თაკო მათეშვილი
15.07.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი წინასაარჩევნო პერიოდსა და პარტიების მიერ გააქტიურებულ კამპანიას აფასებს და ამბობს, რომ პარტიებიცა და მედიაც ამ პროცესს აქტიურად, დიდი მონდომებით აშუქებენ, მაგრამ მისი აზრით, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს.

იგი პოლიტიკოსებსაც და მედიასაც ზომიერების დაცვისაკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ თავმობეზრებულმა მოსახლეობამ არჩევნებს საერთოდ ბოიკოტიც კი გამოუცხადოს.

სოსო ცისკარიშვილი: უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების სტარტი საკმაოდ აქტიური, ინფორმატიულია. წინასაარჩევნო სიტუაცია ქვეყანაში თანდათან მძაფრდება და ეს მოსახლეობაში სათანადო ინტერესს ნამდვილად არ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მედიასივრცე პრაქტიკულად ერთიდაიგივე თემებითაა დახუნძლული და ინფორმაციის 80% სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს ეხება, არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეს პროცესი საინტერესოა.

ინფორმაციის ასეთი ინტენსიური მოწოდებით, რასაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ტელევიზია, პრესა თუ ინტერნეტსაშუალებები გვთავაზობენ, ვშიშობ, რომ ოქტომბრამდე მსმენელს, მაყურებელსა და მკითხველს არ შერჩება შესაბამისი ენთუზიაზმი იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა აქტიურად მიიღოს.

ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს. მედიასაშუალებებმა უნდა შეზღუდონ მუდმივად ამ თემაზე საუბარი. ეს ჩვენი გაღარიბებული ამომრჩევლისათვის მხოლოდ ნეგატიური განწყობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

თავად მიმდინარე პროცესს რაც შეეხება, რასაკვირველია, იგი საინტერესოა პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებული ამომრჩეველთა უმცირესობისათვის. ანუ, ასეთი თემებით დაინტერესებული ადამიანების კონტინგენტი, რა თქმა უნდა, არსებობს. მათ ალბათ უკვე შეაფასეს საკუთარი მიდგომები იმ ყოველივესთან მიმართებაში, რასაც ვისმენთ, ვხედავთ და ვკითხულობთ.

"რეზონანსი": რაიმე განსაკუთრებულ მოულოდნელობას თუ ჰქონდა ამ დროისთვის ადგილი?

ს.ც: განსაკუთრებული მოულოდნელობანი არ არის. ჩვენ ვიცოდით, რომ რესპუბლიკურ პარტიას მოუხდებოდა მომავალი პარლამენტის სავარძლებისთვის ინდივიდუალურად ებრძოლა. ისიც არ იყო მოულოდნელი, რომ მათი მინისტრები თანამდებობებს დატოვებდნენ.

არც ისაა უპრეცედენტო ფაქტი, რომ ერთ-ერთი მათგანი, უფრო დიდი პრაგმატიკოსი, სახელისუფლებო პარტიისაკენ ინაცვლებს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის შესაძლებლობას ინარჩუნებს. არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულად საძრახისია, რადგან თავად რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის ურთიერთობა სრულიად მშვიდია.

"რ": შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, რა არის ის მაქსიმუმი, რასაც რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებზე შეიძლება მიაღწიოს, რამდენად მძლავრი სტრუქტურა აქვთ მათ რეგიონებში?

ს.ც: ჩემთვის ცნობილია, რომ "რესპუბლიკელების" პარტიული ინფრასტრუქტურა რეგიონებში საკმაოდ გაძლიერებულია. საკმაოდ წინდახედული პოლიტიკური ძალისგან ეს მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალე 40 წლის გახდება, რაც ეს პარტია არსებობს. ამ ვადასთან შედარებით ძალიან მცირეა ის წლები, რაც ხელისუფლებაში გაატარეს.

ისინი ძალიან მიმზიდველი ძალის წარმომადგენლები არიან, რომელთაც ნებისმიერი ხელისუფლებისათვის აკადემიური და ამავდროულად მწვავე ოპონირება ხელეწიფებათ. ვნახოთ, ისევე აქტიურად იბრძოლებენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად თუ თავს უმცირესობაშიც კომფორტულად იგრძნობენ.

ასეა თუ ისე, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს რესპუბლიკური პარტიის საქმიანობა ნამდვილად სჭირდება. გავიზიარებდი სოსო ცინცაძის მოსაზრებას, რომელიც მან თქვენი გაზეთის საშუალებით გააჟღერა - რესპუბლიკური პარტიის ქმედება და აზროვნება ამომრჩევლის მზადყოფნასთან საკმაოდ წინმსწრებია.

შემთხვევითი არაა, რომ ეს პარტია ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისთვის საკმაოდ საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ რა სტატუსიც უნდა ჰქონდეთ მათ 8 ოქტომბრის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური ძალებისათვის ისინი ძალიან სანდო და საინტერესო პარტნიორები იქნებიან.

ასეა თუ ისე, როგორც ვიცი, საბურთალოელებს მიეცემათ საშუალება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მათი მაჟორიტარი დავით უსუფაშვილი. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ სრულიად საფუძვლიანი კითხვა დაიბადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკური სენი შეეყარა საბურთალოს.

"რ": როგორი აფასებთ უსუფაშვილის მოღვაწეობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტსზე?

ს.ც: დღევანდელი საქართველოს ხელისუფალთა სამეული - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მერწმუნეთ, ბევრი ჩვენზე განვითარებული ქვეყნის მოსახლეობისათვის სანატრელია. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები ვართ და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ სამ ადამიანს, პიროვნულად, არჩევნების გზით, ძალიან ძნელია შემცვლელები ვუპოვნოთ.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელისუფალთა ამ ტრიოს პირობებში ძალიან მაღალ სტანდარტს შევეჩვიეთ და რასაკვირველია, დასანანი იქნება თუ შესაბამისი არჩევნების შედეგად ისინი მარტივად დაემშვიდობებიან არა საკუთარ სავარძლებს, არამედ მათ მიერ განებივრებულ მოსახლეობას.

"რ": თუმცა ოქტომბრიდან მოგვიწევს პარლამენტის თავმჯდომარეს შეველიოთ. თქვენი აზრით, აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" იმის რესურსი, რომ იგი იგივე წონის მქონე პოლიტიკოსით ჩაანაცვლოს, თუკი, რა თქმა უნდა, არჩევნებში გაიმარჯვებს?

ს.ც: შეიძლება ბევრ ჩემ კარგ ნაცნობს გული დავწყვიტო, რომელთაც თავი ახალი პარლამენტის სპიკერად ეგულება, მაგრამ უსუფაშვილზე უკეთეს კანდიდატურას პარლამენტის სათავეში დღეს მე ვერ ვხედავ. თუმცა შეუცვლელი არავინააო - ასეთი გამოთქმა არსებობს და რასაკვირველია, იქნება იმის მცდელობა, რომ ახალი კანდიდატითაც კმაყოფილები დავრჩეთ.

მისი ნამდვილად არ მშურს, რადგან ჩვენი პარლამენტის სპიკერობის სტანდარტი ძალიან მაღალია. ცხადია, თუ ეს რომელიმე ახალბედა პოლიტიკოსი იქნა, უთუოდ სერიოზულ სიძნელეებს წააწყდება.

"რ": "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეების დიდი ნაწილის ვინაობა ცნობილია. თქვენი აზრით, რა გათვლები აწარმოეს პარტიებმა და რა უპირატესობები აქვთ მათ ერთმანეთთან შედარებით?

ს.ც: გარკვეული საერთო ხედვა იკვეთება. საინტერესოა, რომ "ქართული ოცნება" იყო პირველი, რომელმაც სააკაშვილის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა და ახალი სახეებიდან 50%-ზე მეტი მანდილოსანი წარმოადგინა. აქამდე მეგონა, რომ ეს დავალება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის იყო, მაგრამ როგორც ჩანს, იგი "ოცნებამაც" სიამოვნებით აიტაცა. შედეგად, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პარტიაში არავისზე ნაკლები ქალბატონების მომგროვებელნი არ არიან.

კი ბატონო, შესაძლოა, პარლამენტში მანდილოსნების რაოდენობა 70-80%-იც გახდეს, მაგრამ კანდიდატებს მარტო სქესის და არა მათი უნარ-ჩვევების, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით ვარჩევთ?

ყველანაირ გაუგებრობაზე შეიძლება საუბარი, თუკი პარლამენტარობის მთავარი საფუძველი სქესი იქნება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მანდილოსნებს შეურაცხყოფთ, რომელთაც ჩვენი მომავლისადმი არანაკლებად სწორი ხედვა, ნიჭი და უნარი გააჩნიათ, ვიდრე მამაკაცებს. დიახ, ისინი უფრო მეტნი უნდა იყვნენ, ვიდრე ახლა არიან, მაგრამ ეს არ შეიძლება უპირველესი არჩევის მიზეზი გახდეს.

"რ": ანუ, ფიქრობთ, რომ "ოცნებამ" წარმოდგენილი ქალბატონი კანდიდატები სქესის მიხედვით შეარჩია და არა მათი პროფესიონალიზმისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე?

ს.ც: ამას ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რადგან წარმოდგენილი ქალბატონებიდან მხოლოდ ორს ვიცნობ და ორივე ღირსეულია. ქალბატონ ჩუგოშვილსა და ქალბატონ ჯაშს ვგულისმობ. ისინი ჩვენს საზოგადოებას საკუთარი აქტიურობით დაამახსოვრდა.

ამ სიაში ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყო კი ქალბატონი ჩუგოშვილი გახლავთ, რომელმაც ღირსეულად, უაღრესი პრინციპულობით განვლო წლები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას ამ თანამდებობაზე მყოფი არც წინა მანდილოსნები ჩამოუვარდებოდნენ და არც შემდეგ მყოფი მანდილოსნები.

ასე რომ, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს მოვიძიოთ ის ქალბატონები, რომლებიც სქესით კი არა, მაღალი პროფესიონალიზმით დააბალანსებენ ერთმანეთთან შესაძლო დაპირისპირების მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი მანდილოსანი რომ ყოფილიყო დღევანდელ პარლამენტში, ვიდრე ახლაა, ოთხი წელი მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის მიერ ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში არ გაივლიდა. ჩვენ ოთხი წელი წარსულის ძაგებაში გავატარეთ და მომავლის გეგმის არცთუ საფუძვლიანი წარმოდგენებით აღმოვჩნდით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×