"რუსული დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებები სუფთა რუსული, "ნაჯახისებური" პროპაგანდაა, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული იღებს, თუმცა ამ ურაპატრიოტიზმს ახლა სერიოზულად არავინ აღიქვამს, მათ შორის, არც ევროპელები, რადგან ყველამ იცის, თუ ვინ არის რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი მოსკოვში", - ამგვარია პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასება რუსი პოლიტიკოსების განცხადებებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მსვლელობისას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესია გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად ხვალ დაიხურება. 57 ქვეყნის 600-ზე მეტ სტუმარს შორის რუსული დელეგაციაც იმყოფებოდა. დელეგატებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად ოკუპაციის თემაზეც გაამახვილეს და ამ თემის ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებზე უპასუხეს.
რუსი დელეგატების გზავნილები
"ოკუპირებული ტერიტორია" და მასთან დაკავშირებული სიტყვა ოკუპაცია, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები არ იზიარებენ; აღნიშნულ თემაზე გაჟღერებული გზავნილები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და "რიგი საკითხებისა", რასაც რუსები ასევე მხედველობაში არ იღებენ; აგრეთევე აჰმედ ჩატაევის (იგი სტამბოლის ტერაქტის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია) საქმე და მისი რუსეთისთვის "თავის დროზე" გადაცემა - ეს ის საკვანძო თემები გახლავთ, რომლის ირგვლივაც რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ძირითადი ყურადღება გაამახვილეს.
პრინციპში, ეს გასაკვირიც არ ყოფილა, რადგან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საზაფხულო სესიის მთავარი თემები სწორედაც რომ ზემოაღნიშნულზე მსჯელობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას შეეხებოდა.
მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებები იყო, რომელმაც თქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება.
უფრო მეტიც, მისი თქმით, იმას, რაც ხდება, რუსეთი არცერთ შემთხვევაში ოკუპაციად არ აღიარებს.
"რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. სესიების მსვლელობისას გაისმის სიტყვები "ოკუპირებული ტერიტორია", მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით.
"მოდით, გავიხსენოთ სიტუაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. თუ არ ვცდები, გამყოფ ხაზზე მყოფი 17 მშვიდობისმყოფელი მოკლეს, ისინი უბრალოდ გაანადგურეს. თქვენ მიიწვიეთ მშვიდობისმყოფელები გამყოფი ხაზის უზრუნველყოფისთვის, შემდეგ კი მოკალით და მათი შვილები ობლად დატოვეთ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად დადგა", - განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.
მანადე კი ჩვენ საშუალება მოგვეცა, რამდენიმე შეკითხვა რუსული დელეგაციის კიდევ ერთი წარმომადგენლისთვის, ლეონიდ სლუცკისთვის დაგვესვა, რომელმაც ჩვენი კითხვის საპასუხოდ - "იზიარებს თუ არა რუსული დელეგაცია ქართველი პოლიტიკოსების გზავნილებს ეუთოს როლის საქართველოში გაძლიერებასა და ოკუპაციის თემაზე", ასეთი პასუხი გაგვცა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, მჭიდრო დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის მომხრენი ვართ და ამაზე ღიად ვსაუბრობთ. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობასა და პოზიციას, ღონისძიებაზე ჩვენთან ერთად თქვენც მოისმინეთ მნიშვნელოვანი გზავნილები, თუმცა ცხადია, არსებობს რიგი საკითხებისა, რაზეც ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია. ოკუპაციაზე საუბარი ახლა მართებული არ იქნება, ამიტომ ნუ მიწყენთ, თუ ამ თემაზე საუბარს სხვა ფორმატში გთხოვთ", - განგვიცხადა სლუცკიმ.
ჩატაევის საქმე და რუსების პოზიცია
აღსანიშნავია, რომ გარდა ოკუპაციაზე წამოჭრილი კითხვებისა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსულმა დელეგაციამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე გააკეთა განცხადება და საკუთარი პოზიცია გამოხატა. კერძოდ კი ეს ეხებოდა, სტამბოლის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ აჰმედ ჩატაევს, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისთანავე ქართული საპატიმროდან მალევე გათავისუფლდა.
რუსული დელეგაციის განცხადებით, ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემას ისინი ჯერ კიდევ მისი პატიმრობაში ყოფნისას ითხოვდნენ, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კოვალიოვის თქმით, აჰმედ ჩატაევის რუსეთისთვის დროულად გადაცემით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
"ახლა ყველა თავის გამოსვლაში თურქეთს უსამძიმრებს მომხდარი ტერაქტის გამო, რაც სწორია. ჩვენც თანავუგრძნობთ, რადგან რაც მოხდა, საშინელებაა. თუმცა, მოდით, ობიექტურად შევხედოთ იმას, რაც ხდება. მოხდა კი შემდეგი: რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა - ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
"მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა - ეს მისი ლტოლვილად აღიარებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, შემდეგ კი ის თურქეთში აღმოჩნდა", - განაცხადა კოვალიოვმა.
თუმცა კოვალიოვი ამასთანავე იმ შენიშვნასაც დაეთანხმა, რომელიც ჟურნალისტებს ამ საკითხის ირგვლივ გაუჩნდათ. კერძოდ კი იმას, რომ ჩატაევის ბრალეულობა ტერაქტის ორგანიზებაში ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს სიტუაციაში "ობიექტურად" გარკვევისკენ მოუწოდა.
"მოდით, თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მაინც დავამყაროთ. ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს.
"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ტერორისტის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლებლობა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ასაცილებლად. საჭირო იყო მხოლოდ თანამშრომლობა", - განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა.
პოლიტოლოგების შეფასება და მოსალოდნელი შედეგი
პოლიტოლოგების ნაწილის შეფასებით, რუსი დელეგატების მხრიდან გაჟღერებული გზავნილები ჩვეულებრივი, რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან იღებს და რომელშიც ცვლილებები ჯერ კიდევ არ მომხდარა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსების მხრიდან "ბევრი რამის წამოძახება" ქართველი პოლიტიკოსების დაუფიქრებელ განცხადებებს მოჰყვა, რაც, როგორც გასულ წლებში, ისე ახლაც ბევრ მაღალჩინოსანს ახასიათებს.
"გვახსოვს გამსახურდიას შემდეგ იგივე ოსებთან დაკავშირებულ საკითხზე მისი რეჟიმის სატანიზება დაიწყო, მაშინდელი გენერალური პროკურორი რაზმაძე გამოვიდა და თქვა, რომ გამსახურდიამ ოსებს გენოციდი მოუწყო, შემდეგ კი რა მოხდა? - ოსები ამას სულ ცხვირში გვადენდნენ.
"ახლაც, როცა გამუდმებული საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, იგივე შემთხვევას ვაწყდებით. 2008 წელს რაც მოხდა, ყველამ ვიცით, ეს იყო უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, თუმცა ამაზე საუბარს ცხადია, რუსები სათავისოდ, წამოსაძახებლად იყენებენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია", - ამბობს სოსო ცინცაძე და ამგვარ დამოკიდებულებას შეცდომას უწოდებს.
"მე ამ ყველაფერს უფრო შეცდომებს ვუწოდებდი. საერთოდ პოლიტიკაში ასეა: დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ისეთი რამ არ უნდა თქვა, რასაც წლების შემდეგ ისევ შენ წინააღმდეგ გამოიყენებენ", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება რუსული დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებებს, მისი შეფასებით, ეს სუფთა რუსული, "ნაჯახისებური" პროპაგანდაა. ცინცაძის აზრით, საზოგადოებას, მიხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ნორმალიზების პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, სულაც არ აღელვებს, რას იტყვიან რუსი პოლიტიკოსები, რადგან ყველას კარგად ესმის, თუ ვინ არის მხარეებს შორის თანამშრომლობაზე რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი.
"თქვენ რა გგონიათ, რუსული დიპლომატია და პროპაგანდა შეიცვალა საბჭოთა კავშირის შემდგომ? არა, ბატონო, ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო უწინ და ეს მათი გენეტიკაა. მე, მაგალითად, ამ ურაპატრიოტიზმს დიდი ხანია სერიოზულად არ აღვიქვამ და არც ევროპელები უყურებენ სერიოზულად.
"რას იტყვის სლუცკი და სხვა დანარჩენი, ეს სერიოზული არაა, მათი მოსაწონი მთავრობა ჩვენ დიდი ხანია არ გვყავს და ეს სუფთა რუსული პროპაგანდის ნაწილია.
"საზოგადოებას აინტერესებს რუსეთ-საქართველოს ნორმალიზების პროცესი, მაგრამ მათ არ აინტერესებთ, რას იტყვიან რუსი პოლიტიკოსები, რადგან გადაწყვეტილებას მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე არც სლუცკის ეკითხებიან, არც პუშკოვსა და არც ჟირინოვსკის.
"იქ არის პატარა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებას სულ სხვა მოტივაციით იღებს, ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ის ერთი ვინაა, თქვენც კარგად იცით. პუტინს კი სულ ერთ ადგილზე ჰკიდია, რას იტყვიან ეს ადამიანები, აბსოლუტურად სხვა მოტივაცია ამოძრავებს.
"რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას სულ სხვა დიპლომატია სჭირდება და არა ყველა არამკითხე მოამბის გამოსვლები, თითქოს მათ რუსეთთან ურიერთობის ნორმალიზება უნდათ. ამდენი მაიმუნობა, ტინგიცობა და დილეტანტიზმი ყელში ამოვიდა.
"თუ ურაპატრიოტიზმი გვინდა, კი ბატონო, იყოს ასე, ხოლო თუ სერიოზული ურთიერთობა გვინდა, მაშინ მოდით, სხვანაირად მოვიქცეთ. კი ბატონო, იაროს ზურა აბაშიძემ 3 თვეში ერთხელ ჩეხოსლოვაკიაში, ამით არაფერი შავდება, მაგრამ არც არაფერი იცვლება, ასე არაფერი გამოვა", - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება აჰმედ ჩატაევის საქმესა და მისი რუსეთისთვის გადაცემის შესაძლო საკითხს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ თემას რუსეთი გარკვეული მიზეზით კარგად იყენებს და ეს ბუნებრივიცაა. ცინცაძე იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა რუსეთი ჩეჩენი ბოევიკების გადაცემას საქართველოს ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სთხოვდა.
"რაც შეეხება, ჩატაევის საკითხს, რუსები ჩეჩენი ბოევიკების გადაცემას ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ითხოვდნენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებაზე უხალისოდ მიდიოდა და ეს გასაგებიც იყო, რადგან ჩეჩნები და პანკისის ხეობა ჩვენთან უფრო ახლოა, ვიდრე რუსეთთან.
"თავის დროზე, როდესაც შევარდნაძის დროს 40 ათასი დევნილი ჩეჩენი პანკისის ხეობაში შემოუშვეს, არც სპეცტექნიკა გვქონდა და არც ბევრი რამ ვიცოდით მათი წარმომავლობის შესახებ.
"რასაკვირველია, მაშინ საქართველოს ხელისუფლება ორ ცეცხლშუა იყო: ერთი მხრივ კავკასიური სოლიდარობა, გნებავთ ჰუმანური პრინციპი, რომ ლტოლვილები უნდა მივიღოთ, რასაც ჩვენი დასავლელი მეგობრები გვირჩევდნენ, თუ არ გვაიძულებდნენ. მეორე მხრივ კი რუსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები ტერორისტები იყვნენ და ხვალ თუ არა ზეგ მაინც შეიძლება აგვაფეთქონ.
"ამიტომ ისინი გვთავაზობდნენ ერთობლივ სპეცოპერაციას, გვახსოვს, ამას როგორი წინააღმდეგობა შეხვდა. ახლაც იგივე შემთხვევაა და ეს ძალიან დელიკატური საკითხია.
"კვაჭანტირაძეს ვუსმენდი, რომელმაც ვერაფერი მოიფიქრა სხვა და თქვა, რომ შეწყალება უდიდესი ჰუმანური აქტია და თანაც ვერ დაიჯერა ჩატაევის ტერორისტულ აქტში მონაწილეობა, ეს კიდევ ერთი წინდაუხედავი განცხადებაა.
"რასაკვირველია, ეს ჰუმანური აქტია, მაგრამ არა ისეთი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველა გარეთ გამოვუშვათ. ასეთ ამნისტიას თავის დროზე ერთ-ერთი ორიგინალური პიროვნება ითხოვდა, რომელიც ამბობდა, მოდი, ახლა ყველა გავუშვათ და თუ მეორედ გაიმეორებენ, ჩვენს ხელში არ არიანო?!
"დიდი პოლიტიკისა და დიპლომატიური თვალსაზრისით, არის რაღაცები, რაც წინდახედულობას ითხოვს, რომ მომავალში სათქმელად არ გამოიყენოს ვინმემ, ამიტომ ენა წინ არ უნდა უსწრებდეს პოლიტიკოსს. გაკვეთილი, გაკვეთილი და სულ ვსწავლობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერი ვერ ვისწავლეთ და დღესაც ასეა", - აღნიშნავს ცინცაძე და დასძენს, რომ ჩატაევის თემას რუსეთი გამოიყენებს და ეს ბუნებრივიცაა.
"მართალია, მისი ტერაქტში მონაწილეობა დადასტურებული არაა, თუმცა ამერიკული მხარე დარწმუნებით ამბობს ამას, თურქეთი ცოტა თავშეკავებულია და ეს გასაგებიცაა. მთავარი აქ ისაა, რომ იგი ეჭვმიტანილია და რუსეთი ამას სათავისოდ იყენებს", - ფიქრობს ცინცაძე.
მისგან განსხვავებით, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსი პოლიტიკოსების გზავნილებში როგორც უწინ, ისე ახლაც არავითარი ცვლილება არაა, რაც მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.
"რუსი ჩამოდის და გეუბნება, რომ შენ უნდა მოინანიო შენი შეცდომები, ჩვენ კიდევ ამის შემდეგ დანაშაულს გაპატიებთო - აი, ესაა მათი გზავნილიცა და დამოკიდებულებაც. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მათ ბევრი ქართველიც ეხმარება. დავუშვათ, იმაში, რომ საქართველო ვერსად გაიქცევა და რომ ის არასერიოზული ქვეყანაა, რომელსაც ბევრი შეეშალა და უნდა მოინანიოს, თუმცა ტერიტორიების დაბრუნება არასოდეს აღარ შედგება.
"ესაა რუსების აზრი, თავს ძალიან ძლიერად მიიჩნევენ, ჩვენ კი იმაზე არასერიოზულად გვიყურებენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ფიქრობენ, რომ საქართველო მაინც მათია და სხვა ვერაფერს გახდება, ესაა მათი უცვლელი ტონი.
"რაც შეეხება ჩატაევს, როგორც მახსოვს, 2012 წელს, როგორც კი "ქართული ოცნება" ხელისუფლების სათავეში მოვიდა, იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაშინ რუსებს გადაცემა რომ ეთხოვათ, დიდი ეჭვი მაქვს, ასეც მოხდებოდა, ამიტომ ამაზე განცხადებები სისულელე მგონია. ახლა ისინი ჩატაევის ჩვენთვის მოწებებას ცდილობენ და ამის მიზეზიც ცხადია", - უთხრა "მთელ კვირას" თორნიკე შარაშენიძემ.