სალომე სარიშვილი
07.07.2016

 კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის, კახა ცაბაძის წინააღმდეგ ბრალდების მორიგი ტალღა აგორდა. მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე დაახლოებით თვე-ნახევრის წინ საროსკიპო იყო გახსნილი, თუმცა მისი განცხადების შემდგომ იქაურობა დაწესებულების მფლობელმა დატოვა. თავად კახა ცაბაძე კი ამას მის წინააღმდეგ აგორებულ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს და ამბობს, რომ ცილისმწამებლური კამპანია ჯერ კიდევ გასულ წლებში დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპოზიტორთა სახლის ირგვლივ გაუგებრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 წლის წინ ა/ო "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელმა გიორგი ბურჯანაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან შენობაში არსებულ პროსტიტუციაზე ისაუბრა. 2014 წლის მაისის თვეში ბურჯანაძე ამტკიცებდა, რომ აღმაშენებლის #123-ში ქალბატონები და მათ შორის არასრულწლოვნები პროსტიტუციით იყვნენ დაკავებული.

მის ამ განცხადებას მაშინ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და მუსიკალური ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ბარამ ბარამიძე, აგრეთვე კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილიც ეთანხმებოდნენ, რის გამოც გამგეობის წევრთა ნაწილმა მათ წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა, პროცესი დღემდე გრძელდება. საგულისხმოა, რომ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, კახა ცაბაძემ იმავე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტის გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა 2014 წელს ამ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

აღმაშენებლის #123-ში მდებარე გაქირავებულ ფართზე, რომელიც კომპოზიტორთა სახლის შენობაშია განთავსებული, ამჯერად მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა და კავშირის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იმავე ბრალდებებით გამოვიდა. ბრეგაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თემაზე თვე-ნახევრის წინ ისაუბრა და მას შემდეგ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში არსებული "საროსკიპო" დაიხურა.

"რამდენადაც ვიცი, მას შემდეგ ეს დაწესებულება დახურეს. შესაძლოა, ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო, რათა გაჩენილი აგრესიული ტალღა რაღაცნაირად გადააგორონ. ამ ინფორმაციის თაობაზე აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებმა პირებმა მომმართეს და მითხრეს, რომ აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. კერძოდ კი ეს ეხებოდა კომპოზიტორთა კავშირის პირველ სართულს, სადაც ერაყელები, ირანელები, სირიელები იყრიან თავს და არის სრული გარყვნილება. ჩემი განცხადების შემდგომ, იქაურობა გაასუფთავეს, ახლა რა ხდება, ვერ გეტყვით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბრეგაძე.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტი პოლიციის შენობიდან 50 მეტრში ხდებოდა, ხოლო სამართალდამცველი ორგანო დანაშაულზე თვალს წლების განმავლობაში ხუჭავდადა.

"როგორ ფიქრობთ, თუკი ამდენი ხნის განმავლობაში ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებდნენ, ახლა გამოიძიებდნენ? თქვენი გაზეთის საშუალებით ვიტყვი, რომ ასეთი დაწესებულებები რესპუბლიკის მოედნის ქვემოთაც უამრავია, წავიდნენ და ალაგმონ. ესაა გარყვნილების ბუდეები, სადაც ქართველ პატარა გოგონებს უცხოელებზე ყიდიან.

"რატომაა გახსნილი ამ შენობის პირველ სართულზე ჩილიმ ბარი ან ინდური რესტორანი? მაშინ ამიხსნან, რა შუაშია ეს ორი დაწესებულება ერთმანეთთან. სულ არ მაინტერესებს, კომპოზიტორთა კავშირში რას იტყვიან ჩემზე. მათ ეს შენობა სავაჭრო ობიექტად აქციეს და სათქმელიც არაფერი აქვთ. საერთოდ ხმას ნუ იღებენ და ნუ სპეკულირებენ, თორემ ქართველების მარში გადაჯეგავს იქაურობას.

"თუ კომპოზიტორთა კავშირში არსებულ მდგომარეობაზე თვალი დახუჭეს, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს შსს-ს უმოქმედობაში. ვეჭვობ, შსს ამ დაწესებულებების მფლობელებთან კორუფციულ გარიგებაშია. რაც არ უნდა იძახონ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება, ხალხს თვალი აქვს და ყურები," - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.ცნობისთვის, აღნიშნულ თემაზე რამდენიმე დღის წინ კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობამ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის ინიციატივით 2014 წლის ივნისში აღიძრა და დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბარამ ბარამიძისა და გიორგი ბურჯანაძის მიერ მასმედიის საშუალებით კავშირის მიმართ გავრცელებული უმძიმესი ბრალდებების გამო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობა მიზანშეწონილად მიიჩნევს კავშირის ყრილობის ჩატარებას ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ვინაიდან ყრილობაზე გამგეობის მიერ ანგარიშის წარდგენა და მის მიერ ჩატარებული მუშაობის სრულყოფილი შეფასება შეუძლებელია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, ისევე როგორც 2014 წელს, ისე ახლაც, 2016 წლის 16 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ჩასატარებლად მხოლოდ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძემ მიმართა.

ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებაში მითითებული ფაქტების ირგვლივ შესაბამისი გამოკითხვის ოქმები შედგა, რამაც დაადგინა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება არ მომხდარა. პოლიციის განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველი ორგანოსთვის სხვა მოქალაქეს არ მიუმართავს.

პოლიციის განცხადებასა და სანდრო ბრეგაძის ბრალდებებზე "რეზონანსი" კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ აგორებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ამას პოლიციის მიერ ჩატარებული მოკვლევაც ადასტურებს.

"პოლიციის დასკვნაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მათთვის ამ ფაქტის გამოძიების მიზნით სხვას არავის მიუმართავს. როგორ, წლების განმავლობაში ეს საკითხი სხვადასხვა ადამიანს აინტერესებს და სამართალდამცველ ორგანოებს არ მიმართავენ, ლოგიკა სადაა? საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს პოლიციასთან საქმე მაქვს ჩაწყობილი, ნუ რა არის ახლა ეს? ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ მესმის.

"თუკი ამას ამტკიცებენ და იმასაც ამბობენ, რომ თურმე პოლიციასთან შეკრული ვარ, მათ ხომ აქვთ მტკიცებულებები და ფაქტის დამადასტურებელი მასალები - გამოაქვეყნონ, ბატონო. გამოდის, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ ვის წინაშე ვიმართლებ თავს, ამას კი ნამდვილად ვერ ვიგებ," - უთხრა "რეზონანსს" კახა ცაბაძემ და და გასულ წლებში მის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია გაიხსენა, რომელშიც კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და მუსიკალური ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ბარამ ბარამიძეც იყო ჩართული.

"პირდაპირ გეტყვით, რომ ბარამ ბარამიძე გამგეობის მიერ კორუფციისა და თაღლითობის საქმეზე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ეს ადამიანი პირადად ჩემსა და გამგეობის წინააღმდეგ წამოვიდა და ათასი უსაფუძვლო ბრალდება გაავრცელა. ხომ შეიძლება, რაღაცას მაინც ჰქონდეს საფუძველი? მას მე კი არა, გამგეობა უჩივის, ვინაიდან სწორედ გამგეობა წყვეტს, გაქირავდეს თუ არა კომპოზიტორთა კავშირში ფართი.

"არ ვიცი, ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საზღვარი არ აქვს. ამ ყველაფერზე ჩერჩილის ერთი არაჩვეულებრივი გამოთქმა მახსენდება: სანამ სიმართლე შარვალს იცვამს, ტყუილს ნახევარი მსოფლიო შემოვლილი აქვსო," - ამბობს კახა ცაბაძე.

სასამართლო პროცესის მსვლელობაზე ჩვენ აზრი კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრსა და მუსიკალური ფონდის ყოფილ თავმჯდომარე ბარამ ბარამიძესაც ვკითხეთ. ბარამიძე ამბობს, რომ მდგომარეობა კომპოზიტორთა სახლში არც ახლა შეცვლილა და ამაში ნებისმიერი დაინტერესებული პირი თავად დარწმუნდება, თუკი საღამოს საათებში კომპოზიტორთა სახლს ეწვევა.

"სასამართლო პროცესი 2 წელია, მიდის, ეს გახლავთ თითიდან გამოწოვილი თემა, რომელიც კახა ცაბაძემ აღძრა. გაუგებარია, მე ამ თემას რატომ მიმაწება, რადგან ამ საქმეში უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე მონაწილეობდა. ეს საქმე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ჰქონდა, შემდეგ მოხდა ისე, რომ სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე დაიწყო მუშაობა, ამასობაში უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და ჩვენი პროცესი დროში გაიწელა.

"მაშინაც ვამბობდი, რომ ეს საქმე უნდა დაიხუროს, რადგან ვერ ვხვდები, ეს კაცი (კახა ცაბაძე) რაზე მიჩივის. პატივისა და ღირსების შელახვის გამო? რაც მან კავშირის შემოქმედებით წევრებს ქოქოლა დააყარა, მას შემდეგ ჩემი საუბარი არაფერს ნიშნავს.

"რაც შეეხება სასამართლოს, სხდომების შესახებ ინფორმაცია არც ფოსტით და არც ტელეფონით არ მიმიღია და შესაბამისად, მას ვერ დავესწრებოდი. ვერ გეტყვით, პოლიციამ რა თქვა და საერთოდ, რა ხდება ახლა იქ. პოლიციამ რეიდი გაუფრთხილებლად უნდა მოახდინოს და არა წინასწარი შეთანხმებით, კახა ცაბაძე კი არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციას მანამდე, პოლიციის შესვლამდე არ დაალაგებდა. ეს ჩვენი თავის მოჭრა და უზარმაზარი ლაფია, მაგრამ ამ ხალხს ვერაფერი გავაგებინეთ," - განუცხადა "რეზონანსს" ბარამ ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×