პანკისში სატამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ახმედ ჩატაევის შესაძლო მონაწილეობის არ სჯერათ. ადგილობრივების აზრით, მას რომ ტერაქტის მოწყობის საშუალება ჰქონოდა, ამას არა თურქეთში, არამედ რუსეთში განახორციელებდა, რადგანაც ის ჩეჩნეთის ომის დროს თურქეთმა შეიფარა და ამ ქვეყნის მიმართ მადლიერების მეტს არაფერს განიცდიდა.
მათივე ინფორმაციით, ჩატაევი, მართალია, ახლა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებშია, თუმცა მის მოვალეობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და იქ მყოფი რუსების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, და არა მსგავსი სახის ტერაქტების მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევის გვარი სტამბოლის ტერაქტების ორგანიზატორებს შორის ჯერ თურქულმა მედიამ, შემდეგ კი აშშ-ის კონგრესმენმა დაასახელა. მაიკლ მაკოლმა ეს განცხადება თურქული დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. მან ახმედ ჩატაევი "ჩეჩენ მეამბოხედ" და "ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ნომერ პირველ მტრად" მოიხსენია.
ახმედ ჩატაევი ტერორისტების შავ სიაში შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2015 წელს, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაურთან, აბუ ომარ ალ შიშანისთან, იმავე თარხან ბათირაშვილთან, ერთად შეიყვანა. სწორედ სირიაში ტერორისტული დაჯგუფების მეთაურებს შორის აღმოჩნდა ქართული ციხიდან გათავისუფლებული ჩატაევი 2012 წლის დეკემბრის შემდეგ.
ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. ყველაზე მეტად აქტიურობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომელსაც იმ პერიოდში ახლანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა.
მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო, საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქცია კი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ჰქონდა.
ახმედ ჩატაევის გვარი ტერაქტის ორგანზატორად ჯერჯერობით თურქეთის ოფიციალურ პირებს არ დაუსახელებიათ. თუმცა ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 44 ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ რამდენიმე ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, მათ შორის - რუსეთის მოქალაქეები. ტერაქტის უშუალო მონაწილეთა შორისაც იყო რუსეთის ერთი მოქალაქე დაღესტნიდან.
პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი და ლაფანყურის სპეცოპერაციის სპეციალური საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრი ხასან ხანგოშვილი ამბობს, რომ ახმედ ჩატაევს თურქეთში ტერაქტის მოწყობის არანაირი საბაბი არ ჰქონდა. მისი თქმით, ჩატაევი პირიქით, ყიველთვის თურქეთისა და თურქი ხალხის მადლიერი იყო, რადგანაც ჩეჩნეთის ომის დროს ის ამ ქვეყანამ შეიფარა.
ხანგოშვილის აზრით, მისი სახელისა და გვარის წამოწევა რუსეთს აწყობს, რადგანაც ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. მას ამ ტერაქტში თავისი დაუძინებელი მტრის სახელის გასვრასთან ერთად, საქართველოს ჩათრევაც სურს, რადგანაც ის ჩვენმა ხელისუფლებამ 2013 წელს გაათავისუფლა, რადგანაც მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა.
"ახმედ ჩატაევს პანკისში ყველა ვიცნობთ, როგორც ჩვეულებრივ მებრძოლს და ომის გმირს, რომელიც ჩეჩნეთის ომში იბრძოდა. ის პანკისში წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს ჩამოვიდა. პანკისელი ქალი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი ჰყავს.
"ახლა როგორც ამბობენ, მისმა ცოლ-შვილმა პანკისი დატოვა. ქალი თავისი ავადმყოფი მამის მოსავლელად თურქეთში გაემგზავრა. პანკისში სხვა დამატებით მისი ოჯახის შესახებ აღარაფერი გვსმენია.
"ჩეჩენი მებრძოლები და მათ შორის ახმედ ჩატაევიც, თურქეთისგან ძალიან დავალებული არიან, ამიტომ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა, როდესაც მისმა სახელმა სტამბოლის ტერაქტში გაიჟღერა.
"არ ვიცი, სინამდვილეში ის არის თუ არა "ისლამურ სახელმწიფოში", მაგრამ თუ ტერაქტის მოწყობის შესაძლებლობა ჰქონდა, ალბათ თურქეთის ნაცვლად რუსეთს აირჩევდა. როგორც ვნახეთ, თავად თურქეთი ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. ამიტომაც საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს რუსეთის მიერ წამოწყებული თამაშია, რომელშიც საქართველოს ჩათრევაც სურთ.
"ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ის ამბობდა, რომ წინა ხელისუფლებამ მხოლოდ შუამავლლად გამოიყენა, რადგანაც ტყეში მყოფ ჩეჩნებს იცნობდა და მათთან ავტორიტეტი ჰქონდა. გამოძიების მსვლელობის დროს, მისი ამ სპეცოპერაციაში სხვა სახის რაიმე ბრალეულობა არ იკვეთებოდა. ჩატაევის წინააღმდეგ სამართალდამცავებს რაიმე სახის მტკიცებულება არ გააჩნდათ," - აცხადებს ხანგოშვილი.
მისივე თქმით, 2012 წლის ლოპოტას სპეცოპერაციის დროს, დაღუპული ქისტების ოჯახის წევრებს ახმედ ჩატაევის მისამართით გარკვეული კითხვები ჰქონდათ, თუმცა მასთან ან გასაუბრება ან სხვა რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონიათ. უხუცესის თქმით, მან იმ პანკისელებს, რომლებთაც ჩატაევის მისამართით ეჭვი ჰქონდათ, ურჩია, რომ მას დალაპარაკებოდნენ და სიმართლე მისგან მოესმინათ, თუმცა კითხვები კითხვებად დარჩა და მათ ჩატაევთან გასაუბრება არ ისურვეს.
პანკისის ხეობიდან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი, რომელიც ახმედ ჩატაევის სასამართლოზე მის გათავისუფლებას ითხოვდა და პოლიტპატიმრად თვლიდა, ახლა ამბობს, რომ მას სტამბოლის აეროპორტში ჩატაევის მონაწილეობის არ სჯერა.
მისი თქმით, დღემდე ვერც ერთმა სპეც სამსახურმა ვერ დაადასტურა, რომ ის ამ ტერაქტში რაიმე სახით მონაწილეობდა. ხანგოშვილი ამბობს, რომ ჩატაევი ჭეშმარიტი და ღრამად მორწმუნე მუსლიმანი იყო, რომელიც, პირველ რიგში, ამ მძიმე მარხვის თვეებში, ასეთ სისასტიკეს არ ჩაიდენდა. ხოლო მეორე მხრივ, მას თურქეთთან კარგის მეტი არაფერი აკავშირებს. ის ჩეჩნეთის ომის დროს, ამ ქვეყანამ შეიფარა და მომაკვდავი თურქმა ექიმებმა გადაარჩინეს.
"როგორც ამბობენ, ახმედ ჩატაევი "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ის ერთ-ერთ ოპოზიციურ დაჯგუფებაშია, რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვის. მართალია, ეს დაჯგუფებაც ხალიფატის ქვეშევრდომ არმიას წარმოადგეს, მაგრამ მათ კომპეტენციაში მსგავსი სახის ტერაქტები არ შედის. ამიტომ ეს ჯგუფი რუსების წინააღმდეგ მებრძოლ ძალად უფრო მოიაზრება.
"ლოგიკურია, რომ თუ ჩატაევს რაიმე ტერაქტის მოწყობის შესაძლებლობა ექნებოდა, ის ამას არა თურქეთში, არამედ რუსეთში განახორციელებდა. რამდენადაც მე მას ვიცნობ, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ის უდანაშაულო ხალხს არ ამოხოცავდა. ის ჩეჩნეთის ომის მონაწილეა და რის წინააღმდეგაც იბრძოდა, იმავეს არ გააკეთებდა. თუ მოტივად იმას ავიღებთ, რომ ის ერდოღანზე გაბრაზდა, რადგანაც პუტინს ბოდიში მოუხადა, მაშინ თურქეთის პრეზიდენტზე თავდასხმას მოაწყობდა.
"ყველაზე აღმაშფოთებელი ჩემთვის ის ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და ყვრიან, "ოცნებამ" ტერორისტი გაათავისუფლაო. ჩატაევი სააკაშვილის ხელისუფლებამ უკრაინის ციხიდან გამოიყვანა და საქართველოში ჩამოიყვანა.
"თან თავდებში მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ. ადამიანებს თვალში ნაცარს ასე როგორ აყრიან? 2012 წელს მას წინა ხელისუფლებამ, იმისთვის, რომ დაეკავებინათ, იარაღი და "ლიმონკა" ჩაუდო. თუ ლაფანყურის საქმეში დამნაშავე იყო, მაშინ მისი ამ ფორმით დაკავება რაში სჭირდებოდათ? პირდაპირ ბრალი წაეყენებინათ," - ამბობს მექა ხანგოშვილი.
ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ჩატაევის ცოლი მას დაუკავშირდა და დახმარება თხოვა, რადგანაც თურქეთში ავადმყოფ მამასთან წასვლა სურდა და მას საზღვარზე არ უშვებდნენ. თუმცა შემდეგ დატოვა თუ არა ქვეყანა, ამის შესახებ არაფერი სმენია. ხანგოშვილის აზრით, ჩატაევის სახელის დაკავშირება ამ ტერაქტთან რუსეთს სურს, რომელსაც თავისი დაუძინებელი მტრის დასაჭერად ყველა ხერხის გამოყენება უნდა.
ქართულმა მხარემ ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება, დახურულად წარიმართოს, რადგანაც გამოძიების დროს გაიხსნება თემები - იყო თუ არა ჩატაევი აგენტი.
"თუ დაიწყება გამოძიება, ის შეიძლება, დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები - იყო თუ არა ჩატაევი აგენტი და თანამშრომლობდა თუ არა. ფაქტია, ეს ადამიანი ჩამოვიდა. ყველაფერი დევს, რომ იმწამსვე მას ბრალი შეეცვალა და გამოშვებულ იქნა. სასამართლოზე ადამიანებმა აღიარეს, რომ მას არანაირი ხელყუმბარა არ ჰქონდა და ის ჩაუდეს.
"სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ამიტომაც მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, როგორც საჭიროდ ჩათვალეს. ის ადამიანი წავიდა ევროპაში. მას ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი, როგორც მახსოვს, ავსტრიაში. წლების განმავლობაში არ ჩანდა და შემდეგ გამოჩნდა, უკვე სირიის ფაქტების შემდეგ მისი გვარის ხსენება კვლავ დაიწყო," - განაცხადა გომელაურმა.