ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ნატოს კომუნიკეზე მუშაობა არ დასრულებულა, ამიტომ დეტალებზე საუბარი უჭირს.
"ამ წუთებშიც კომუნიკეზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა. ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზეა - ამიტომ ზუსტად არ შეგვიძლია დეტალებზე საუბარი. რაც შეეხება განცხადებას, რომელზეც მქონდა პატივი მემუშავა, მეწარმოებინა მოლაპარაკება, მათ შორის თქვენს ელჩთან, არის დასრულებული.
"საქართველო უნდა ელოდოს იმას, რაც სურს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს. ეს არის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტის მიმართ. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები, რა თქმა უნდა, არის განცხადებაში. გვინდოდა გვენახა გზები, როგორ გაგვეძლიერებინა ურთიერთობა. გვაქვს არსებითი პაკეტი და ვართ იმპლემენტაციის პროცესში", - განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს.
"მაგალითად, ნატო ახდენს ყურადღების კონცენტრაციას და ფოკუსირებას შავ ზღვაზე. პროცესი ფართოვდება. იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში ნატოს სურს, დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების დაპატიჟება. იმ პარტნიორების, რომლებიც არიან შავ ზღვაში და რომლებსაც ზიანი მიადგათ", - განაცხადა აპატურაიმ.
რა სიახლეებს ელოდებით ნატოს კომუნიკესგან? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ზურა ხაჩიძე (მომღერალი): ძალიან დიდი ხანია, ქართველი ხალხი ნატოში შესვლას ელოდება, ამისთვის უამრავი მსხვერპლი გავიღეთ. ნატოს ოპერაციებში ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა, თუმცა, სამწუხაროდ, ნატოსთან დაახლოების კუთხით ნელა, კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ძალიან იწელება ეს პროცესი, აქედან გამომდინარე, ამ სამიტზეც არ ველოდები რაღაც გარღვევას, თუმცა იმედი მაქვს, რაღაც პატარა ბიძგი მაინც იქნება.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ნატოს ხელმძღვანელობა რას ამზადებს და რა აქვს მოფიქრებული საქართველოსთვის, არ ვიცი, მაგრამ, ერთი შემიძლია გითხრათ, ახლა ჩვენთვის ძალიან კარგი პერიოდია. 25 ივლისამდე თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ძირითადად დადებითი და სასიკეთო იქნება. მერე იწყება რთული პერიოდი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და იქ უკვე ნაკლებ სასიკეთო ტენდენციებს ველოდები.
ქეთი ბექაური (იურისტი): ამ კითხვაზე პასუხს პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები უფრო გაგცემენ. მე, როგორც გარედან დამკვირვებელი, განწყობა პოზიტიური მაქვს. ალბათ ძალიან ნიშანდობლივი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ. ალბათ კერი უკრაინის შემდეგ პოლონეთშიც ჩავა და, ვფიქრობ, ეს არის მესიჯი, რომ საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ხვალ შეიძლება ნატოს წევრები ვერ გავხდებით, მაგრამ დაახლოებისკენ აუცილებლად იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე