ვარშავის სამიტის პირველი დღე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით დასრულდა - ქვეყანას ალიანსის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ახლო პარტნიორი უწოდეს. სპეციალისტთა შეფასებით, ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთად, რასაც საქართველო ელის და იმსახურებს.
სამიტის პირველ დღეს საქართველოს მისამართით არაერთი საინტერესო და საყურადღებო განცხადება გაკეთდა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანების კანდიდატია და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს, ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ვარშავაში გამართულ საექსპორტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან როგორც მჭიდრო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს, ეს კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ ვმუშაობთ მასთან და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და მოვიდეს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში."ბოლო სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი და მას შემდეგ, ამ პაკეტის შესრულებაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავაგზავნეთ მრჩევლები და ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით. ეს არის ძლიერი, მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, თუ როგორ ვანვითარებთ თანამშრომლობას და როგორ ვუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, თუ საქართველო, უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, გადაწყვეტილება იქნება მისაღები მხოლოდ ამ ქვეყნის და ალიანსის წევრების მიერ. სტოლტენბერგის განცხადებით, არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს უფლება უკარნახოს მათ, თუ რა უნდა გააკეთონ.
ვარშავის სამიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგს საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ხელი უნდა შეუწყოს.
საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. მისი განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები აშშ-იც უხვად გაკეთდა. აშშ-ის სენატმა მიიღო ნატოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია "საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, ასევე, საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა".
რეზოლუციაში ხაზგასმულია ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს "ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის" როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
"ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს"
"ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს", - სტატიას ამ სათაურით კი გამოცემა ზწდშეშს აქვეყნებს.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო ნატოში წევრობისკენ უკვე 10 წელიწადზე მეტია მიისწრაფვის და ვარშავის სამიტზე მას სჭირდება გარანტია ალიანსის ლიდერებისგან, რომ 2008 წელს ალიანსმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა, თუმცა მას შემდეგ საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მცირეოდენი პროგრესი შეინიშნება, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია გადადო.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილების და იმედგაცრუების ფონზე საქართველოში, შესაძლოა, პრორუსული ძალები გაძლიერდნენ.
"ვარშავაში ალიანსის ლიდერებმა კვლავ უნდა დაადასტურონ, რომ საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება. ნატოს ძალები საქართველოში მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქვეყნის წევრობა მოამზადოს და იყოს შემაკავებელი ძალა", - ნათქვამია სტატიაში.
სამიტის პირველი დღის შეფასებისას ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ მან ისე ჩაიარა, როგორც ელოდნენ - მხარდამჭერი სიტყვებით, რომელიც რეალურ სურათს ნაკლებად ცვლის.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სტოლტენბერგის მიერ საქართველოს კანდიდატად მოხსენიებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს სტატუსი საქართველოს კარგა ხანია აქვს და რომ არა გარე ფაქტორები, რომლის გამოც ნატო გაფართოებას ერიდება, საქართველო წევრი დიდი ხნის წინ გახდებოდა, რადგან ამისთვის მზადაა.
სიახლე, სალუქვაძის განცხადებით, ის იყო, რომ სტოლტენბერგმა უკრაინასა და საქართველოს ახლო პარტნიორები უწოდა. კანდიდატები კი მას შემდეგ გავხდით, რაც ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ.
"ჩემი აზრით კომუნიკეშიც ჩვენთან მიმართებაში ისეთი ტექსტი შემუშავდება, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად სასურველ გეოპოლიტიკურ ვითარებას უნდა დაელოდოს და მოთმინებისკენ მოგვიწოდებენ.
"სხვა მხრივ კი, ვფიქრობ, საქართველოს როლი და წვლილი აღინიშნება. ჩვენ უკვე ვნახეთ კიდეც განცხადება, სადაც ჩვენი ქვეყნის ღვაწლია აღნიშნული ტერორიზმთან ბრძოლაში. ის ადამიანური რესურსი და დანახარჯი, რომელსაც საქართველო გაიღებს. ასე რომ, წინა სამიტებთან შედარებით ნაბიჯი კიდევ უფრო წინ გადაიდგმება, მაგრამ ის, რასაც ნატო ერიდება, გარე ფაქტორებია", - აცხადებს იგი.
სპეციალისტის თქმით, ამით ერგვარად აღიარებული იქნება ის, რომ რეალურად პრობლემა საქართველოში კი არა, ნატოსა და გეოპოლიტიკაშია და რომ საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.
"როგორც ვიზალიბერალიზაციაზე არ ყოფილა საქართველოს მიმართ არანაირი პრეტენზიები, ასევე არაა ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც. აქცენტი მხოლოდ გარე ფაქტორებზე კეთდება", - დასძენს იგი.
მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანიც და ამბობს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბარი საერთოდ აღარაა. მისი თქმით, არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა ნატომ თავის რიგებში გაცილებით ნაკლებად მომზადებული ქვეყნები მიიღო.
ამბობს, რომ მართალია ნატო სამხედრო ორგანიზაციაა, მაგრამ მასში გასაწევრიანებლად პოლიტიკური მდგომარეობა და გადაწყვეტილება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც სწორედ ეს - "პოლიტიკური ფაქტორი მუშაობს".
"ფაქტია, რომ საქართველო ალიანსთან ურთიერთობაში წინ მიიწევს და ქვეყანა ნატოს მხრიდან უსაფრთხოების მეტ გარანტიას იღებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთგვარი შეფასების მომენტი დგება და დასახულ მიზანს, რასაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ჰქვია, აუცილებლად მივაღწევთ.
"ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ნატო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანხვედრაში, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოს უსაფრთხოების მეტ გარანტიას აძლევს", - აცხადებს კიკიანი.
თორნიკე შარაშენიძე (პოლიტოლოგი): "კანდიდატისა და ახლო პარტნიორის სტატუსი კარგია, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. ვნახოთ, რა მოჰყვება ამას კონკრეტულად. ხან კანდიდატი გვეძახონ, ხან გაფართოებული პაკეტი მოგვცენ, ეს ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვინდა და სამუშაოც ამ მხრივაა".