ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 8-9 ივლისის სამიტი წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ცალსახად განაცხადა, რომ უმაღლესი დონის ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოც კი ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში.
საუბრის დასაწყისში ნატოსთან საქართველოს მისიის ხელძღვანელმა ძალიან პოზიტიური მოლოდინის შესახებ ისაუბრა. იგი სამიტისაგან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილებსა და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ელოდება.
იგი დარწმუნებულია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, სტაბილურობისა და მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით.
ალექსანდრე მაისურაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვარშავაში საქართველოს ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში.
გარდა იმისა, რომ ქართული დელეგაცია არაერთ შეხვედრაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას, პირველად სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მართალია, ასეთ მაღალ დონეზე კომისიის სხდომა ადრეც გამართულა, მაგრამ სამიტის ფარგლებში მსგავსი მოვლენა ჯერ არ ყოფილა.
"მთელი კვირა": დღეისათვის თანამშრომლობა ვითარდება ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში. საქართველოს აქვს წლიური ეროვნული პროგრამა, არსებითი პაკეტი, რამე ახალი ინსტრუმენტის შემოღება ხომ არ იგეგმება?
ა.მ: 2015 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ ღია კარის შესახებ დოკუმენტში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. აქედან გამომდინარე, ახალ ინსტრუმენტებზე ლაპარაკი არ არის.
მაგრამ, იმავე დოკუმენტის მიხედვით, მუშაობა უნდა დაწყებულიყო და იდენტიფიცირებული უნდა ყოფილიყო ახალი მიმართულებები, მათ შორის თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროებში და ჩვენ სწორედ ამ ვექტორს მივყვებით. დღეს ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის, რათა განისაზღვროს ის ახალი მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას.
რაც შეეხება თავად არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს, იგი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ერთი კვირა არაა გასული მას შემდეგ, რაც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ინაუგურაცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, ელჩი თაჯან ილდემი.
მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი უკვე გაიხსნა და ქმედითუნარიანი ხდება. სულ მალე პირველი გამოშვების მომსწრენიც გავხდებით. სხვა პროექტების მიმართულებით თანამშრომლობა საკმაოდ დინამიკურია და არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა ნატოსა და მის ასპირანტ ქვეყანას შორის.
"მ.კ.": სამიტის წინ ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს წახალისებას და ასპირანტი ქვეყნისათვის მაპის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან ადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა. როგორია თქვენი თვალთახედვა?
ა.მ: როგორც უკვე აღვნიშნე, ღია კარის შესახებ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი გასაწევრიანებლად, თუმცაღა MAP რჩება პროცესის ნაწილად. ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ MAP-ს საქართველოსთან მიმართებაში პრაქტიკული ფუნქცია დიდწილად დაკარგული აქვს.
ვნახოთ, თუ რა არის MAP? 1999 წლის დოკუმენტის თანახმად, ეს არის პრაქტიკულ ღონისძიებათა კრებული, რომელიც ქვეყანას ამზადებს გასაწევრიანებლად. ჩვენთან მიმართებაში კი ქფზ გახდა საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი. ხოლო საქართველოს გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც მოგეხსენებათ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული.
თუ გადავხედავთ 1999 წლის შემდეგ ნატოს გაფართოების ისტორიას, არც ერთ ქვეყანას MAP-ის გარეშე წევრობა არ მიუღია. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დიალოგის ძალიან კარგი ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს კომისიის სახით, ჩვენ ვმონაწილეობთ თავსებადობის პლატფორმაში, ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორი სახელმწიფო.
როგორც დემოკრატიული განვითარების დონით, ისე სამხედრო თვალსაზრისით საქართველო ძალიან კარგად არის მომზადებული. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მაღალი პროფესიონალიზმი, სამხედრო სული და თავდადება არაერთხელ არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული. ასევე, ავღანეთში ჩვენი მონაწილეობა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი, შთამბეჭდავი წვლილი შეგვაქვს. საქართველო ამ ოპერაციების ერთ-ერთი საიმედო მონაწილეა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საქართველოსათვის მანძილი MAP-ის მიღებიდან წევრობამდე ძალიან მოკლე იქნება.
"რ": როგორ ფიქრობთ. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ახალ იმპულსს ხომ არ მისცემდა არსებულ პროცესს?
ა.მ: ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა რეგულირდება 2008 წლის დოკუმენტით, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ეს ფორმატი. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს საშუალება, რომ შეხვედრა გამართოს ნებისმიერ დონეზე, მუშა დონიდან დაწყებული, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა დონით დამთავრებული.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კომისიის სხდომებში ჩართულობას, ასეთი რამეც მომხდარა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტებისას ჩვენს დელეგაციას სწორედ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ზოგადად, იგი აქტიურად არის ჩართული ინტეგრაციის პროცესის წარმართვაში. პრემიერ-მინისტრი ხშირად ხვდება ალიანსის ხელმძღვანელობას, ხოლო წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრებისას საქართველოს ნატოში გაწევრიანება, როგორც წესი, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
"რ": ნატოს ვარშავის სამიტზე დაგეგმილია აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. ამის პარალელურად, საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და სურს, გახდეს ალიანსის წევრი. რიგი ექსპერტების მხრიდან გაიგონებთ მოსაზრებასაც, რომ ეს ორი მიზანი ურთიერთგამომრიცხავია და ჩვენ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს...
ა.მ: ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად, ნატოს წევრი სახელმწიფოები ზრუნავენ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.
მაგრამ არასწორი იქნება ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების აღქმა იმგვარად, თითქოს ნატოს საზღვარზე ვინმე ახალი რკინის ფარდის აღმართვას აპირებს და ნატოს არ აინტერესებს თავისი პარტნიორი და ასპირანტი სახელწიფოების უსაფრთხოება.
ალიანსი აღიარებს, რომ პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან და საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა ერთობლივ ძლისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ნატოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა მათი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. ვარშავის სამიტი ალიანსის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება.
ნატოს ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ის ფორმატები, რაზეც ახლა ვმუშაობთ, თანამშრომლობის ახალი გზები, რაზეც ახლა, ამ წუთებსა და საათებში მიდის მუშაობა, ამის ნათელი დადასტურებაა.
ეს მოსაზრება არის ილუზიის შექმნის მცდელობა, გარკვეულწილად ეს არის ანტიდასავლური, ნატოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილი, როდესაც გარკვეული პოლიტიკოსების, ან სხვა დაინტერესებული პირების მხრიდან კეთდება განცხადებები იმ მიზნით, რომ ეს პროცესი რამე სახით წარმოაჩინონ ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებად. ეს ფაქტობრივად გავლენის სფეროების ლეგალიზაციისაკენ მიმართული მოწოდებებია.
ასევე, მსგავს მიზნებს ემსახურება საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან ეს ორი პროცესი. იმიტომ, რომ თუ დეოკუპაცია რამე სახით გაწევრიანების წინაპირობა გახდება, მაშინ მესამე მხარეს, რუსეთის ფედერაციას, ამ პროცესებზე გავლენის მოსახდენად საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გაუჩნდება. ეს კარგად ესმით ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში ნატოს გაფართოების პრეცედენტი - ასე მოხდა გერმანიის შემთხვევაში.
ნატოს გაფართოების საფუძველი არის ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიას, რომლის გაწევრიანებითაც გაძლიერდება ჩრდილოატლანტიკური სივრცე, აქვს უფლება, რა თქმა უნდა, ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.
პასუხად კითხვაზე, აძლიერებს თუ არა საქართველო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, უელსის სამიტის დეკლარაციის 93-ე პარაგრაფი გამოდგება, სადაც აღნიშნულია, რომ ავღანეთში მონაწილეობითა და ჩართულობით ნატოს ოპერაციებში, საქართველოს შეაქვს საკუთარი წვლილი ნატოს ერთობლივ უსაფრთხოებაში.
შესაბამისად, არსებობს განწყობა, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებით, ინსტიტუტების კიდევ უფრო დახვეწითა და ოპტიმიზებით, საერთაშორისო ოპერაციებში მასშტაბური მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსის უსაფრთხოებას.