ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ერთი წლის ვადით ქრისტინ მუტონენი გახდა. არჩევნების მეორე ტურში მან 86 ხმა მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა - 73. მუტონენის კანდიდატურას დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმაც.
ასამბლეის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდნენ ავსტრიელი ქრისტინ მუტონენი, რომელიც სოციალისტურმა პარტიამ დაასახელა, დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი ალან ნერი და გიგი წერეთელი, რომელიც კანდიდატად ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კანდელაკის შეფასებით, მთავრობისთვის ვიწროპარტიული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, ვიდრე ქვეყნის ინტერესები.
მისი თქმით, გიგი წერეთლის არჩევნების მეორე ტურში გასვლა და მცირე სხვაობით დამარცხება საქართველოს უდიდესი წარმატებაა.
როგორ ფიქრობთ, უნდა დაეჭირათ თუ არა მხარი სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს გიგი წერეთლისთვის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): რა თქმა უნდა, ცხადია, რომ პარტიული ინტერესია სხვა რა შეიძლება ხდებოდეს. ბუნებრივია, ქვეყნის ინტერესზე მაღლა პარტიული ინტერესი დააყენეს, რაც არასწორი არჩევანია. ეს ყველაფერი იმ ხალხის დამოკიდებულებაზე აისახება, ვინც მათ მხარს უჭერს. ნებისმიერი შეცდომა და არასწორი ნაბიჯი უარყოფითად აისახება საბოლოო შედეგზე. მერე კი ატყდება ამბავი, რომ ენდიაი-ს კვლევა გაყალბდაო.
რეზო მიშველაძე მწერალი): ჯერ ერთი, თანამდებობა, რაზეც გიგი წერეთელი იყრიდა კენჭს, აბსოლუტურად ნომინალური თანამდებობაა. მართალია, გიგი წერეთელი "ნაცმოძრაობაში" ყველაზე გაწონასწორებული კაცია, შედარებით უკონფლიქტო, მაგრამ "ქართული ოცნების" სახელისუფლებო დელეგატებმა რომ მას მხარი არ დაუჭირეს, ეს სრულიად ნორმალური ამბავია. ნორმალური იმიტომ, რომ ჯერ თვითონ პარტიაა ძალიან რადიკალური და დაპირისპირებული მთელი თავისი შეხედულებებით სახელისუფლებო პარტიასთან. ეს დაპირისპირება თავისთავად ქმნიდა წინაპორობას იმისათვის, რომ თუ მხარს დაუჭერდნენ, ე.ი. უარი უნდა ეთქვა "ოცნებას" ყველა იმ შეხედულებაზე, რაც "ნაცმოძრაობასთან" პოლიტიკურ უფსკრულს განაპირობებს. ამიტომ აქ მოულოდნელი არაფერი იყო.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მხარი როგორ უნდა დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელიც ოფიციალურად მწამებლებისა და დესპოტების პარტიის წარმომადგენელია?! ახლა სულხან მოლაშვილი დავკრძალეთ. როგორ შეიძლება, თუნდაც ასეთი ერთი ფაქტიც რომ იყოს ქვეყანაში მომხდარი, ასეთი პარტიის წარმომადგენელი ეუთო-ში საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტად აირჩეს?! მხარი კი არ უნდა დაეჭირათ, არამედ ძალიან მკაფიოდ უნდა ეთქვათ, რომ საერთოდ ამ კანდიდატურის წარდგენა პირდაპირ ქართველი ხალხის ღირსების შელახვაა. პარტიას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა არჩევნებზე, მის პირველ პირებზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და მეორე ნახევარი ციხეში ზის, როგორ შეიძლება ასეთი პარტიის წარმომადგენელი ამხელა თანამდებობაზე დანიშნო.
გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, მხარი უნდა დაეჭირათ, მაგრამ ესენი ხომ რუსებთან ერთად მუშაობენ. ესენი ხომ ავადმყოფები არიან. კობახიძემ, მაგალითად, ბერიაც კი მოიხმო, ის რომ ყოფილიყო, ხმას ხომ არ მივცემდითო. სამარცხვინო მოვლენაა. ასეთი არაფერი გამიგია. რა თქმა უნდა, სამარცხვინო მოვლენა და თავის მოჭრაა. იმედი მაქვს, რომ ამ სიბინძურეს მოვიშორებთ, რომელსაც "ოცნება" ჰქვია და უმრავლესობაში ასეთი სამარცხვინოები არ გვეყოლებიან. ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს, რომ ასეთი სამარცხვინო და გაურკვეველი ხალხი მოიყვანოს ქვეყნის სათავეში.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ვფიქრობ, რომ ქართველი დელეგატების ხმები გიგი წერეთელს მაინც არ უშველიდა. მეორეც, მისთვის ისიც წარმატებაა, რომ ხმების მცირე რაოდენობით ჩამორჩა. ეს ფაქტიც წარმატებაა და შემდეგში მისი გამარჯვების საწინდარი იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე