თაკო მათეშვილი
01.07.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რუსთავი 2"-ისა და "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს რეალობისაგან შორს მდგომს უწოდებს და დასძენს, რომ ამ ორიდან შედარებით ადეკვატური "ოცნების" კვლევა იყო. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს შედეგებს, გამზარდია მას "კურიოზულს" უწოდებს.

მოგეხსენებათ, "რუსთავი 2"-მა კვლევა გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია პალ-ს დაუკვეთა, რომლის მიხედვითაც, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7% მისცემდა.

იმავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე - შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი - 12,6%, დავით ბაქრაძე - 9,9%, მიხეილ სააკაშვილი - 7,1%, პაატა ბურჭულაძე - 5,4%, ირაკლი ალასანია - 5,0%, შალვა ნათელაშვილი - 3,1%, გიორგი კვირიკაშვილი - 2,6%, ბიძინა ივანიშვილი - 2%, ნინო ბურჯანაძე - 2%, ირაკლი ღარიბაშვილი - 1,1%.

საპირისპირო შედეგებს დებს ზურაბ ბიგვავას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი, რომელმაც კვლევა "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩაატარა და რომელიც, როგორც პარტიის მესვეურები განმარტავენ, შიდა მოხმარებისაა. მისი მიხედვით, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.

რაც შეეხება ამ პარტიების ლიდერების რეიტინგს, იგი ასე გამოიყურება: გიორგი კვირიკაშვილი - 42%, დავით ბაქრაძე - 21%.

არჩილ გამზარდია: ზოგადად, პარტიული კვლევები პოლიტიკურ პიარს ემსახურება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია კეთებს ამას. "რუსთავი 2"-საც, ბუნებრივია, პარტიად განვიხილავ, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" საინფორმაციო პროპაგანდისთვის არსებობს.

მათი კვლევა, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" კვლევად უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პიარის ნაწილია და იგი ახლაც კურიოზულია. ძალიან არაადეკვატური შედეგები უწერიათ.

"ქართული ოცნების" მაჩვენებლებში შედარებით ასახულია ის მოლოდინი და პერსპექტივა, რაც ქვეყანაში არსებობს და რასაც სოციოლოგები ხედავენ.

საერთო ჯამში, თანამედროვე ეპოქაში სოციოლოგიური კვლევებს, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, პროპაგანდისტული მიზნებით იყენებენ.

"რეზონანსი": რა მიზანი აქვს, თქვენი აზრით, "რუსთავი 2"-ის კვლევას?

ა.გ: "რუსთავი 2"-ს მასალა სჭირდება და ამისათვის ფორმალურად, თავად ან მისი დაქირავებული ორგანიზაცია კვლევას ატარებს. ეს საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად უნდათ. მათ მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლები თავიდან ბოლომდე კარგი ანეკდოტივით იყო - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების რეიტინგი თავში რომაა და კვირიკაშვილი სადღაც ბოლოში.

ზოგადად, მაუწყებელი ან მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია ასეთ ისტერიაში მაშინ ვარდება, როცა დასაკარგი აღარაფერი აქვს და მძაფრი აგრესიით ბოლომდე იბრძვის. ესაა მთელი ბუნება იმ მაჩვენებლებისა, რომლებიც "რუსთავი 2"-მა დადო.

"რ": ზოგადად, რამდენად მოქმედებს წინასაარჩევნოდ კვლევები საზოგადოების განწყობაზე, ანუ, თუკი ყველა კვლევა ერთ კონკრეტულ ლიდერს ან პარტიას მაღალ შეფასებას დაუწერს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებაც მისკენ გადაიხრება?

ა.გ: ჩემი აზრით, ახლა ისე აღარ მოქმედებს, როგორც ადრე მოქმედებდა. თუმცა "რუსთავი 2"-ს ეს ყველაფერი მაინც სხვა მიზნით სჭირდებოდა. იმისათვის, რომ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით საზოგადოების განწყობაზე ისაუბროს.

ასე რომ, დღეს ამას განსაკუთრებული ეფექტი აღარ აქვს. მითუმეტეს, რომ მათი მაჩვენებელების საპირწონედ სხვა კვლევები დაიდო. შეიძლება იქაც არაა ყველაფერი რეალურად ასახული, მაგრამ საერთო ჯამში ჩანს, რომ სოციოლოგიური კვლევებით მოვლენების შექმნა ბევრად უფრო გაჭირდება, ვიდრე ეს, მაგალითად, 2003 წელს მოხდა. საზოგადოებაში ცალსახა დამოკიდებულება ვერ იქნება.

"რ": იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია კვლევას აბსოლუტურად ობიექტურად ატარებს, რამდენად დიდია ცდომილების საფუძველი და რის ხარჯზე - მეთოდოლოგიის, საზოგადოების მენტალიტეტისა და ჩაკეტილობის თუ რაიმე სხვის?

ა.გ: მსგავსი ტიპის რეიტინგებს ან თავად პოლიტიკური სუბიექტები უკვეთენ და შიდა მოხმარებისაა, ან საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში კი ბევრი რამაა განმაპირობებელი. მაგალითად ის, თუ რამდენად მოიცვა კვლევამ მთელი საზოგადოება, მისი ყველა ფენა.

მგონია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მიდგომა, თუ როგორ უნდა გამოკითხონ ადამიანები, რა კოეფიციენტი ქმნის დანარჩენი საზოგადოების სახეს. ეს ძალიან სერიოზული თემაა. შემთხვევითი შერჩევით გაკეთებული კვლევები არ ასახავს დანარჩენი საზოგადოების განწყობას და არც ისეთი შერჩევა, როცა ფოკუს-ჯგუფისათვის არჩევ ერთ ჟურნალისტს, ორ მასწავლებელს, სამ მუშას და ა.შ. დანარჩენ საზოგადოებას არც ასეთი შერჩევა ასახავს, რადგან საქართველოს საზოგადოება ზედმეტად მრავალფეროვნია.

ერთი ჟურნალისტი დანარჩენი ჟურნალისტების აზრს ვერ გამოხატავს, რადგან მისი ჰონორარი შეიძლება 100 ლარი იყოს და სხვების - 5 000. ანუ, ასეთი სისტემა ეფექტურია ისეთ ქვეყნებში, სადაც ერთი ჟურნალისტი და ერთი მასწავლებელი სხვების სახეს ნამდვილად აჩვენებს. მაგალითად შტატებში, ევროპაში და ა.შ.

საქართველოში კი ძალიან ძნელია საზოგადოების სეგმენტი იმდენად უნივერსალურად შეარჩიო, რომ მიღებული შედეგები დანარჩენ საზოგადოებას ასახავდეს. ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს ელექტორატი არაა შესწავლილი. როგორც რეალობა აჩვენებს, ეს კვლევები თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებს. ისინი ლატარიას ჰგვავს - ან გაარტყამენ, ან ვერა. პრაქტიკულად, გამოუსადეგარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×