"ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან არსებული საფრთხე მსოფლიოსთვის კიდევ უფრო საშიშ სახეს იღებს, რადგანაც ამ ორგანიზაციამ ბრძოლის მეთოდი და ტაქტიკა რადიკალურად შეცვალა. ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში ამბობენ, რომ საქართველო მსოფლიოსთან ერთად გამონაკლისი არ იქნება და სიტუაცია კავკასიაში შეიძლება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბოს, თუ რუსეთი და თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ.
მათი თქმით, კავკასიის რეგიონი რადიკალური ისლამისტების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა და მათი სამიზნე გახდება.სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ასეთ დროს საქართველო ცალკე კონტექსტში არ განიხილება, ლაპარაკია კავკასიის რეგიონზე, სადაც, რა თქმა უნდა, საფრთხე ყოველთვის არსებობს. ის ჯერ-ჯერობით მთავარი სამიზნე არ არის.
თუმცა, თუ თურქეთმა და რუსეთმა ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვიტეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კავკასია სამიზნე გახდება. რუსეთ-თურქეთის დაზავება რადიკალური ისლამის მიმდევრებს და არამარტო მათ, ხელს არ აძლევს. კავკასია არის გეოფრაფიული საზღვარი და წყალგამყოფი თურქეთსა და რუსეთს შორის.
"სამწუხაროდ, არც ერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველო, დაცული არ არის. ნებისმიერ სახელმწიფოზე შესაძლებელია მოხდეს თავდასხმა.
"განსაკუთრებით კასპიისპირა რეგიონში გახშირებული თავდასხმების გამო უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.
"ამ ეტაპზე ქვეყანაში ძალოვანმა სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება, გეო-ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტებზე უნდა გაამახვილონ. ეს არის პორტი და საკურორტო ზონები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ დგანან, ასევე საშიშია ქალაქები, სადაც სატრანზიტო ხაზი გადის.
"სტამბოლის აეროპორტში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დაიში სტრატეგიულად მოწყვლად ობიექტებზე გადავიდა. ამიტომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს ამ კუთხით ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილებას ვურჩევ.
"თარხან ბათირაშვილის შემდეგ, ხალიფატის სათავეში რადიკალური ხელმძღვანელობა მოვიდა, რომლიც წინა თაობისგან განსხვავებით უფრო სასტიკი და დაუნდობელია.
"შესაბამისად, მათ ბრძოლის ტაქტიკაც შეცვალეს და გამორიცხული არ არის, რომ მათ გეგმებში ჩვენი ქვეყანაც შედიოდეს. ბათირაშვილი, ვინც როგორც უნდა გაიგოს, ქვეყნისთვის მაინც გარკვეულ ფარს წარმოადგენდა და მისი ფიგურა გარკვეულწილად საქართველოს აზღვევდა. ეს ფაქტია და აქ ვინმეს კარგ ადამიანად გამოყვანას არავინ ცდილობს", - აცხადებს მაისაია.
მისივე თქმით ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას იდეოლოგიურად ამუშავებენ. ისინი სოციალური ქსელების და სპეციალურად შექმნილი შენიღბული საიტების მეშვეობით, პირდაპირ რადიკალური ისლამის და ხალიფატის პროპაგანდას ეწევიან. მაისაია ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მან ქართულ სპეცსამსახურებსაც მიაწოდა და შესაბამისი ორგანოები ამ ინფორმაციას უკვე ფლობენ.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, მითუმეტეს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე.
თუმცა ის მოსაზრება, რომ თურქეთი და რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ, მას წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან უამრავი სახის პრობლემა აქვს, ამიტომ მათი ურთიერთობის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.
"ქვეყანაში ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტია, რომლიც დაიშის ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს, თუმცა მისი ხმამაღლა და საჯაროდ გახმოვანება, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის. ამის შესახებ ჩვენმა უსფრთხოების სამსახურმაც იცის და შესაბამისად გარკვეული ზომები მიღებული აქვთ.
"სამწუხაროდ, ხალიფატმა თავისი ბრძოლის მეთოდები რადიკალურად შეცვალა, რაც, რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავ ორგანოებს გარკვეული სახის პრობლემებს უქმნის.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ნიცაში სატვირთო ავტომობილით ადამიანები გადათელეს, რამდენიმე დღის წინ კი, 17 წლის ლტოლვილმა მოზარდმა, რომელიც გერმანელმა ოჯახმა შეიფარა, მატარებელში ხალხი სასტიკად დაჩეხა.
"ამიტომ არავინ არ იცის და რთულია იმის ამოცნობა, დაიში ბრძოლის როგორ ხერხს გამოიყენებს და ვინ იქნებიან ამის შემსრულებლები. შეიძლება ესენი, საერთოდ ისეთი უწყინარი ადამიანები იყვნენ, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას არაფრით იქცევენ. ამიტომ ხალიფატმა ბრძოლის მეთოდები შეცვალა, რაც მათ დამარცხებას კიდევ უფრო ართულებს", - აცხადებს სალუქვაძე.