"ისეთი კრიზისული სიტუაცია, როგორიც სირიაშია, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს", - აცხადებენ მოსკოვში
ელზა პაპოშვილი
18.07.2016

 რეგიონში დაძაბული სიტუაციის ფონზე არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და დაუფარავად აცხადებენ, რომ ემზადებიან კიდეც ამისთვის.

შესაბამისი განცხადება გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

რას შეიძლება გულისხმობდეს ის ადეკვატურ რეაგირებაში და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება ან არეულობა დაიწყოს, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს? ქართველი ექსპერტები ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ რუსეთს არჩევნების შემდეგ რაიმე მსგავსი სცენარის განხორციელება გაუჭირდება, რადგანაც მას ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დასაყრდენი არ აქვს.

"მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვაჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში შეიარაღებული კონფლიქტის კერების გაჩენის ალბათობა შენარჩუნებულია. ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა სირიაში, შესაძლოა, გამეორდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. ასეთ შემთხვეევაში რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე," - თქვა სერგეი შოიგუმ.

"რუსეთი იქ შედის, სადაც მხარდაჭერა აქვს"

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ რუსეთი შოიგუს მიერ ნახსენებ რეგიონებში მართვადი ქაოსის გამოწვევითაა დაინტერესებული, რათა შემდეგ მასზე კონტროლი დაამყაროს. შესაბამისად, მისი აზრით, რუსული სპეცსამსახურები საქართველოშიც დაძაბულობის კერის ინსპირირებას შეეცდებიან, რათა შემდგომ თავისი დოქტრინა სისრულეში მოიყვანონ და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის საბაბით ქვეყანაში ჯარები შემოიყვანონ.

ამიტომაც კვახაძე ფიქრობს, რომ თუ საქართველოში წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში სიტუაციის არევას შეეცდება და სამოქალაქო დაპირისპირება შეიქმნება, რუსეთი ამას, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. კავკასიოლოგის თქმით, სერგეი შოიგუს განცხადება იმას ნიშნავს, რომ რუსეთს რაღაც მსგავსი სცენარის განხორციელების გეგმა აქვს.

"რუსეთი იქ შედის, სადაც მას მხარდაჭერა აქვს. როგორც უნდა შევაფასოთ, ფაქტია, რომ ყირიმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პრორუსული იყო, ისევე როგორც დონბასში.

"საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული პოლიტიკური ძალების რეიტინგი გაზრდილია, ისინი რაიმე ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენენ. თუმცა, ძალიან მომრავლებულია ე.წ. რუსული რბილი ძალის გამტარებელი ადამიანები, რომლებიც მედიის საშუალებით რუსული იდეოლოგიის რეკრუიტირებას ცდილობენ.

"ამიტომაც არჩევნების შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა რაიმე სახის არეულობა მოაწყოს და შემდეგ თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით ჯარით შემოვიდეს. თუმცა, რას და როგორ მოიმოქმედებს, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. "რა თქმა უნდა, მისი მოქმედება თავად ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. არჩევნების შემდეგ თუკი რომლიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანის სურვილი იქნება, კარგად გააანალიზონ, ამას რა და როგორი შედეგები მოჰყვება.

"საქართველოში არჩევნების შემდეგ თუ რაიმე სახის არეულობა იქნება, რუსეთი მასში ჩარევას, რასაკვირველია, ყველა ხერხით შეეცდება, რათა სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ამიტომ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ეს არჩევნები ძალიან დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ", - აცხადებს კვახაძე.

რისკების ხელოვნურად ინსცენირების ალბათობა

ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადება, რა თქმა უნდა, საკამოდ ყურადსაღებია და ის ერთგვარ მუქარასაც კი წააგავს. მისი თქმით, მინისტრმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სავარაუდოდ, საქართველო და აზერბაიჯანი იგულისხმა.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მისი ნათქვამი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ არჩევნების შემდგომი შესაძლო არეულობის სავარაუდო სცენარად არ უნდა განვიხილოთ, რადგანაც მის განცხადებაში, სამწუხაროდ, კონტექსტი კიდევ უფრო სახიფათო და საშიში იყო. ხუხაშვილის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანალოგია სირიასთან გაავლო, სადაც პრობლემა ბევრად უფრო ფუნდამენტური და ძირეულია, ვიდრე პოსტსაარჩევნო კრიზისი.

"რუსეთის მხრიდან გამორიცხული არაფერი არ არის. მას თუ დასჭირდა, რისკების ხელოვნურად ინსცენირება შეუძლია.

"ამ განცხადებას საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან სერიოზული მიდგომა სჭირდება. განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მხრიდან, მკაცრი მონიტორინგია საჭირო როგორც პანკისში, ასევე აჭარაში, რათა რუსეთმა ეს რეგიონები არჩევნების დროს რაიმე სახის პროვოკაციისთვის ან სიტუაციის ესკალაციისთვის არ გამოიყენოს. "ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება რუსეთმა განახორციელოს, პანკისის ხეობაა. სხვა რაღაც განსაკუთრებული დასაყრდენი მას, არ მგონია, ჰქონდეს. შესაძლოა, ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილების მოტივით მან თავისი ჯარი ქვეყანაში შემოიყვანოს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხეობაში უცნაური მოვლენები ხდებოდა. შესაბამისად, ასეთი სახის რისკები არსებობს.

"არ მგონია, დღეს ეს რისკები სერიოზული იყოს, თუმცა, რადგან რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება, რაღაცა ტიპის ქმედებების საფრთხე არსებობს. სავსებით შესაძლებელია, რომ მათ როგორც იდეოლოგიური, ასევე სპეცსაშუალებებით საჭიროების შემთხვევაში პროცესების ესკალაცია მოახერხონ. ჩვენ ნუ წარმოგვიდგენია, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები წყვეტენ, ქვეყანაში იქნება თუ არა სტაბილურობა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში

ბრიგადის გენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება სამხედრო-სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ასეთი თემების განხილვა ახალი არ არის. ამიტომაც ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

თუმცა, მისი თქმით, თუ ყურადღებას მივაქცევთ, რუსეთის შეიარაღებულ ჯარებში 15 წლის განმავლობაში რაც ხდება, ისინი რასაც ასე ღიად საუბრობენ, რა თქმა უნდა, მათ სამომავლო გეგმებში და სტრატეგიაშიც არსებობს.

ანალიტიკოსის განცხადებით, რაც შეეხება საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და მის ირგვლივ მოსალო-დნელ საშიშროებას, რომლიც რუსეთმა შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს, ეს ლოგიკას მოკლებული არ არის. მისი აზრით, არჩევნების პერიოდში ყოვლად დაუშვებელია, რომ რუსეთმა ან რომლიმე სხვა გარე ძალამ იპოვოს დასაყრდენი, რომლიც ქვეყანაში სიტუაციის არევას შეძლებს. სალუქვაძის თქმით, თუ რუსეთს ქვეყანაში დასაყრდენი ძალა არ ეყოლება, ის ვერაფერს შეძლებს.

"თუ საქართველოში არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება ან არეულობა დაიწყო, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, თუ რაიმე ხელოვნური პროცესები არ წარიმართა, რუსებს საქართველოში ჯარის შემოყვანა ერთადერთი მოტივით შეუძლით - რომ მან საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას.

"მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იმდენი რუსი არ ცხოვრობს, რომ პუტინმა უკრაინის სცენარი გაითამაშოს. მხოლოდ დონბასში 4 მილიონი რუსი ცხოვრობს.

"საქართველოში კონფლიქტური ტერიტორიების მიბმაც შეუძლებელი იქნება, მას თავად რუსები აკონტროლებენ. მაშინ რუსებმა უნდა თქვან, რომ მათ ბაზებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების მხრიდან საფრთხე ემუქრება. ასეთი მიზეზის მოყვანა, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნება.

"მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ არსებობს - რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ რომ ჩათვალოს, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ქვეყანაში სიტუაციის არევას შეეცადოს. ამიტომ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით ამის თავიდან აცილება შეიძლება", - აცხადებს სალუქვაძე.

მისივე თქმით, რუსეთს საქართველოში სერიოზული დასაყრდენი არ ჰყავს. მიზნის მისაღწევად მაშინ მან პირდაპირი აგრესიის განხორციელება უნდა დაიწყოს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. ყირიმის და უკრაინის გამო მან დასავლეთისგან საკმაოდ მკაცრი პასუხი მიიღო და დღემდე მათთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, ამიტომაც ახლა საქართველოსთვის ნაკლებად სცალია. ანალიტიკოსის აზრით, ერთ-ერთი, რაც შეიძლება მათთვის ხელჩასაჭიდი იყოს, პანკისის ხეობაა, სადაც ახლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ხელოვნურად რაიმეს შექმნა ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, საქართველოს მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, რათა არჩევნების დროს რაიმე სახის დასაყრდენი თავად ჩვენვე არ მივცეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×