ლიკა ამირაშვილი
05.07.2016

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას - "კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამი დეპუტატი წავიდა. რეზოლუციის კანონპროექტი საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 17 პუნქტისგან შედგება, სადაც ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას.

ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს "კონფლიქტები საქართველოში" "ღია ანტირუსულ დოკუმენტად" აფასებს, რომელიც "უკიდურესად პოლიტიზებულია და ახდენს აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას".

როგორ ფიქრობთ, აღნიშნული რეზოლუცია შეცვლის თუ არა საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებულ სიტუაციას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება. კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებობს გაეროს 32 რეზოლუცია. რეზოლუციების უმრავლესობა რუსეთს ეხებოდა და სამწუხაროდ, არცერთი არ შესრულებულა.

ახლაც, დარწმუნებული არ ვარ, რომ თბილისში მიღებული რეზოლუცია შესრულდება. რუსეთი ამ მიმართულებით არაფერ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ზოგჯერ ეს რეზოლუციები უფრო უარყოფითი შედეგის მომტანია ხოლმე, ვიდრე დადებითი.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ყველა შემთხვევაში ძალიან სასიამოვნოა, როდესაც 56 ქვეყანა ერთის წინააღმდეგ მიდის. ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანი. მიხვდნენ, რომ ეს მონსტრი მთელ მსოფლიოში ერთია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაწუხა. ამიტომაც არის ეს ფაქტი უკვე ძალიან კარგია.

თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რაღაცები ფინალში გავლენას იქონიებს. გამორიცხულია, რომ რამე გავლენა არ ჰქონდეს. საქართველოსთვის უდავოდ სასარგებლოა. საქართველოს დელეგაციის ასეთი აქტიურობის მომხრე ვარ და ძალიან მომწონს. ეს ტემპი არ უნდა დავკარგოთ, მსოფლიოს სულ უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით.

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ეუთო მაღალი დონის ორგანიზაციაა, ამიტომ ამ ორგანიზაციის მიერ მიღებული ნებისმიერი დოკუმენტი ყურადსაღებია წევრი სახელმწიფოების მიერ. საერთოდ კონფლიქტებს რაც ეხება, ის ნაწილი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ვფიქრობ, უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა მოჰყვება.

აღიარებული ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ეუთოს როგორც რიგითი წევრებისთვის და ასევე არაწევრი ქვეყნებისთვისაც საქართველოს არასახარბიელო გეოპოლიტიკური მდგომარეობაც ცნობილია.

ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობა ამ საკითხს უფრო გულისხმიერებით მიუდგება. ამ რეზოლუციის მიღებას პოზიტიურად ვუყურებ და მივესალმები. საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, რომ რაც უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება, ჩვენთვის მხოლოდ მომგებიანია.

 სერგო ვარდოსანიძე  ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ეს რეზოლუცია არაფერსაც არ შეცვლის. რაც თავი მახსოვს, იმდენი რეზოლუციაა მიღებული, რომ დათვლაც შეუძლებელია. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებაში აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდეს.

არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ ვალდებულებების შესრულება აიძულონ. სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით, შესაძლოა, ძალიან კარგი იყოს, მაგრამ პრაქტიკულად ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×