გვანცა ღვედაშვილი
04.07.2016

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. გუშინ და დღესაც გაისმის სიტყვები "ოკუპირებული ტერიტორია", მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით.

მოდით, გავიხსენოთ სიტუაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. თუ არ ვცდები, გამყოფ ხაზზე მყოფი 17 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ისინი უბრალოდ გაანადგურეს. თქვენ მიიწვიეთ მშვიდობისმყოფელები გამყოფი ხაზის უზრუნველყოფისთვის, შემდეგ კი მოკალით და მათი შვილები ობლად დატოვეთ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად დადგა", - განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა.

თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.

შესაძლებელია თუ არა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა გარკვეულწილად შეიცვალოს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 რამაზ საყვარელიძე (პოლიტოლოგი):  ის განცხადებები, რაც რუსეთმა გააკეთა, მოსალოდნელი იყო. იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია რომ უარყოფითი იქნებოდა, ცხადია. მოულოდნელი ის უფრო იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო.

ჯერჯერობით ურთიერთობებში არ ჩანს ისეთი ნიშანი, რომ რუსეთის მხრიდან ცვლილებების მზაობაზე შეგვეძლოს საუბარი. საქართველოს პოზიცია იგივეა რაც წლების განმავლობაში იყო. რუსეთის მხრიდან თუ რამე ცვლილებას ველით, ეს უარყოფითია და როგორც წესი, სწორი ვართ.

მხოლოდ იმიტომ რომ სესიაა, ამ მიზეზით რუსეთმა რამე ინიციატივა გამოიჩინოს, მე, ყოველ შემთხვევაში, არ ველოდები.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ცვლილება და გამოსწორება, რადგან როგორც იცით, ისინი ამის წინაპირობად საქართველოს მხრიდან დასავლური ორიენტაციის უარყოფას და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობას აყენებენ. ამიტომ არ მგონია, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  რუსეთის მხრიდან გარკვეული მცდელობები არის. როგორ შეიცვლება, ჩვენებს რა სტრატეგია აქვთ, ამას ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ნახევარი ნაბიჯი რუსეთის დელეგატების მხრიდან გადადგმულია, თუმცა, რა შედეგებს გამოიწვევს, ამის პროგნოზირება მე ძალიან მიჭირს.

 

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): რატომ უნდა შეიცვალოს რამე, ვერ ვხვდები, არ მგონია, რამე გავლენა მოახდინოს რუსეთის დელეგატების საქართველოში ჩამოსვლამ. მე ამის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, ასე რომ, არ მგონია, რამე ცვლილება მოხდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულება მანამდე არ შეიცვლება, სანამ არ დააბრუნებს იმას, რაც წაიღო საქართველოდან და არ გაიყვანს ჯარს ჩვენი ტერიტორიიდან. ყველა მთავრობის პირობებში ასე უნდა იყოს. თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს და ჯარს გაიყვანს, შემდეგ უკვე შეიძლება ჩვენი მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×