ელზა პაპოშვილი
02.07.2016

 კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან შესაძლოა, ახმედ ჩატაევი იდგეს, საფუძველს მოკლებული არ არის. მისი თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საქართველო ვერანაირ უხერხულ სიტუაციაში ვერ აღმოჩნდება, რადგანაც ჩატაევი, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაკავების შემდეგ გაუშვეს ბულგარეთმა, უნგრეთმა და უკრაინამ. მითუმეტეს ჩვენმა სპესამსახურებმა ის არა საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავა.

არეშიძის თქმით, როგორი ფორმით მონაწილეობდა ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციაში, დღემდე დაუდგენელია. ის ქართულ სამართალს მხოლოდ იმიტომ დაუძვრა, რომ მაშინდელ სპეცსამსახურებში კვლავ სააკაშვილის დროინდელი კადრები მუშაობდნენ, რომლებმაც მისი გათავისუფლება მოახერხეს.

"რეზონანსი": როგორც თურქული მედია წერს, რამდენიმე დღის წინ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაური, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევი შეიძლება იდგეს, რომელიც 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ქართველებმა დააკავეს, მაგრამ შემდეგ გაუშვეს. ეს ინფორმაცია თურქეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ჯერჯერობით უარყვეს, თუმცა როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს მისი ამ ტერაქტში მონაწილეობა?

მამუკა არეშიძე: სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან დგას თუ არა ახმედ ჩატაევი, ამის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შემიძლია. ალბათ ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა, ვერცერთს ვერ გამოვრიცხავ.

ახმედ ჩატაევი ახლა "ისლამური სახელმწიფოს" წევრია. ის არის ემირი, ანუ ხელმძღვანელი, ამიტომ თურქეთში ტერაქტის დაგეგმვა და განხორციელება არ გაუჭირდებოდა. როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, რომლებიც თურქულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ, ჩატაევის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს. არ არის გამორიცხული, რომ მისი გვარი სწორედაც რომ დაკავებულებმა დაასახელეს, ხოლო ინფორმაციამ პრესაში გაჟონა.

"რ": საქართველოსთან მიმართებაში, ახმედ ჩატაევი საფრთხეს რამდენად წარმოადგენს, მითუმეტეს აიუფ ბორჩაშვილის დაკავების გამო ის ქვეყანაში ტერაქტების მოწყობით დაიმუქრა...

მ.ა: ჩატაევი საქართველოსთან მიმართებაში ვერაფერს ვერ გააკეთებს. მას საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი. როგორც ვიცით, 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ცალი ხელი და ფეხი დაკარგა.

სტამბოლის ტერაქტის მოწყობის იდეოლოგიური ხელმძღვანელი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა არ მგონია, რომ ის ცენტრალური ფიგურა იყოს. ჩატაევი საქართველოს გარდა კიდევ 4 სხვა ქვეყანაშია დაკავებული. ის თუ შურისძიების პრინციპით იმოქმედებს, უკრაინაში, რუსეთში, ბულგარეთსა და შვედეთში ტერაქტები უნდა მოაწყოს. გამოდის, რომ ნახევარ ევროპას უნდა გაუსწორდეს.

"რ": როგორ ფიქრობთ, 2013 წელს ახმედ ჩატაევი ქართულმა მხარემ რატომ გაათავისუფლა? ამბობდნენ, რომ ლაფანყურის საქმეში ის ოქროს მოწმე იყო, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ მან პროკურატურა მოატყუა და სინამდვილეში არც არაფერი თქვა. თქვენ ამ სპეცოპერაციის საგამოძიები კომისიის ერთ-ერთი წევრი იყავით, რა ინფორმაციას ფლობთ, სინამდვილეში იცოდა თუ არა ჩატაევმა რაიმე მნიშვნელოვანი?

მ.ა: ახმედ ჩატაევი ლაფანყურის არანაირი ოქროს მოწმე არ იყო. შეიძლება რამე მართლა იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მას ვერაფერი ათქმევინეს. ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად სპეციალური კომისია შევქმენით და ამ საქმის გამოძიება დავიწყეთ. ჩატაევმა გამომძიებელთან თქვა, რომ ის ლაფანყურში სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მხოლოდ და მხოლოდ როგორც მომლაპარაკებელი და შუამავალი ისე წაიყვანეს.

შემდეგ ისე მოხდა, რომ სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი უკან დაბრუნდა, ის კი ჩეჩნებთან დარჩა. როგორც თვითონ ამბობდა, შეეშინდა, რომ მათ გამცემად და მოღალატედ არ ჩაეთვალათ. შემდეგ როდესაც ქართველებმა ცეცხლი გაუსხნეს, ის დაიჭრა. ჩვენები ამბობდნენ, რომ შემთხვევითი ტყვია მოხვდაო, ჩატაევი ამბობდა, განზრახ მესროლეს ქართველებმა, ჩემი მოკვლა უნდოდათო.

თუმცა მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ იმ ახალგაზრდების ჩამოყვანაში, რომლებიც ლაფანყურში ჩახოცეს, ქათულ სპეცსამსახურებს ჩატაევი ეხმარებოდა. ასევე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემდეგ ის მათ წრთვნიდა. თუმცა ამის თვითმხილველებიც არ არსებობდნენ, რადგანაც მოწმეები უკვე დახოცილები იყვნენ.

"რ": ამბობენ იმასაც, რომ იმ დროს სპეცსამსახურებში კვლავ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი კადრები მუშაობდნენ, რომლებმაც ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე იზრუნეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მოსაზრება საფუძვლიანია?

მ.ა: ეს ვარაუდი ძალიან სარწმუნოა, რადგანაც ლაფანყურის საქმე დღემდე იდუმალებით მოცულია. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, საერთოდ ლაფანყურის ინციდენტი რატომ მოხდა. რაც უნდა ვაკრიტიკოთ სააკაშვილი, მაინც გაუგებრად რჩება, მას 29 აგვისტოს ლაფანყურის ინციდენტი რაში სჭირდებოდა? მას ამ ფაქტმა წინასაარჩევნოდ ცუდის მეტი არაფერი მოუტანა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანი დაიღუპა. ვინც ტყეში იმალებოდა, მათი რაოდენობა 18 კაცამდე იყო, დანარჩენები სად წავიდნენ? ხოლო როდესაც ამაზე ძიებას იწყებ, ძალიან საინტერესო ფაქტებს აწყდები. ლაფანყურის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ვინმე რაბანი, მოსკოვში გადასარევად ცხოვრობს. ერთი გაუჩინარებულია და დანარჩენი გადარჩენილი 6 ადამიანი თურქეთში გადავიდა, რომლებიც მაშინდელმა ჩვენმა სპეცსამსახურებმა საგუშაგომდე მიაცილეს და ქვეყანა ისე დატოვეს. ამიტომ ამ სპეცოპერაციის ირგვლივ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ამ პროცესში ჩატაევის როლი ბოლომდე გაუხსნელი დარჩა.

"რ": თუ სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ახმედ ჩატაევის კვალი დადასტურდება, როგორ ფიქრობთ, საქართველო რა სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც ეს ადამიანი 2013 წელს ციხიდან გირაოთი გაათავისუფლეს?

მ.ა: არანაირ სიტუაციაში არ აღმოჩნდება. ის საქართველოს გარდა ბულგარეთის, უნგრეთის და უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ მათაც გაათავისუფლეს. პასუხი ამ ადამიანის გათავისუფლებაზე რაღა მარტო საქართველომ უნდა აგოს? მათგან განსხვავებით, ჩვენი სპეცსამსახურები მას არა საერთაშორისო ტერორიზმს ედავებოდა, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს. თუ რაიმე პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაშინ პირველ რიგში პასუხი ამ ქვეყნებმა უნდა აგონ.

"რ": რატომ გაათავისუფლეს ამ ქვეყნებმა ეს ადამიანი, მითუმეტეს, როდესაც ბრალი საერთაშორისო ტერორიზმში ედებოდა?

მ.ა: ძალიან სწორი და ლოგიკური კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. ეს კითხვა პირადად მეც მაწვალებს, მაგრამ ახსნას ვერ ვპოულობ. რა ხდება ამ პიროვნების ირგვლივ ისეთი, რომ ის ყველა ქვეყანამ, სადაც დაკავებული იყო, უპრობლემოდ გაათავისუფლა?

"რ": ჯერჯერობით თურქეთში დაკავებული 13 პირიდან საქართველოს მოქალაქე არცერთი არ არის. შესაძლებელია, რომ რომელიმე ქართველის კვალი ბოლო დროს განხორციელებულ ტერაქტებში გამოჩნდეს?

მ.ა: ქართველების გვარი უკვე გამოჩნდა. 2014 წლის შემოდგომაზე შუა სტამბოლში 5 კაცი მოკლეს, ამ ტერაქტის ავტორი საქართველოს პასპორტის მქონე რუსლან პაპასკირი იყო. ახლა ეს რაც გამახსენდა, თორემ ძალიან ბევრ ტერაქტში იგივე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წასული ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

ეს პაპასკირი ყველაზე საინტერესო იმით იყო, რომ მას ჯიბეში საქართველოს კონტრდაზვერვის სპეცსამსახურების პასპორტი ჰქონდა. საქართველომ ამ ეტაპზე თურქეთის სპეცსამსახურებთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ახმედ ჩატაევის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×