ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მართავს აქციას სახელწოდებით "სასამართლო მურუსიძეების გარეშე". აქციის მიზანია, საბჭოს მოუწოდოს, არ გაუხანგრძლივოს ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილს.
ხატიაშვილის თქმით, ისინი ლევან მურუსიძის მეგობრები არიან და მის მსგავსად, წინა ხელისუფლების დროს არაერთი სკანდალური გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.
მოგეხსენებათ, "ქართული ოცნების" პარლამენტის სიით არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახაბერ სოფრომაძემ, თავის დროზე, ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
ხატიაშვილი სწორედ მათ მიმართავს და მოუწოდებს, რომ ალანიასა და გაბინაშვილის შემთხვევაშიც ასე არ მოიქცნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სასამართლო სისტემა ჭაობში კიდევ დიდი ხნით დარჩება.
ზაზა ხატიაშვილი: ვაპირებ სასამართლო სისტემაში ახალი მურუსიძეების დანიშვნა გავაპროტესტო. მოგეხსენებათ, გასაუბრება გაიარეს და ხვალ კენჭს უყრიან იუსტიციის საბჭოს ორ, სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიუღებელ წევრს - თამარ ალანიას, რომელმაც გვანცა ყუფარაძე გაასამართლა და მერაბ გაბინაშვილს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი იყო. იგი მურუსიძეების სამეგობროს ერთ-ერთი წარმომადგენელია.
ასევე, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლედ სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიუღებელი ისეთი ფიგურების განმწესებას უყრის კენჭს, როგორებიც არიან თამაზ ურთმელიძე, გირგვლიანის მოსამართლე გიორგი ჩემია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი მამია ფხაკაძე, ჯემალ კოპალიანი და ა.შ.
თუ გახსოვთ, როცა მურუსიძეს წინააღმდეგ აქციები დავიწყე, რათა იგი ამ თანამდებობაზე არ დანიშნულიყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ჩაატარეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ისინი ლევან მურუსიძეს მხარს უჭერენ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია ასეთ პრეცედენტს ადგილი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს ფარულ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციაზე ეთქვათ, თუ ვის აძლევენ ხმას.
ჩემს აქციებს მაშინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მთელი ოპოზიციური სპექტრი გვერდში დამიდგა. ამიტომ, გამოვარდა ის გულბოროტი კაცი - ივანიშვილი და განაცხადა მურუსიძე მსხვერპლია და თავი დაანებეთო.
"რ": გულბოროტი?
ზ.ხ: აგიხსნით, თუ რატომ ვუწოდებ მას გულბოროტს - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ სულხან მოლაშვილი დამარხეს. მოლაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე სწორედ ლევან მურუსიძე იყო და როცა უზენაეს სასამართლოში მან სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, ერთადერთი წესიერი მოსამართლე, ნუნუ კვანტალია მას არ დაეთანხმა, რაც ამ ქალბატონის უზენაესი სასამართლო სისტემიდან გაშვების საფუძველი გახდა. კითხვას ვსვამ - ბიძინა ივანიშვილისგან წამებულად შერაცხული ლევან მურუსიძეა მსხვერპლი თუ ნუნუ კვანტალია, რომელიც გააგდეს? ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დაწყებული საქმე გააგრძელა.
"რ": ფიქრობთ, რომ ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია თქვენ მიერ გაკრიტიკებული მოსამართლეების ვადის გახანგრძლივებასაც დაუჭერენ მხარს?
ზ.ხ: მაშინ, როცა პროტესტმა შეუქცევადი სახე მიიღო, გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ განცხადება გაავრცელეს - ჩვენ ვიცოდით, რომ ლევან მურუსიძეს არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ მაინც მხარი დავუჭირეთ, რადგან სასამართლო სისტემაში კოლაფსი მოხდებოდაო.
ჩემი ინფორმაციით, ეს ხალხი თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილისთვისაც მხარის დაჭერას აპირებს. არადა, თუ ასე არ მოიქცევიან, ამ ადამიანების დანიშვნას მოსამართლე წევრების ხმა არ ეყოფა. ამიტომაც მივდივარ აქციაზე - ახლა მაინც რითი გაიმართლებენ თავს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე? ამ ადამიანების დანიშვნა ჭაობში მყოფი სასამართლო სისტემის პირობებში კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა იქნება.
თუ ეს ხალხი არ დაინიშნა, შესაძლებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს და ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ "ქართული ოცნების" სამმა წევრმა - გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ მათ ხმა არ მისცენ. თუ ხმა მისცეს, წინასაარჩევნოდ ეს იმის აღიარება იქნება, რომ "ოცნებამ" მურუსიძეს სრული კარტ-ბლანში მისცა. ივანიშვილი მოსვლამდე იძახდა, ყველაფერს შევცვლიო, რეალურად მან სააკაშვილის საქმე გააგრძელა და მურუსიძეების სასამართლო მოგვცა.
საქართველოში ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ სასამართლო სისტემა მურუსიძეებმა უნდა მართონ. მე დავრჩი ერთი, ვინც ამის წინააღმდეგ იბრძვის და საზოგადოებასაც მოვუწოდებ, ამ პროცესს არ შეეგუონ. არჩევნები მოდის და ძალიან მაინტერესებს, მოვა დღევანდელ აქციაზე თუ არა ის ხალხი, ვისთვისაც ლევან მურუსიძე მიუღებელია?! რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრია იგი და ზოგადად არის თუ არა რომელიმე პარტიაში.
"რ": თქვენი აზრით, რა დაინტერესება აქვს ივანიშვილს და ზოგადად, "ქართულ ოცნებას"?
ზ.ხ: "ოცნების" არაფორმალურმა მმართველმა, ივანიშვილმა ამას წინათ ინტერვიუში თქვა, "ოცნების" რეიტინგი 35%-მდეა დაცემული და ამის მიზეზი "რუსათავი 2"-ის საქმეაო. თუ იგი ამბობს, რომ პარტიის რეიტინგი 35%-მდეა დაცემული, სავარაუდოდ არჩევნების მოგება უნდა გაუჭირდეს. იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს, ისეთი მოსამართლე სჭირდება, რომელიც შავზე იტყვის, რომ თეთრია.
მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ საარჩევნო დავების დროს ბოლო ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატაა. ლევან მურუსიძე კი სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში დაინიშნა. ჩემი აზრით, ხელისუფლება მურუსიძეს სათადარიგო ვარიანტად განიხილავს, თუ დაინახავს, რომ არჩევნები ვერ მოიგო და საქმე სასამართლო დავამდე მივიდა.
არადა, ვფიქრობ, რომ "ოცნებას" "რუსთავი 2"-მა კი არა, ასეთმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დაუგდო რეიტინგი. ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმის გამობრძმედილ კადრებს დაეყრდნო. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებდა და ივანიშვილიც ხელისუფლების შენარჩუნებაზე წავიდა და ამისათვის მას ის კადრები სჭირდება, რაზეც სააკაშვილის რეჟიმი იდგა.
ვინმეს დასჯილი უნახავს პროკურორები, რომელთა ვიზიტის შემდეგაც მოქალაქეები "კეთილი ნებით" მთელ ქონებას სახელმწიფოს გადასცემდნენ ხოლმე? პირიქით, დააწინაურეს. პოლიტპატიმრის სტატუსით ხალხი გამოუშვეს და მათი დამკავებელი პროკურორები კი ისევ სისტემაში არიან. ბევრი დააწინაურეს კიდეც.
აქედან გამომდინარე, ჩანს, თუ რაში სჭირდებათ ეს ხალხი - იმაში, რომ მათ ის გააკეთონ, რასაც სააკაშვილის რეჟიმისათვის აკეთებდნენ. ამ ხალხზე კომპრომატები არსებობს და ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. წესიერ ადამიანს ვერაფერს გააკეთებინებენ.
"რ": თანამოაზრეები თუ გყავთ?
ზ.ხ: პრეზიდენტი ძალიან იბრძვის იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იყოს. არაერთხელ მიუთითა, რომ მისთვის მურუსიძეების სასამართლო მიუღებელია. ამის გამო მურუსიძეებმა პრეზიდენტი გაკიცხეს კიდეც და განცხადება გაავრცელეს. თურმე მას უფლება არ აქვს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს შეფასება მისცეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატებიც აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ ხმა ლევან მურუსიძეს მისცეს. აი, აქ გამოჩნდა ივანიშვილის ბოროტებაც - ის რომ ამ ყველაფერში არ ჩარეულიყო, საზოგადოების ზეწოლის შედეგად მურუსიძე სასამართლო სისტემიდან ალბათ წავიდოდა.
მან კი მურუსიძეს მსხვერპლი უწოდა და ყველა დეპუტატმა, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ მისთვის მურუსიძე მიუღებელი იყო, პირში წყალი ჩაიგუბა. ივანიშვილს ხომ ვერ დაუპირისპირდებოდნენ? ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ადამიანმა სამოქალაქო საზოგადოებას დიდი სიბოროტე გაუკეთა - რასაც მას სამართლიან სასამართლოზე ჰპირდებოდა, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა.