გვანცა ღვედაშვილი
07.07.2016

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის.

"ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის," - აღნიშნა ჯონ კერიმ.

ეს განცხადება ოპოზიციამ ერთგვარ გაფრთხილებად მიიჩნია ხელისუფლების მისამართით, თუმცა მთავრობაში ასე არ ფიქრობენ.

"ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში გაფრთხილება. ეს იყო სწორედ იმის დადასტურება, რომ ყველას აქვს მოლოდინი - საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, რომელიც იქნება სამაგალითო ნებისმიერი ქვეყნისთვის," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჯონ კერიმ ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): არ მგონია, ეს გაფრთხილება იყოს. ჩემი აზრით, ეს სტანდარტული ფრაზაა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებს მიმართავენ. ამას ყველგან ამბობენ, აბა, თქვენ იცით, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდესო.

გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამას ხელის დაქნევად ჩათვლის, თუმცა მე არ მგონია, ასე იყოს. ამ ფრაზას ყველაგან იძახიან, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ მკვიდრდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ ამ მხრივ ჯონ კერის ნათქვამს.

 

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): დემოკრატია არ არის ბოლო ეტაპამდე მიყვანილი. აბსოლუტურად დემოკრატიული სახელმწიფო საქართველო არ არის. ხომ უნდა ეთქვა რაიმე არჩენებისთვისაც. ეს არის მეგობრული რჩევა.

გაფრთხილება შეიძლება გარკვეულწილად იყოს იმ მხრივ, რომ სიტუაცია არ გართულდეს იმ მდგომარეობამდე, რაც მოხდა კორცხელში. თუმცა რეალურად წინასაარჩენო პერიოდი გაცილებით სამართლიანია, ვიდრე 4 წლის წინ იყო.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  რა თქმა უნდა, გაფრთხილებაა, რათა ძალიან გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდეს ეს არჩევნები. უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც მიეჩვია ობიეტური არჩევნების ჩატარებას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს არჩევნები წესისამებრ ჩატარდეს, რათა მქონდეს განცდა, რომ იმ ხელისუფლების ჩამოყალიბებაში, რომელიც გვეყოლება, მონაწილეობა მეც მივიღე.

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ეს განცხადება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, არამედ საზოგადოებისთვისაცაა, რომელმაც უნდა გააკეთოს ზუსტი და შეძლებისდაგვარად შეუცდომელი არჩევანი. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ვის და რატომ ირჩევს.

 

 

 

 გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): არ მგონია ეს განცხადება გაფრთხილება იყოს, თუ ასეა, მაშინ ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის უნდა იყოს გაფრთხილება. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება არჩევნები, სადაც ხალხის აზრი ფიქსირდება და საერთო ნების გამოხატვა ხდება. არ მგონია, ეს ხელისუფლების მიმართ ეჭვის გამოხატვა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×