გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციას საქართველო სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს. დიპლომატი ამბობს, რომ ევროკავშირი და გერმანია ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.
"მაქსიმალურს ვაკეთებთ გერმანიაც და ევროკავშირიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის მინიჭება. ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. ვფიქრობ, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში ალბათ საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ.
"რაც შეეხება კრიმინალს, თქვენ მკითხეთ, ხომ არ ვბრაზდები ამ დებატებზე. არა, იმიტომ, რომ მსგავს დებატებზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. შეჩერების მექანიზმზეა მხოლოდ საუბარი, რომელიც მუშავდება და წარდგენილია ევროპარლამენტში დასამტკიცებლად. უკვე ავუარეთ გვერდი ამ საკითხებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხი კი გადაწყვეტილია," - განაცხადა შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას ზაფხულისთვისაც გეგმავდა, თუმცა საკითხის დასრულება გადაიდო.
ელოდებით თუ არა სექტემბერში რაიმე მსგავს "სიუპრიზს", რომელიც უვიზო რეჟიმის შემოღებას კიდევ გადაავადებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ევროპა იმდენად მომზადებულია იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია მისცეს, მე მგონია, რომ ამ საკითხის გადაწევა აღარ მოხდება. პროცესის დასრულების პირობები მთლიანად მომწიფებულია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ვერ მივიღოთ, სასწაულები კი იშვიათად ხდება.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერიოზული ფიგურაა, ამიტომ არ მგონია, რომ გადაიდოს. მას რაღაცეები ალბათ გათვლილი აქვს. ღრმა დინებები, საქმის არსი, ჩვენი ვითარება იცის. ვფიქრობ, რახან ამხელა ფიგურამ ასეთი განცხადება გააკეთა, აუცილებლად მოგვცემენ.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რა თქმა უნდა, ამას ველი, რადგან სექტემბერში ჩვენ მზის და მთვარის დაბნელება გველოდება. დაბნელებებმა ცხოვრებაში იცის რადიკალური ცვლილებები და არაადეკვატური მოქმედებები. ამიტომ, ყველაფერია მოსალოდნელი. ეჭვი მეპარება, რომ სექტემბერში ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც შტაინმაიერმა თქვა.
ევროპას თუ უნდოდა, აქამდეც მოგვცემდა. ევროპის დამოკიდებულება ჩვენდამი არის წმინდა მონური, ამიტომ ის თუ ისევ შეიცვლება და სექტემბერში არაფერი არ გამოვა, არ გაგიკვირდეთ.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ამ საკითხს დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ. კიდევ ერთხელ რომ გადაიდოს, ჩემთვის სიურპრიზი არ იქნება. ასეთი რაღაცები მომხდარა. ამიტომ ეჭვიანი მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციას სექტემბერში მოგვცემენ.
არავითარი გარანტია, რომ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემენ, არ გვაქვს. დარწმუნებული არ ვარ, რომ სექტემბერში მოგვცემენ. იმედია, ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდება.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): გერმანია იმდენად ავტორიტეტული და წამყვანი ქვეყანაა ევროკავშირში, რომ მის მოსაზრებას, ეჭვი არ მეპარება, გაითვალისწინებენ. მისი განცხადებაც ხომ რაღაცას ეყრდნობა. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესრულდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე