"ამ სამიტზე მეტი სიურპრიზი იქნება, ვიდრე წინაზე იყო"
თაკო მათეშვილი
08.07.2016

 ვარშავაში ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოში საკმაოდ დიდ მოლოდინს ამყარებენ, დაიწყო. ბოლო დღეების სიახლეების მიხედვით, ხელისუფლებაშიც და პოლიტოლოგთა წრეშიც აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა საგრძნობლად უნდა ამაღლდეს.

ამას კი, მათი აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას გახმოვანებული გზავნილებიც ადასტურებს და ის მემორანდუმიც, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის უკვე გაფორმდა. მიიჩნევენ, რომ ვარშავის სამიტმა მეტი სიურპრიზი შეიძლება მოგვიტანოს, ვიდრე ეს წინა ჯერზე მოხდა.

ვარშავის სამიტი

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს სამიტზე დასასწრებად ვარშავაში უკვე გაემგზავრა. გამგზავრების წინ მინისტრმა ჟურნალისტებთან სწორედ იმაზე ისაუბრა, რომ საქართველო ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით უნდა ჩამოვიდეს.

"უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვარშავის სამიტისადმი მოლოდინები ჯონ კერის ვიზიტმაც გაამძაფრა. სამიტის დაწყებამდე 2 დღით ადრე საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვან გზავნილად და მხარდაჭერად შეფასდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"ასევე გზავნილი იყო აშშ-ის მხრიდან, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე და კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ამის დასტურია ის მემორანდუმი, რომელიც გუშინ გაფორმდა", - განაცხადა ჯანელიძემ.

ვარშავის სამიტისადმი პოზიტიური მოლოდინები აქვს პრემიერსაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამიტის შედეგად არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაცული იქნება.

მისი თქმით, სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ ერთხელ დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.

"ასევე, ველოდებით დადასტურებას იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და ნატოსთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე, დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ალიანსში გაწევრიანდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პატრულირება შავ ზღვაზე

როგორც მოგეხსენებათ, ნატოს შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებით საკმაოდ კონკრეტული და ამბიციური გეგმები აქვს. ამაზე ჩვენმა გაზეთმა არაერთხელ დაწერა.

ნატოს გეგმები საქართველოს თავდაცვისუნარიანობასაც რომ აამაღლებს, ამაში თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია. მისი განცხადებით, ვარშავის სამიტზე დამტკიცებულ ნებისმიერ კონცეპტში, რომელიც შავ ზღვას შეეხება, საქართველო გათვალისწინებული იქნება. იმის მიუხედავად, საქართველო ნატოს წევრი არის თუ არა.

"ეს არის ის მიმართულება და გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ძალიან ცალსახად ვთქვით, რომ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება, არ არსებობს წარმატებული პროექტი შავ ზღვაზე, თუ მისი მონაწილე არ არის საქართველო.

"ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის, ტფეწ-მაც, ბუნებრივია, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შავ ზღვაზე ბალანსი შეიცვალა და, შესაბამისად, უსაფრთხოების გარემო შეიცვალა. შეფასებები ამ თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია თბილისში, ბრიუსელში, რუმინეთში, თურქეთში, ვაშინგტონში და ყველგან.

"თუმცა, განსხვავებები იყო იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ შეცვლილ გარემოს, როგორ უნდა ვუპასუხოთ შეცვლილ უსაფრხოების გამოწვევებს. სწორედ ეს იყო საქმე, რითიც ჩვენ დაკავებული ვიყავით მთელი წლის განმავლობაში, რომ პასუხი რაც შეიძლებოდა უფრო სასარგებლო ყოფილიყო საქართველოსთვის და რაც შეიძლება უფრო მეტად ყოფილიყო საქართველო ამ პასუხის მონაწილე", - აცხადებს ხიდაშელი.

ვარშავის შემდეგ, მისივე თქმით, დაიწყება კონკრეტული მუშაობა იმაზე, რაც შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცებასთან დაკავშირებით გადაწყდება. მინისტრი ამბობს, რომ ქართული მხარის მოთხოვნა ძალიან მარტივია - თუკი ამ უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი შავ ზღვაზე პატრულირება იქნება, მაშინ ამ პატრულირების ნაწილი საქართველოც უნდა გახდეს.

"როგორც შედიან გემები ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის პორტებში, ზუსტად ასეთივე სიხშირით, იმავე გზის ნაწილად, უნდა შემოდიოდნენ საქართველოს პორტებშიც. ე.წ. ზწკე სფდდთ, რომელიც ხორციელდება ნატოს წევრი საპორტო ქალაქებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ნატოს პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს საპორტო ქალაქებიდან.

"მონიტორინგი, რომელიც ზღვაზე ხორციელდება, უნდა იყოს სრულმასშტაბიანი და სრულფასოვანი საქართველოსთან მიმართებაშიც. შავ ზღვაზე უსაფრთხოების სურათი, რომელსაც უყურებს ნატო, რომელსაც უყურებენ ნატოს წევრი ქვეყნები, უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი საქართველოსთვის. ასევე, საქართველოს მონაცემები უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და სხვა", - დასძინა მან.

"უფრო რეალური" თავდაცვა

პოლიტოლოგები კი, ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტამდე ერთი დღით ადრე ბოლო პერიოდის სიახლეების შეჯამებით იმ "მოსავალზე" საუბრობენ, რომელიც სამიტზე შეიძლება "მოვიმკათ".

სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას აზრით, უფრო რეალური და არსებითი დახმარების პაკეტს მივიღებთ, რომელსაც ამერიკა თავის მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს აძლევს ხოლმე. ანუ, ჩვენ რეალურად მივიღებთ იმას, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლადაა საჭირო.

ამბობს, რომ შემუშავდა კონკრეტული პროექტები, რაც ამ სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ანუ, ამ შემთხვევაში, "მეტი საქმე და ცოტა ლაპარაკი იყო".

"ასე რომ, ამერიკელებმა ხაზგასმით წარმოაჩინეს, რომ ისინი საქართველოთი რეალურად არიან დაინტერესებულები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ამ ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯებია. მთავარი ისაა, თუ როგორ ურთიერთობას განავითარებს ახალი ადმინისტრაცია ჩვენთან.

"კონკრეტული შედეგები ალბათ მოლაპარაკების დაწყების მერე უფრო გამოიკვეთება. ამ ეტაპზე ჯერ ზოგადი პრინციპები შეთანხმდა. ვარშავის სამიტზე დაგეგმილის პროგნოზირება რთულია, ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა. თუმცა, როგორც ვიცი, ტერორიზმთან ბროძოლის კუთხით სერიოზული ნაბიჯებია დაგეგმილი.

"ასევე აღსანიშნავია შავ ზღვაზე თავდაცვის გაძლიერება, რამაც რუსეთის დიდი გაღიზიანება უკვე გამოიწვია. ამ სამიტზე მეტი სიურპრიზი იქნება, ვიდრე წინა სამიტზე იყო", - აცხადებს მაისაია.

ვარშავის სამიტზე შეიარაღების შესყიდვასთან, ან გადმოცემასთან დაკავშირებულ სიახლეებს არ ელის ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე. ამბობს, რომ სამიტი ასეთ საკითხებს ნაკლებად განიხილავს. იქ უფრო საქართველოს როლი, მიღწევევი და რეფორმების კუთხით წინსვლა იქნება განხილული.

ვარაუდობს, რომ ახალ სტატუსსაც შემოგვთავაზებენ, რადგან უკვე თავადაც ხვდებიან და ჩვენც უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენი გზა ნატოსკენ საკმაოდ გაიწელა - 18 წელია გრძელდება და ეს მოსახლეობაში პესიმიზმს იწვევს.

კერის ვიზიტს სალუქვაძეც ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და დასძენს, რომ ამით ვარშავის სამიტის წინ დიდი მხარდაჭერა გამოიხატა. მისი თქმით, კერი შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა და ასეთი დონის ფიგურის ჩამოსვლა მოვლენაა.

"მემორანდუმი, რომელიც ჯონ კერისა და პრემიერს შორის გაფორმდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი შესაძლებლობებს გვაძლევს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, შეიარაღებისა და ტექნიკის შეძენის თავალსაზრისით.

"სხვათა შორის, არა მხოლოდ ამერიკასთან, არამედ სხვა დასავლელ პარტნიორებთანაც, მსხვილ კომპანიებთან, რადგან თუკი ქვეყანას მსგავსი ტიპის ხელშეკრულება აქვს აშშ-სთან, მას ნაკლები პრობლემები უჩნდება ნატოს სხვა ქვეყნებთან და დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობაშიც", - აცხადებს სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×