ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სჯობს, თუკი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ იქნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომელიც თვლის, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება, მასში ძალიან დაახლოებული პოზიციების მქონე პარტიები უნდა გაერთიანდნენ.
"მგონია, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის და მთავრობის სტაბილურობისთვის უმჯობესია, თუკი პარტიას ისეთი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა ექნება, რომელსაც კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება. ქვეყნის მართვას სჭირდება სტაბილური მთავრობა. მთავრობა ჩამოკიდებული არ უნდა იყოს პარტიულ ინტერესებზე, რომელიც შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შემდეგ გაუჩნდეს - როდესაც უმრავლესობა იძულებული ხდება, რომ ესა თუ ის თანამდებობა ამ ადგილისთვის შეუსაბამო ადამიანს დაუთმოს, ეს არ არის ჯანსაღი და ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი," - განმარტავს გია ვოლსკი და იმედს გამოთქვამს, რომ "საზოგადოება კარგად შეაფასებს ვითარებას და სტაბილური მთავრობის აუცილებლობასაც განსაზღვრავს."
როგორ ფიქრობთ, ქვეყნისთვის იქნება თუ არა უმჯობესი, რომ მას კოალიციური მთავრობა მართავდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): ერთპარტიული მთავრობა ყოველთვის დიქტატურისკენ მიდის და, რა თქმა უნდა, კოალიციური სჯობს. სადაც ბევრი აზრი არსებობს, მათ შორის ყველაზე ჯანსაღი იმარჯვებს. ჩვენ გვახსოვს ისეთი უმრავლესობები, რომელიც რასაც ერთპიროვნულად წყვეტდა, ასრულებდა კიდეც. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, მაგრამ ერთი მთავრობის შემთხვევაში, შეცდომებს არ აღიარებენ. ამიტომ, სჯობს, კოალიციური მთავრობა იყოს.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ზოგადად, კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის კარგია თუ არა, ვერ იტყვი. გააჩნია, ამ კოალიციაში როგორი ძალები და პარტიები არიან გაერთიანებულები. ჩვენს რეალობაში, არა მგონია, რომ კარგი იყოს კოალიციური მთავრობა.
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): ვფიქრობ, დღეს საქართველო განვითარების იმ ეტაპზეა, რომ კოალიციური მმრთველობა ქართული დემოკრატიისთვის ახალი გამოწვევა იქნებოდა. ამ თვალსაზრისით, კარგია, თუ არჩევნების შემდეგ კოალიციური მმრთველობა ჩამოყალიბდება, იმიტომ, რომ უნიტარული მმართველობა წარსულია უკვე. საერთო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველები ინიციატივიანი ხალხი ვართ, კოალიციური მმრთველობის პერიოდში ინიციატივები ადგილზევე იქნება წახალისებული და საინტერესოა ასეთი საქართველოს ნახვა.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): მე ვფიქრობ, მთავრობის წევრებმა 4 წლის განმავლობაში ძალიან კარგად გაართვეს თავი ქვეყნის მართვას. საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან კარგი პრეცედენტებია კოალიციური მთავრობის მმართველობის. ჩვენ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ იქნებიან და ერთიან, გუნდურ სამუშაოს შეასრულებენ. იმის იმედიც მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ იქნებიან კოალიციურ მთავრობაში. მე ვფიქრობ, "ქართული ოცნების" წევრები იმ რაოდენობის ხმებს აიღებენ, რომ მთავრობის დაკომპლექტება ისევ მათ მოუწიოთ.
ქეთი ბექაური (იურისტი): ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. არჩევნებამდე გარკვეული ვადაა დარჩენილი და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ისევე როგორც ეს 2012 წელს ჩატარდა. ჯერ ისიც არ არის საბოლოოდ ცნობილი, არჩევნებში ვინ მონაწილეობს, ვინ სად გაერთიანდება და კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, მგონი, ნაადრევია. მთავარია, მშვიდობა იყოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე