტურიენტებს სურთ, მითითებული იყოს ის საგანი, რომელსაც ისინი დამატებით აბარებენ.

"რ": რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებს გამოცდების წინ?

მ.მ: გამოცდამდე ვუსურვებდი აბიტურიენტებს ყველაფერი გვერდზე გადადონ, დაიმუხტონ დადებითი ემოციებით. საკუთარ თავს სერიოზულად მოსთხოვონ, ნერვიულობას თავი დაანებონ და ემოციები გვერდზე გადადონ. გამოცდებამდე კი ის საქმე გააკეთო, რაც მათ სიამოვნებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×