სალომე სარიშვილი
18.07.2016

თურქეთში წარუმატებლად დასრულებული სამხედრო გადატრიალების მცდელობაში პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ყოფილი სასულიერო პირი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა და აშშ-ს (სადაც ამჟამად გიულენი ცხოვრობს) მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა თურქული მხარისგან მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა.

აშშ-სთან ურთიერთობის შეწყვეტაზე ირიბად ისაუბრა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, როცა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს ფათულა გიულენს დაუჭერს, თურქეთის მეგობარი არ იქნება და ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომში ჩართულად ჩაითვლება.

ამის საპასუხო ქმედით ნაბიჯად აშშ-ის საავიაციო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის, მათ შორის ტრანზიტული (მესამე ქვეყნის გავლით) აიკრძალა.

ფაქტია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ოფიციალურ ანკარასა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობა დაძაბა. ამავდროულად მნიშვენლოვანია ის ფაქტორიც, რომ თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და მნიშვნელოვანი პარტიორი ისევე, როგორც აშშ.

როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვასთან დაკავშირებით? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "თანამედროვე საქართველოსთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რაც ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ და ახლა ხშირად ავიწყდებათ - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, საქართველოს არ ჰყავს მარადიული მეგობრები და არ აქვს მარადიული ინტერესები. უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, ამ დაძაბულ ვითარებაში საქართველოს პატრონი მხოლოდ საქართველოა."

 

 პეტრე მამრაძე (პოლიტოლოგი): "უპრეცედენტო რამ მოხდა, როცა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც შეიფარებს გიულენს, ომის მდგომარეობაში იქნება ნატო-ს წევრ ქვეყანასთან. ამერიკის პასუხი კი ამაზე იყო ის, რომ მათ მტკიცებულებები მოითხოვეს.

"ამ ფონზე, როცა დაძაბულობა აშკარაა, ერდოღანმა კი საქმე თავად მიიყვანა აქამდე, საქართველოს მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რისი იმედიც მაქვს.

"მე დღევანდელ ხელისუფლებას ყოველდღიურად ვაკრიტიკებ, თუმცა, ამ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაგმატული იქნება. შესაბამისად, შევინარჩუნებთ კონსტრუქციულ ურთიერთობას ორივე გიგანტ სახელმწიფოსთან."

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი):"რეისების აკრძალვა, ვფიქრობ, რომ თურქეთში მიმდინარე დაძაბულ სიტუაციას უკავშირდება და როცა ყველაფერი დასტაბილურდება, ფრენები აღდგება. ვერ ვხედავ მკვეთრი, ხანგრძლივი დაპირისპირების საფუძველს.

"რაც შეეხება საქართველოს და მის ხელისუფლებას, ჩვენ თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ორივეს ინტერესებშია, ეს შევინარჩუნოთ. ასეც იქნება. ამერიკასთან კი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომელიც უნდა გაღრმავდეს. არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ამის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოსწონდეს მეზობელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა.

"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, საქართველოს ხელისუფლებამ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს."

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი):"არ ვარ პოლიტოლოგი, თუმცა, თურქეთის მდგომარეობა ყველას გვაწუხებს, რადგან მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიო პროცესებისადმი.

"რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პოზიციას, მკვეთრი მოძრაობები არ უნდა გააკეთოს და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×