ლიკა ამირაშვილი
12.07.2016

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პირადად გამოეხმაურა. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ის თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე ის და პრემიერ-მინისტრი თავად ჩამოყალიბდებიან.

"თანამდებობიდან დატოვების საკითხზე განმარტება ბევრჯერ მაქვს გაკეთებული, ამიტომ არ ვაპირებ თქვენთან ასეთ ფორმატში საუბარს. აღარ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გითხრათ - დილა იწყება ამით, ღამე მთავრდება ამით. როცა მე და პრემიერი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ერთად გაიგებთ. კალენდარზე მე და პრემიერი ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გუშინ პარლამენტში ფრაქცია "რესპუბლიკელების" გაფართოებული სხდომა მიმდინარეობდა, განხილვის თემა სავარაუდოდ პარტია "რესპუბლიკელების" სამომავლო გეგმებია.

გავრცელებული ინფორმაციით, "რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობების დატოვებას ვარშავის სამიტის შემდეგ გეგმავდნენ. ცნობისთვის, ვარშავის სამიტი 8-9 ივლისს ჩატარდა.

"რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით პარტია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

როგორ ფიქრობთ, უნდა გადადგნენ თუ არა "რესპუბლიკელი" მინისტრები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, "რესპუბლიკელი" მინისტრები უნდა გადადგნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ამას კონსტიტუცია და წინასაარჩევნო პირობები ითვალისწინებს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

ამაში ტრაგედია არაფერია. არჩევნებში შესაბამის ხმებს თუ მიიღებენ, და კოალიციური მთავრობა შეიქმნება, ისევ მინისტრები გახდებიან. ეს არის დემოკრატიისკენ ჩვეულებრივი წინ გადადგმული ნაბიჯი.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  აუცილებლად უნდა გადადგნენ. ისინი დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ და რაც უფრო მალე გადადგებიან, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, მათ პროვოკაციები აწყობთ და ამისთვის არიან დაგეშილები. რაც მეტხანს დარჩებიან თანამდებობებზე, მითუკეთესი მათთვის და მით უარესი ქვეყნისთვის.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): კი არ უნდა გადადგნენ, ისინი პრემიერ-მინისტრმა უნდა გაათავისუფლონ, ასეთი რაღაც არ გამიგია და მსმენია, რომ პარტია ამ ბლოკს გამოეყო და მინისტრებად რჩებიან.

პრემიერ-მინისტრმა უნდა გაათავისუფლოს და თავის გუნდში უნდა მოძებნოს მათი შემცვლელი. თუ მათი შეცვლის რესურსი არ აქვს, რომ სამი მინისტრი შეცვალოს, მაშინ ეს პარტია არჩევნების მოგებას და ქვეყნის გაძღოლას როგორ აპირებს?

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  თუ მინისტრად დარჩენა ან თუნდაც მინისტრად დანიშვნა ცალკეული მინისტრების სურვილზეა, მაშინ საქართველოს, როგორც სერიოზული სახელმწიფოს არსებობაში, მე ხომ ისედაც ეჭვი მეპარება, ამ შემთხვევაში არაფერს ამ ქვეყნად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია.

რადგან კოალიცია დაიშალა და არჩევნების თარიღი ახლოვდება, ამას ელემენტარული საარჩევნო კანონი მოითხოვს, რომ ვინც კენჭს იყრის, თავიანთი პოსტებიდან უნდა გადადგნენ.

თუ ხელისუფლებას იმდენი თავი არ აქვს (სხვა ადგილი კინაღამ წამომცდა), რომ "რესპუბლიკელ" მინისტრებს უთხრას, მადლობა თქვენი სამსახურისთვის, ახლა კი კანონის თანახმად უნდა გადადგეთო, ისინი არასოდეს არ გადადგებიან.

ერთადერთი კაცი ვიცი, რომელიც თანამდებობიდან თვითონ გადადგა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა, ჩემს საკმაოდ ხანგრძლივ ცხოვრებაში პირი, რომელსაც საკუთარ თანამდებობაზე უარი თავად ეთქვა, არათუ არ მახსოვს, არამედ არც გამიგონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×