გვანცა ღვედაშვილი
20.07.2016

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და, პირველ რიგში, მის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ადვოკატებს მადლობას უხდის.

როგორც ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი აღნიშნავს, სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა ის პატიმრობიდან, თუმცა ეს არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა.

"მე ცოტა ხანში დავტოვებ საპყრობილეს," - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

დატოვებს თუ არა ვანო მერაბიშვილი საპყრობილეს უახლოეს პერიოდში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): რამდენადაც ვიცი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მერაბიშვილი ცალსახად პოლიტიკური პატიმარია. გარკვეული დარღვევები ამ სასამართლომ გამოავლინა, თუმცა რამდენად არის ეს იმის საფუძველი, რომ მერაბიშვილი გათავისუფლდეს, ვერ გეტყვით. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლიბერალური ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საპყრობილეშია, არჩევნების წინ, მაშინ, როცა კიდევ გამოუძიებელია სულხან მოლაშვილის საქმე, ლოგიკიდან გამომდინარე არ მგონია, რომ მერაბიშვილმა საპყრობილე დატოვოს. პოლიტიკურად არ მგონია, რომ ასე მოხდეს. მას ალბათ აქვს ამის თქმის ლეგიტიმური უფლება, მაგრამ არჩევნების წინ არ მესახება პოლიტიკურად, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვანო მერაბიშვილი საპრობილედან გამოუშვას.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ეს ყველაფერი მგონია, რომ არჩევნების შემდეგ გადაწყდება. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არჩევნებამდე მისი გათავისუფლება ამ ხელისფლების პირობებში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვერ გეტყვით, რომ არჩევნების შემდეგ დიდ ცვლილებას ველოდები, თუმცა რაღაც სიახლე მაინც მოხდება. დაველოდოთ.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): მიჭირს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, თუმცა არჩევნებამდე მის გათავისუფლებას არანაირად არ ველოდები. არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი მისი გათავისუფლება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობით მოვა, თუმცა ესეც საეჭვოა.

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): სტრასბურგის სასამართლოს გადაწყველებაში წერია, რომ უნდა გამოიძიონ მისი გაყვანის საკითხი - ანუ, გაიყვანეს თუ არა საპატიმროდან მერაბიშვილი, რაზეც ის ჩივის. ამას ჩვენც ვიძახით და, ბუნებრივია, ეს სასამართლომ უნდა გამოიძიოს. აქ საუბარი არ არის მის გათავისუფლებაზე. დასკვნა რომ არ არის დადებული ამ საკითხზე, ამიტომ ეძლევა მერაბიშვილს იმის საშუალება, რომ იჩივლიოს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ გამოიძიონ და თქვან, რა მოხდა და არა ის, რომ მერაბიშვილი გაათავისუფლონ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოლაშვილთან დაკავშირებითაც ხომ არ შეასრულეს არანაირი ვალდებულება, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა და მოგვიანებით, 2011 წელს, თავადაც აღიარეს, რომ ის იყო წამების მსხვერპლი, რამე გააკეთეს?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×