პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნოდ ხალხი მთავრობას სოციალური პრობლემებისათვის მოსთხოვს პასუხს და სწორედ სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა იქნება ის ძირითადი თემები, რაზეც ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს.
ამბობს, რომ საზოგადოებაში უზარმაზარი იმედგაცრუებაა და ამას ვერც მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები შველის და ვერც კვლევებით მიღებული შედეგები.
"რეზონანსთან" ინტერვიუში ცინცაძე საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ლიდერების გააქტიურებასაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნო მცდელობაა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამას დადებითად აფასებს.
"რეზონანსი": პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება. მანამდე პრემიერ-მინისტრი იყო იქ. ეს ყველაფერი ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროულად მოგვარებას ემსახურება?
სოსო ცინცაძე: ეს ვიზიტები, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. იდეაში მაინც ასე უნდა იყოს. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი საგარეო ასპარეზზე გააქტიურდა. ჯერ ბრიუსელში იყო, ახლა გერმანიაშია.
ნატო-ს სამიტის წინ ეს ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ვარშავაში პრეზიდენტი მიდის. რაც უფრო მეტი აქტიურობა ჩაეწერება საქართველოს ვარშავაში, მით უკეთესია. რაც უფრო ხშირად გამოჩნდებიან პრემიერი და პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნებზე, ქვეყნისათვის კარგია.
პრემიერს რაც შეეხება, მან უკანასკნელ 4 წელში ვიზიტების სიხშირით ყველა რეკორდი მოხსნა. რაც უფრო ახლოვდება წინასაარჩევნო კამპანია, უფრო მეტს დადის. მთავარი მიზანი ევროპის დარწმუნებაა იმაში, რომ არჩევნები კითხვების გარეშე ჩატარდება.
რამდენად შესაძლებელი იქნება ეს, ძნელი სათქმელია, რადგან ქვეყანაში უკვე გარკვეული ფონია შექმნილი - პარლამენტმა არასაპარლამენტო ოპოზიციის არც ერთი შეთავაზება არ მიიღო, არც მაჟორიტარების საკითხს დაუჭირა მხარი, არც გერმანულ მოდელს. პირიქით, საარჩევნო ოლქები ისე დაალაგეს - ზოგს ჩამოაჭრეს, ზოგს მიუმატეს, რომ ამან კითხვები დაბადა. მთლიანობაში, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არ იგრძნობა. არადა, უკვე სამი თვე დარჩა. ეს არჩევნები ამ ხელისუფლებისათვის პირველია და მათი ტესტი იქნება. მის მიმართ ნდობასა და მის პოპულარობას გამოაჩენს.
"რეზონანსი": თქვით, რომ პრემიერი საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ აქტიურობს. ამით ქვეყანამ რაიმე ხელშესახები შედეგი თუ მიიღო?
ს.ც: ჯერჯერობით ხალხი ვერანაირ შედეგს ვერ გრძნობს. ფასები გაიაფდა? პენსიები გაიზარდა? უმუშევრობა შემცირდა? სოფლის მეურნეობაში აღმავლობაა? ყველაფერი პირიქითაა.
რეგიონის მოსახლეობასთან ხშირი ურთიერთობა მაქვს და ხალხი ტირის. იმ დღეს ჩემი კახელი ნაცნობები ვნახე და შემომჩივლეს, რომ მოსავალს კაპიკებში ყიდიან. ახლა ვაშლატამასა და ატმის სეზონია და თბილისიდან ჩასული გადამყიდველები მათ კილოში მხოლოდ 20 თეთრს უხდიან. არადა, მის მოყვანაზე მინიმუმ 40-45 თეთრი აქვთ დახარჯული. ეს იმიტომ ხდება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსავლის გასაღება ვერ უზრუნველყო.
გადამყიდველები თბილისში ამ ხილს 1 ლარად ყიდიან. ამხელა განსხვავება როგორ შეიძლება? ისრაელიდან, ტუნისიდან და ალჟირიდან ხომ არ ჩამოაქვთ? აქვე, 60-80 კილომეტრში ჩადიან. გზაში მაქსიმუმ საათნახევარი ეხარჯებათ.
მუდმივად გაიძახიან, მილიარდს ვხარჯავთო და რა გახდა კახეთში 3 წვენის ქარხნის აშენება, რომ გლეხმა ეს მალფუჭებადი ხილი იქვე ჩააბაროს? გლეხი დილის 6 საათიდან იწყებს შრომას და მთელი დღე შრომაშია. სად აქვს იმის დრო, რომ ბაზარში ჩამოვიდეს და მთელი დღე იქ იდგეს? გადამყიდველები კი უსინდისოდ 20 თეთრს აძლევენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ვისი ბრალია ეს?
"რ": გუშინ ასოცირების ხელშეკრულება სრულად შევიდა ძალაში. რა შეიცვალა ამით?
ს.ც: თავად ხელშეკრულება ნაკლებად ცვლის რამეს. გაიძახიან, თავისუფალი ვაჭრობაო, მაგრამ თუკი იმ ბაზარზე გასატანი არაფერი გვაქვს, მაშინ რა თავში ვიხლით? პირველ რიგში სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მთავრობამ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ჯერ აქ დამზადდეს პროდუქცია ევროპული სტანდარტით და ბაზარი მერე ვეძებოთ. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, სახლის მშენებლობა სახურავიდან რომ დავიწყოთ.
იკითხეთ ერთი, რომელიმე მოქალაქემ იგრძნო რამე ამ ასოცირებით? იმით, რომ ლიხტენშტეინთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დავდეთ? რა უნდა გავყიდოთ ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაში? გასაყიდი არაფერი გვაქვს. კი ბატონო, ბაზარი დიდია, მაგრამ გვავიწყდება, რომ იქაური მყიდველი ძალიან პრეტენზიულია. ისეთ უხარისხო საქონელს, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, ევროპელები არ იყიდიან.
"რ": ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სოციალურ და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუწევს მოსახლეობისათვის პასუხის გაცემა და სწორედ ეს თემები დააკარგვინებს მას ხმებს?
ს.ც: რასაკვირველია. ამ არჩევნებზე სამართლიანობის აღდგენა პრიორიტეტი აღარ იქნება. სამწუხაროდ, აღარც ტერიტორიების დაბრუნება. პრიორიტეტი შემდეგი იქნება - რა ჭამოს ხალხმა, ბავშვებს რა აჭამოს და სად იმუშაოს.
ქაღალდზე დაწერილი ის, თუ რამდენი კრედიტი გაიცა და რამდენი საწარმო აშენდა, მათ არაფერს აძლევს. შედეგს გლეხი ვერ გრძნობს. დღეს მათი განწყობა ასეთია - საერთოდ აღარავის ენდობიან. ვერც ერთი პარტია ვერ იტყვის, რომ იგი ხალხის ნდობით სარგებლობს. ლიდერი პარტიის მონაცემი კვლევის შედეგით 20% რომ იქნება, აქ რაღაა სალაპარაკო?
"რ": მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" შიდა მოხმარებისათვის კვლევა ჩაატარა და, მის მიხედვით, "ოცნებას" 35%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" - 13%-იანი.
ს.ც: ეს მონაცემიც გაბერილია, მაგრამ მართალიც რომ იყოს, 35% ნახევარზე ნაკლებია. ხალხს არც "რუსთავი 2"-ის კვლევების სჯერა და არც მთავრობის. ეს აბსოლუტური ნიჰილიზმი ყველაზე საშიშია - ხალხს აღარავის სჯერა. კიდევ კარგი, ჩვენი გლეხობის უმეტესობა რეიგანს არ კითხულობს, თორემ პირში მიახლიდა ხელისუფლებას მის ნათქვამს - მთავრობა პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან თავად პრობლემააო.