ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა მისიის გაგრძელებას.
"ნატო-ს წევრი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვალდებულება ასაღებია 2020 წლამდე. ბუნებრივია, თუ ყველაფერი კარგად იქნება ავღანეთში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისიის შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად და ღიად დაადასტურა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში ამ მისიის დასრულებამდე," - განაცხადა თინა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ნატო-ს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს პარლამენტის რატიფიკაცია.
გენერალური შტაბის უფროსმა კი განაცხადა, რომ ავღანეთის მისიაში საქართველო ჯერჯერობით აქამდე განსაზღვრული ამოცანებით იმავე რაიონებში რჩება.
ვარშავის სამიტზე ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
უჭერთ თუ არა მხარს, რომ საქართველომ გააგრძელოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, ძალიან მტკივნეული და საშიშია, როცა ქართველები მონაწილეობენ ავღანეთის ოპერაციაში, რადგან დაზღვეულნი არ ვართ საფრთხისგან. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ მომხრე ვარ. მაგრამ, თუ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მივუდგებით, აუცილებელია, რადგან თუ ჩვენ გვინდა ინტეგრირება იმ სივრცესთან, რომელსაც დასავლეთი ჰქვია, ეს აუცილებელია.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): მე ვარ პაციფისტი და მშვიდობის მომხრე მსოფლიოში. თუმცა, იცით, რა არის?! ამ საკითხზე მე არავინ მეკითხება არაფერს. პარლამენტში რომ ვიყო, ნამდვილად ვიფიქრებდი, თუმცა ამ შემთხვევაში არავინ მეკითხება და დიდად არ ვფიქრობ ამ საკითხზე.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): ჩემი აზრით, დღეს საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვისი ტერიტორიები დაიცვას და სხვისთვის იბრძოლოს. დღეს იმდენი რამ გასჭირვებია ჩვენს ქვეყანას და ისეთ დღეშია, მზად როგორ უნდა ვიყოთ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად... ჩვენი თავი ვერ დაგვიცავს.
გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გააგრძელოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო საქართველოსთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა გვაჩენს საერთაშორისო სივრცეში და მნიშვნელობას გვანიჭებს ჩვენ. ეს ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც საქართველომ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს და თუ ძალიან პრორუსი არ ხარ, მგონია, რომ ამის საწინააღმდეგოდ არ უნდა გქონდეს არაფერი.
ეს არის გამოცდილება, პროფესიონალიზმის დახვეწა და ძალიან პატრიოტული აქტი. ამასთან, სამშვიდობო მისიებში საქართველოს სახელით გავდივართ და არა სხვა რომელიმე ქვეყნისა, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე