ელზა პაპოშვილი
19.07.2016

 გუშინ აღმაშენებლის ხეივანში, აღსრულებლის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ხმა ისმოდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობილი გახდა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც სროლაში მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც პირველად გაისროლა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ავთანდილ ანთაძეა, ხოლო ის, ვისაც ანთაძემ ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა, სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე არჩილ მამაგეიშვილია.

თავად ანთაძე მამაგელაშვილთან ერთად მყოფმა მისმა მეგობარმა დაჭრა, რომელიც კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 12 წლის წინ ანთაძე შს ყოფილი მინისტრის და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია ბარამიძის მოადგილე იყო.

როგორც გარდაცვლილი მამაგეიშვილის ახლობლები ამბობენ, სავარაუდოდ, თავდამსხმელ ანთაძეს გარდაცვლილის დიდი რაოდენობით თანხა მართებდა, რომლის ოდენობაც 100 ათას ლარს აღემატებოდა. სავარაუდოდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მამაგეიშვილმა ანთაძე თანხის გადაუხდელობის გამო დაიბარა და მას ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა.

"რეზონანსთან" საუბრისას თვითმხილველი ვაჟა დანელია ყვება, რომ სააღსრულებო ბიუროში შუადღის საათებში სამი პირი შევიდა. ისინი ერთმანეთში ცოტა ხმამაღლა საუბრობდნენ და არ ჩხუბობდნენ. ერთი შეხედვით მათი საუბარი კონფლიქტს არ ჰგავდა. დანელია ვარაუდობს, რომ მამაგეიშვილი ანთაძეს თანხის დროულად დაბრუნებას სთხოვდა, ანთაძე კი ეუბნებოდა, რომ ასეთი რამ არ უნდა ეკადრა და ის სააღსრულებო ბიუროში არ უნდა დაებარებინა.

"მისაღებში ჩვეულებრივად საუბრობდნენ, სამნი იყვნენ. ორი დავობდა, მესამე კი მათ დაწყნარებას ცდილობდა. ერთი მეორეს ედავებოდა, რატომ იკადრე, რომ აქ დამიბარე, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობდეთ და ჩვენც პოლიციის თანამშრომლები არ ვიყოთო. მიუხედავად ამისა, შთაბეჭდილება არავის დარჩენია, რომ ისინი სერიოზულად ჩხუბობდნენ.

"შემდეგ ეზოში გავიდნენ, ორი ერთად მანქანაში ჩასაჯდომად სხვა მიმართულებით წავიდა, მესამეც თავიდან ასე მოიქცა, სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ მოულოდნელად უკან მობრუნდა. რაც დავინახე, ის იყო, რომ ერთ-ერთს ზურგიდან მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაუნდობლად მთელი მჭიდი დააცალა, სადღაც 7 გასროლის ხმა გავიგონე, სანამ მეორე აზრზე მოვიდოდა.

"არ ვიცი, ალბათ მეორესაც მოკლავდა, მას თავი რომ არ დაეცვა და იარაღიდან არ ესროლა. ორი ტყვია ფეხებში ესროლა. მოკვლა, როგორც ჩანს, არ უნდოდა. მერე დაჭრილთან ჩაიმუხლა, ყვიროდა, მიშველეთ, კაცი მიკვდებაო, ჩვენც, ვინც შიგნით, შენობაში ვიყავით, მაშინვე გარეთ გამოვვარდით. ეს მერე დაჭრილს უყვიროდა, ეს რა ჩაიდინეო. პოლიციაც მალე მოვიდა და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კი დააპატიმრეს," - აცხადებს თვითმხილველი.

ავთანდილ ანთაძე, რომელმაც სავარაუდო კრედიტორს ესროლა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობაზე დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და დეპუტატი გია ბარამიძე ამბობს, რომ მას ავთანდილ ანთაძესთან დიდი ხანია, რაც ურთიერთობა აღარ ჰქონია, შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას, რა სახის კონფლიქტი შეიძლება ყოფილიყო მასა და არჩილ მამაგეიშვილს შორის. მათ კონტაქტი მას შემდეგ აღარ ჰქონიათ, რაც ბარამიძემ შს მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თქმით, თავად მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყო.

"წარმოდგენა არ მაქვს, ავთანდილ ანთაძე ამჟამად რას საქმიანობს, ან რატომ უნდა ვიცოდე, 12 წლის წინ ჩემი მოადგილე იყო, მასთან ურთიერთობა, რაც თანამდებობა დავტოვე, საერთოდ აღარ მქონია. არ ვიცი, რა გითხრათ, რა მოტივი ჰქონდა და რატომ ესროლა ადამიანს, ამასაც ვერ გეტყვით. მასთან ურთიერთობა კი არა, წლებია არანაირი სახის კონტაქტი არ მქონია," - აღნიშნა გია ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×