"რესპუბლიკურმა პარტიამ" მმართველი ძალა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა"
თაკო მათეშვილი
05.07.2016

 გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ ამავდროულად სამხედრო საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანი - ასეთი უნდა იყო პოლიტოლოგთა და სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით, მომავალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც, სავარაუდოდ, თინა ხიდაშელს შეცვლის. თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია, რადგან როგორც ჩანს, ხიდაშელი გადადგომას ვარშავის სამიტის შემდეგაც არ აპირებს.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან ხიდაშელი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. მათ შორის, მაშინდელი თანაგუნდელების მხრიდანაც კი. აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელებს" კიდევ ორი მინისტრი ჰყავთ - სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. თუმცა რატომღაც ხიდაშელის გადადგომასა და შემცვლელზე ბევრად აქტიურად საუბრობენ, ვიდრე დანარჩენი ორი მინისტრისა. ჩვენი რესპონდენტების აზრით, ეს ყველაფერი დიდწილად იმან გამოიწვია, რომ იგი ქალია და თანაც, აქტიური ქალი.

თავდაცვის მინისტრის შემცვლელის ვინაობის დადგენა ქვეყანაში ბოლო თვეების მთავარი ინტრიგაა. აქტიურად განიხილავენ ორ ადამიანს - ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ კობა კობალაძესა და დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს.

თუმცა გუშინ თინა ხიდაშელმა ხმების გამავრცელებლებს ცივი წყალი გადაავლო და განაცხადა, რომ მისი შემცვლელის ვინაობაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, რადგან იგი არც გადამდგარა და "არც მომკვდარა".

ამ თემაზე ინტერვიუ ხდაშელმა "კვირის პალიტრას" მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას თავად იმ ორიდან, რომელზეც საზოგადოება საუბრობს, ხიდაშელმა არც ერთი არ დაასახელა.

"ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ - ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. ამ კითხვაზე პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა.

"მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი... თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დასთანხმდება ამ წინადადებას", - განაცხადა ხიდაშელმა.

მან პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა არჩევნებში პარტიული ნიშნით მონაწილეობაზე უარი თქვას და მინისტრად დარჩეს.

"როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა და ვიზიარებ სრულად, ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე მივიღე, პოლიტიკურად და პრაქტიკული ამოცანებიდან გამომდინარე, შეთანხმებული და სინქრონიზებული იყოო. ზუსტად ისეთივე იქნება 8 ოქტომბრამდე მიღებული ჩემი ყველა გადაწყვეტილება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ კობა კობალაძემ მისი შესაძლო გამინისტრების შესახებ ინფორმაცია უარყო.

რაც შეეხება სესიაშვილს, როცა "რეზონანსმა" მას ეს კითხვა დაუსვა, თემაზე საუბარი არ მოინდომა, რადგან მისი აზრით, ეს არაეთიკური იქნებოდა მაშინ, როცა ქვეყანას თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ ჰყავს.

"ვინც უნდა იყოს და რომელი პარტიის წარმომადგენელიც უნდა იყოს იგი, ჯარისკაცს, ოფიცერს მმართველობის სტაბილურობის განცდა უნდა ჰქონდეს. "რესპუბლიკელების" წასვლას რაც შეეხება, ეს გასაგები და ლოგიკურია. როცა არჩევნებში მონაწილეობას ცალკე იღებ, არაადეკვატურია, რომ მთავრობაში იყო.

"ვინ დაიკავებს მათ პოსტებს, ეს პრემიერის გადასაწყვეტია. მისი პრეროგატივაა და როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით ვისაუბროთ. წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ იქნება და ჭორებს ვერ ავყვები", - აღნიშნა მან.

ჩვენს კითხვაზე, მიუღია თუ არა ამის თაობაზე შეთავაზება, სესიაშვილმა გვიპასუხა, რომ პირდაპირი შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა, ზოგადად, ბევრ საკითხზე მსჯელობენ.

ის, რომ "რესპუბლიკელებმა" მოსალოდნელი სცენარი შეცვალეს და თანამდებობების დატოვებაზე უარს აცხადებენ, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს არ უკვირს. ამბობს, რომ სამი მინისტრის რესურსი წინასაარჩევნოდ ხელწამოსაკრავი არაა და ამის გამოყენებას ყველა შეეცდებოდა.

აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები თავისი ნებით არ გადადგებიან, თუ მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ იქნება. ხოლო თუ ზეწოლა იქნება, ეს ამ მინისტრებსა და პარტიას ქულებს შემატებს, რადგან საქართველოში დაჩაგრულ ადამიანს ყველა გვერდში უდგება. ასე რომ, მისი თქმით, ძალიან დელიკატური სიტუაცია შეიქმნა.

"წვევამდელების გაწვევის გაუქმებითაც დამტკიცდა, რომ "რესპუბლიკელები" ძალიან ზუსტ თამაშს თამაშობენ. წინასაარჩევნო კამპანია უშეცდომოდ დაიწყეს. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ინტელექტუალურ პოტენციალთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

"ზოგს მოსწონს "რეპუბლიკელები", ზოგს არა, მაგრამ ვერავინ უარყოფს - ეს ნომერი პირველი ინტელექტუალური პოლიტიკური ძალაა. "ამიტომ, ეს გათვლაც - ჩემით არ წავალ და თუ არ მოგწონვარ, გადამაყენე - ჭკვიანურია. ეს პოლიტიკაა და ასეთი ნაბიჯები ნურავის უკვრის. მითუმეტეს, როცა თანამდებობებზე თავდაცვის, შერიგებისა და გარემოს დაცვის მინისტრებზე ბევრად ოდიოზური ფიგურები რჩებიან.

"უხერხული სიტუაცია იქმნება და როგორც ჩანს, პრემიერი, თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, საკმაოდ გონიერი ადამიანია და ასეთ შეცდომას არ დაუშვებს. ამით კი "რესპუბლიკური პარტია" სრულად ისარგებლებს", - ამბობს ცინცაძე.

მისი აზრით, ახლა თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებას ყველა სერიოზული პოლიტიკოსი მოერიდება, მათ შორის ირაკლი სესიაშვილიც, ვინაიდან თანამდებობაზე მოსვლისთანავე მას ძალიან არაპოპულარული ნაბჯის გადადგმა - ჯარში წვევამდელთა სავალდებულო გაწვევის ხელახლა შემოღება მოუწევს, რაც წინასაარჩევნოდ ასიათასობით ხმას დააკარგვინებს.

"ამიტომაც ჰქონდა სესიაშვილს ამ საკითხზე ყველაზე მწვავე რეაგირება. ეტყობა, იგი მიხვდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მმართველი ძალა", - დასძენს იგი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომაა უფრო აქტუალური ხიდაშელის გადადგომა და არა მისი თანაგუნდელი სხვა მინისტრებისა, ცინცაძის თქმით, "იმიტომ, რომ აქტიურია და ქალია".

"რაც უნდა ვიყვიროთ, ევროპელები ვართო, ჩვენი საზოგადოება კლასიკური აზიელია და აქტიურ ქალს ვერ ეგუებიან. მამაკაცების 80%-ის აზრით, ქალის ადგილი სამზარეულოსა და აკვანთანაა.

"ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ხიდაშელის აქტიურობა არ მოსწონთ. თანაც, ხიდაშელი ახლა ხომ არ გამხდარა ასეთი, 15 წელია ასეთი აქტიურია, ჯერ კიდევ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ყოფნის პერიოდიდან. ხშირად ქმარზე მეტად აქტიურიც, რაც ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქართველოში ამასთან შეგუება უჭირთ", - აცხადებს პოლიტოლოგი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი "რეზონანსთან" იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, მომდევნო თავდაცვის მინისტრმა უნდა დააკმაყოფილოს, ვინც უნდა იყოს იგი. მისი აზრით, მომავალი მინისტრი, გარდა იმისა, რომ კარგი პოლიტიკოსი უნდა იყოს, სამხედრო თემაშიც უნდა ერკვეოდეს.

"არმიაში საკმაოდ რთული სიტუაციაა და მას სათვეში უფრო პროფესიონალი ადამიანი სჭირდება. თავდაცვისუნარიანობის საკითხები კარგად უნდა ესმოდეს და სამხედრო საქმის მცოდნე უნდა იყოს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ პოლიტიკოსი არ გვჭირდება. ხიდაშელი კარგი პოლიტიკოსია, ასეთი ადამიანიც საჭიროა ჩვენთვის, მაგრამ არა ამ ეტაპზე", - მიიჩნევს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×