კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აბუ ომარ ალ-შიშანის სიკვდილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დანაკლისია. მისი თქმით, მის გარეშე ტერორისტებს საკვანძო ქალაქების, მოსულისა და რაქას დაცვა გაუჭირდებათ. ასევე ხალიფატს ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც გაუძნელდება. მართალია, მის შემცვლელს მაინც მოძებნიან, მაგრამ ახალი თაობა, რომლიც გარდაცვლილი ლიდერების ადგილს იკავებს, განსაკუთრებული სისატიკით და აგრესიით გამოირჩევა.
კავკასიოლოგი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ სისხლიან ტერორისტულ აქტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას "ფსევდოტოლერანტობა" და ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად უჯდება. ამიტომაც ყველა ევროპულმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ხალიფატის მხრიდან საფრთხის რისკი კიდევ უფრო გაზრდილია და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს.
"რეზონანსი": ვნახეთ, რომ გუშინწინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა კვლავ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ევროპა ვეღარ ახერხებს, რომ მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს?
მამუკა არეშიძე: ფრანგულ სპეცამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მანქანით ტერორისტული აქტი ნამდვილად იგეგმებოდა, თუმცა არ იცოდნენ, როგორი ფორმით მოხდებოდა. ყველას ეგონა, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით იქნებოდა. ისინი ამ ინფორმაციას 10 დღით ადრე ფლობდნენ. თუ ევროპულმა ქვეყნებმა თავისი მიდგომა უსაფრთხოების სისტებასთან დაკავშირებით არ შეცვალა, არაფერი არ გამოვა.
ის ფსევდოტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა, რომლიც ევროპაში არსებობს, მათთვის უკვე დამღუპველია და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად უჯდებათ. დააკვირდით, ბოლო დროს რამდენი სისხლიანი და მასშტაბური ტერაქტი მოხდა. უამრავი ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთის ხელისუფლება ფრანსუა ორლანდის ხელმძღვანელობით ბაქიბუქის მეტს არაფერს აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინა ტერაქტების გამო დღემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დაცვის გაძლიერებული სისტემები არ ამუშავებულა. ამის მიზეზი კი ის ფსევდოტოლერანტობაა, რომელიც უკვე ვახსენე. ამ ფონზე საქართველოც ფრთხილად უნდა იყოს - ჩვენც თუ ევროპის მსგავს ტაქტიკას ავირჩევთ, ჩათვალეთ, საქართველოშიც იგივე მოხდება.
"რ": როგორც ცნობილი გახდა, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, ლიკვიდირებულია და ეს თავად ხალიფატმაც დაადასტურა. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ კავკასიაში პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს?
მ.ა: შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის, სიკვდილი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დანაკლისია, რადგანაც ამ ხალხს მისი დაღუპვის შემდეგ საკვანძო ქალაქების - მოსულისა და რაქას - დაცვა გაუჭირდება. ასევე ხალიფატს ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც საკამოდ გაუძნელდება და ის ძლიერი რგოლი, რომლესაც ბათირაშვილი თავისი ავტორიტეტით ქმნიდა, გაწყდება.
ბათირაშვილი კავკასიელი მებრძოლებისთვის ერთგვარი ხატება იყო და ახალგაზრდების ერთი ნაწილი სირიაში არა ისლამისტური იდეებისთვის, არამედ ბათირაშვილის ავტორიტეტის გამო მიდიოდა. ხალიფატის მთავარ ძალას და განსაკუთრებულ გავლენას, თარხან ბათირაშვილთან ერთად, სულ 6 კაცი წარმოადგენდა, რომელთაგან ცოცხალი მხოლოდ ბათირაშვილიღა იყო და ისიც ლიკვიდირებულია. მის შემცვლელს კი იპოვნიან, არიან იქ ადამიანები, რომლებიც ბრძოლაში უკვე საკმაო გამოცდილები აქვთ, მაგრამ მისი საქმის გაგრძელებას თუნდაც კავკასიის მიმართულებით, რამდენად ეფექტურად შეძლებენ, ეს უკვე სხვა საკითხია.
მასზე რამოდენიმე ხნის განმავლობაში ფორმალური ნადირობა იყო გამოცხადებული და სამხედრო მოვალეობას ვეღარ ასრულებდა. საქმე ისაა, რომ ის ახალი სახეები, რომლებიც ბათირაშვილის და სხვა ძველი ლიდერების შემდეგ მოვიდნენ, საკამოდ სასტიკები და დაუნდობლები არიან.
"რ": როგორც ცნობილია, კავკასიელების ერთ-ერთ სამხედრო ფორმირებას ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს. ბათირაშვილის გარდაცვალების შემდეგ მას რა სახის როლი დაეკისრება და საქართველო რამდენად შეიძლება ტერორისტული აქტების საფრთხის ქვეშ დადგეს, არსებობდა მოსაზრებები, რომ ბათირაშვილის ავტორიტეტი ხალიფატს ჩვენს ქვეყანაში ამის გაკეთების საშუალებას არ ძლევდა...
მ.ა: რაც შეეხება კავკასიელების სამხედრო ფორმირებას, მას ჩვენთვის კარგად ცნობილი ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, ეს არის "იარმუკის" სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც ჩატაევი იდეოლოგიური თვალსაზრისით მართავს. ის ხალიფატის იდეოლოგიას სოციალური ქსელებით ავრცელებს და მოხალისეების გადაბირებით არის დაკავებული. თუმცა იმ დონის ავტორიტეტი მას არა აქვს, როგორიც, რა თქმა უნდა, თარხან ბათირაშვილს ჰქონდა.
რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ მისი ფაქტორი საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელებას ხელს უშლიდა, ეს ლოგიკას მოკლებული არ არის. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ სურდა, რომ მისი რელიგიურ-პოლიტიკური აქტივობის გამო ქვეყანაში რთული სიტუაცია შექმნილიყო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თუ ხალიფატი ჩათვლის, რომ საქართველოში რაიმე უნდა მოიმოქმედოს, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა კონტროლი ყველაზე და ყველაფერზე უნდა გააძლიერონ. ბათირაშვილის სიკვდილის გამო ხალიფატი საკამოდ გაღიზიანებულია.