ნინო ქეთელაური
22.07.2016

რუსეთში, შესაძლოა, ქართული ღვინო და "ბორჯომი" აიკრძალოს - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმა რეკომენდაციით მთავრობას მიმართავს. როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

"ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ", - ამბობს კომიტეტის წევრი იან ზელინსკი და რუსეთის მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა "სისულელე" ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.

შეგახსნებთ, რომ საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რათა გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ: მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, თუ რუსეთში ქართული ღვინო აიკრძალება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "მე ვფიქრობ, ნებისმიერი პროდუქტისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გადის, უმჯობესია ალტერნატიული ბაზრები მოიძებნოს.

უამრავი ქვეყანაა, რომელსაც უნდა ქართული ღვინოც, ბორჯომიც და სხვა პროდუქციაც, სადაც ძალიან ფასობს ეს ყველაფერი. ამიტომ მოსაძებნია ალტერნატიული გზები.

არ მიმაჩნია სწორად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე პროტესტი გამოაცხადოს. პირიქით, რუსეთისგან ეს უნდა მიიღოს, როგორც ჩვეულებრივი მოცემულობა.

რაც უფრო ნაკლები იქნება კონტაქტი ისეთ ქვეყანასთან, რომელიც მტრულადაა ჩვენ მიმართ განწყობილი, მით უკეთესი. უმჯობესია მსგავსი კავშირები არ გვქონდეს."

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "არა მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლება რეალურად ფიქრობდეს ამ ნაბიჯის გადადგმას. როდესაც მათ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გადაწვიტეს, ძალიან მარტივად მოხდა ქართული პროდუქციის სხვაგან გადასვლა.

უფრო მგონია, რომ ეს არის მუქარის შემცველი პროპაგანდა, რითიც ქართული პოლიტიკური ძალების აჟიტირება მოხდება და გამოხმაურება მათი მხრიდან მოჰყვება. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ამით ახალი თემა ეძლევათ - ღვინის და "ბორჯომის" მოსალოდნელი აკრძალვა."

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მე როგორც ვიცი, ცალკე საქართველოზე არ არის აქ საუბარი, დასახელებულია ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ისეთ პოლიტიკას ეწევა, რომელიც არ აწყობს რუსეთის ფედერაციას. ასე რომ, მე ვთვლი, ეს ჯგუფური პრობლემაა და არა მხოლოდ საქართევლოსი."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "თუ ამას რუსეთი დააკანონებს, ალბათ, აიკრძალება კიდეც, რაც ძალიან არ მესიამოვნება. იმიტომ, რომ რაღაც შეღავათი გაუჩნდათ მეწარმეებსაც და გლეხებსაც. მაგრამ მეორე მხრივ, რამდენჯერაც რუსეთს გავაღიზიანებთ, იმდენ საპასუხო ნაბიჯს გადმოდგამენ."

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს შემდეგი - არ უნდათ, ნუ უნდათ, ვიპოვით უფრო კარგ, მდიდარ და მრავალფეროვან ბაზრებს. თუ, რა თქმა უნდა, საქმეს გავაკეთებთ კარგად.

რუსეთის ბაზარი არც 2012 წლის მერე ყოფილა განსაკუთრებული, არც მანმადე და მე ვფიქრობ, მეღვინეებისთვისაც უმჯობესია უფრო კარგი გასაღების ბაზრები იპოვონ, ვიდრე რუსეთია. რაც ნაკლებად ვიქნებით რუსეთის ეკონომიკაზე მიბმული, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×