ნატოს ვარშავის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში დაგმობილია რუსეთის სამხედრო გაძლიერება ყირიმის ნახევარკუნძულზე, ალიანსის შეშფოთებას იწვევს რუსეთის ძალისხმევა და უკვე გაცხადებული გეგმები მთელ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო დასწრების გაძლიერების შესახებ. თავის მხრივ საქართველო ნატოს შავი ზღვის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რაც, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის აზრით, ნატოს კარიბჭის გასაღები შეიძლება გახდეს.
სამიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ რუსული საფრთხის საპასუხოდ ალიანსმა გაააქტიურა სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში, მიმდინარეობს საჰაერო სივრცის პატრულირება, ნატოს ხომალდები იმყოფებიან საზღვაო აკვატორიაში.
რაც შეეხება ნატოს სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების განლაგების გეგმებს, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხედრო დაგეგმარების ექსპერტების მიერ საკითხის შესწავლისა და წინადადებების შემუშავების შესახებ. შემოდგომაზე სწორედ მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებაში საუბარია ე.წ. "სამი ზღვის უსაფრთხოების" პარაგრაფებში, რომლებიც ბალტიის, ხმელთაშუა და შავი ზღვების უსაფრთხოებას ეხება.
"ამ სეგმენტში საქართველო სრულფასოვანი მონაწილეა. კომუნიკეში გამეორებულია და დადასტურებულია ის, რაც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ სხდომაზე უკვე ითქვა, რომ საქართველო ამ უსაფრთხოების სისტემის თანამონაწილე იქნება.
"ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მიღწევა," - მიაჩნია მინისტრს."შავი ზღვის პლატფორმაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი ორი სახელმწიფო, რომლებიც, ამასთან, შავი ზღვის აუზის ქვეყნები არიან. ეს არის ჩვენი გასაღები, ჩვენი ჭიშკარი ნატოში. ამიტომაა, რომ ჩვენ ასეთი დიდი ყურადღება დავუთმეთ ამ კონკრეტულ მიმართულებას, რათა საქართველო გამხდარიყო ამ პროცესის თანამონაწილე, რასაც მივაღწიეთ კიდეც," - განუცხადა "მთელ კვირას" ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის აზრით, ის, რომ საქართველოს არ ჰყავს საზღვაო ფლოტი, არ წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს.
"ჩვენ ფლოტი არ გვყავს, მაგრამ ჩვენ გვყავს სანაპირო დაცვა, რომელიც საკმაოდ ძლიერია და ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე, ჩვენ გვყავს სპეციალური დანაყოფები სპეციალურ ოპერაციულ ძალებში. მაგრამ იმას, რაზეც დღეს არის საუბარი, არ სჭირდება ყველა ქვეყანაში ფლოტი და საზღვაო ძალები," - აცხადებს იგი.
"მთელი იდეა, რაზეც არის საუბარი მხარდაჭერის პაკეტში აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეფექტურად იქნეს გამოყენებული ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს და იმ ფორმატით, რომლითაც არსებობს. ურთიერთთავსებადობის სამიტზე სწორედ ამაზე გავამახვილე მონაწილეთა ყურადღება ჩემს გამოსვლაში.
"ვიღაცას კარგი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქვს, ვიღაცას კარგი ფლოტი ჰყავს და ვიღაცა კარგ არტელერიას ფლობს. ბატალიონების განლაგება აღმოსავლეთ ევროპასა და პოლონეთში სწორედ ამის კარგი მაგალითია. ნატომ ის კი არ შესთავაზა მათ, დაამატეთ ბატალიონებიო, არამედ სადაც უჭირდა პოლონეთს, იქ დაეხმარა და იქ ჩადგა მის სამსახურში.
"თუ ნატო არის ერთი ორგანიზაცია, მაშინ რესურსების მობილიზება და ადეკვატური დისტრიბუცია უნდა მოხდეს, ზუსტად ამას აკეთებს ნატო.
"და შავი ზღვის პლატფორმაც, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ პრინციპებს დაეყრდნობა. ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, კონკრეტული საქმე ხვალიდან და ზეგიდან იწყება.
"ახლა უნდა გაეცეს პასუხი, როგორ, რა პირობით უნდა გაკეთდეს ე.წ. "საგზაო რუკა". ჩვენ ვიცით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება უნდა დავიცვათ - ნატომ განაცხადა, რომ ეს არის მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი. თავდაცვის მინისტრების საშემოდგომო მინისტერიალზე პირველადი მონახაზები უკვე უნდა არსებობდეს," - ოპტიმიზმი ვერ დამალა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელი, ასევე, არანაკლებ მნიშვნელობას ალიანსთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ანიჭებს.
"ჩვენი ამოცანა ნატოს სისტემაში სრულად ჩართვა და ინფორმაციის სრულყოფილი გაცვლაა. ამ ეტაპზე ამაზეა საუბარი. თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მარტო ცის ყურება არ არის. აქ არის თემები, რომლებზეც დღეს ღიად და საჯაროდ საუბარი შეუძლებელია," - აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიღებას, ეს პროცესი 2017 წლიდან დაიწყება.
ქართველი ოფიცრების მომზადების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია, 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საფრანგეთში გადის მომზადებას, ფრანგი სპეციალისტები კი საქართველოში იმყოფებიან. საქართველო შეძენილი სისტემის მისაღებად მზად წლის ბოლოსთვის იქნება.