მმართველმა პარტიამ შესაძლოა კიდევ რამდენიმე ყოფილი "ნამცონალი" წარადგინოს თავის მაჟორიტარობის კანდიდატად
ეკატერინე ბასილაია
25.07.2016

 "ქართული ოცნებას" პარტიული სიის შევსება არც ამჯერად გამოსდის პორტირებული "ნაციონალების" გარეშე და პირველი ყოფილი "ნაციონალი" მაჟორიტარად სამეგრელოში, ხობში უკვე გამოჩნდა. საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია არც სხვა რეგიონებში უღალატებს უკვე ტრადიციად ქცეულ პოლიტიკას და ამომრჩეველი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში "ოცნების" სახელით მებრძოლ "ნაციონალებს" სხვაგანაც იხილავს.

მაგალითად, ხობში მაჟორიტარად დასახელებული ექსნაციონალი გოდერძი ბუკიას შემდეგ პარლამენტში სახელისუფლებო გუნდის სახელით მოხვედრის ამბიცია აქვთ გოჩა ენუქიძესაც და კახაბერ ოქრიაშვილსაც. ორივე ბიზნესმენია და "ნაციონალების" რიგებიდან "ოცნებაში" 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადმოინაცვლეს.

"ქართული ოცნების" წევრი, ომარ ნიშნიანიძე კი იმასაც აღნიშნავს, რომ შეიძლება "ოცნების" სიაში არა მარტო ძველი, უკვე ცნობილი პორტირებული "ნაციონალები" ვიხილოთ, არამედ "ნაციონალური" წარსულის მქონე ახალი სახეებიც.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, მმართველი პარტიის სიაში დედა პარტიას ჩამოშორებული მედროვეების მოხვედრის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო მეტ თანხას გაიმეტებს მმართველი გუნდის სახელით პარლამენტში ადგილის დასაბევებლად - ვინც სოლიდურად გადაიხდის, ის მოხვდება სიაში.

მაჟორიტარი მილიონრები

აღსანიშნავია, რომ ქართულ არჩევნებში მმართველი გუნდის სახელით მაჟორიტარებად, როგორც წესი, უმეტესად ბიზნესმენები სახელდებიან ხოლმე. თანაც, მაჟორიტარობის მსურველისათვის მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების სახელით იყაროს კენჭი და როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, ეს იმის გამო ხდება, რომ ბიზნესმენი მაჟორიტარების ძირითადი ინტერესი საკუთარი ბიზნესის ლობირებაა.

2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამარჯვებულებიდან და შემდეგ მალევე ხელისუფლების მხარეს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში გადაბარგებული 12 "ნაციონალიდან" ბიზნესმენები არიან, მაგალითად, გოდერძი ბუკია, რომელმაც 2012-ში ხობის მაჟორიტარად გაიმარჯვა და ახლაც ხობში იყრის კენჭს, ოღონდ პარტიის დასახელებაა სხვა - ადრე "ნაციონალების" სახელით იყო, ახლა "ოცნების" სახელითაა.

ბუკია არაოფიციალურად 250 მლნ აშშ დოლარის ქონების მფლობელია. მის საკუთრებაშია მოსკოვში ორი ბინა და საბანკო ანგარიშები.

500 მლნ აშშ დოლარის ქონების მფლობელია სს "ელექტროავტომატში" გოგი ლიპარტელიანი, რომელიც ლენტეხის მაჟორიტარია.

ამბროლაურის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე არაოფიციალურად 200 მლნ აშშ დოლარის ქონებას ფლობს. გარდაბნის მაჟორიტარი გიორგი ფეიქრიშვილი, დეკლარაციის მიხედვით, საბანკო ანგარიშების გარდა 1 მლნ ლარს ფლობს.

პორტირებული "ნაციონალი" კახაბერ ოქრიაშვილი, "პე-ეს-პეს" დამფუძნებელი, არაოფიციალურად 300 მლნ აშშ დოლარის ქონებას ფლობს.

ამ მილიონერი დეპუტატებიდან ვის გაუმართლებს და ვინ მოხვდება მმართველი პარტიის სიაში, ბუკიას გარდა ჯერ არც ერთმა საბოლოოდ არ იცის. თუმცა, ფინანსების გამო მათ შანსები აქვთ.

შედარებით დაბალია სხვა ექს-"ნაციონალების", იგივე ყვარლის მაჟორიტარის, მარიკა ვერულაშვილის, ქედიდან იაშა შერვაშიძის, ცაგერიდან სერგო ხაბულიანის, ხულოდან ანზორ ბოლქვაძის და ნინოწმინდიდან ემზარ მკოიანის შანსები. დიდი ალბათობით, სენაკის მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი წელს დეპუტატობას დაემშვიდობება, რადგან სენაკის კანდიდატი "ოცნებამ" უკვე დაასახელა.

"ნაციონალების" დაწინაურების გამო, "ქართული ოცნების" რიგებში ღია თუ ფარული უკმაყოფილება დიდი ხანია არსებობს. ასე იყო თვითმმართველობის არჩევნების დროს, 2014 წელს, როდესაც ძალიან ბევრ რაიონში "ოცნების" სახელით სიებში გამგებლებად, საკრებულოს თავმჯომარეებად თუ საკრებულოს წევრებად პარტიაშეცვლილი ექს-"ნაციონალები" აღმოჩნდნენ. ბევრი მაშინ განაწყენდა იმის გამო, რომ სიის მიღმა დარჩნენ "ოცნების" თავდაპირველი, მებრძოლი ნაწილი და ადგილი მედროვეებს დაუთმეს.

ამ კრიტიკის გამო პარტიიდან გარიცხეს კიდეც თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის საკრებულოში "ქართული ოცნების" კვოტით გასული კახა მიქაია, რომელიც ახლაც აგრძელებს კრიტიკას იმის გამო, რომ სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი "ნაციონალებითაა" დაკომპლექტებული, მაგალითად, ზუგდიდში გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარეც და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც ყოფილი "ნაციონალები" არიან და ახლაც. საარჩევნო პროცესშიც სწორედ ეს ყოფილი "ნაციონალები" გამოდიან წინა პლანზე მოსახლეობასთან სააგიტაციოდ, რაც ამომრჩეველში დიდ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იწვევს.

"ოცნების" პოლიტიკა - ყველა უნდა გამოვიყენოთ

"ქართული ოცნების" წევრი, ომარ ნიშნიანიძე, რომელსაც ქუთაისის მაჟორიტარობა სურდა, თუმცა არც მაჟორიტარად დასახელდა და დიდი ალბათობით, პარტიული სიის მიღმაცაა, ამბობს, რომ "ძველი გვარდიის" უდიდესი ნაწილი "ოცნებამ" გვერდზე გაწია, მათ შორის ისიც.

"პროცესები ისე მიდის, გამორიცხული არ არის ბუკიას გარდა სხვებიც ვიხილოთ. მართალი გითხრათ, მე ამ პროცესებში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, მით უფრო ახლა. თან, არა მარტო ის ძველი სახეები, ვინც პორტირებული "ნაციონალებიდან" ვიცით, არამედ ახლებიც, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არ ასოცირდებოდნენ.

"ზოგადი პოლიტიკაა, როგორც გაცხადდა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დასაკარგი ძალები არ გვყავს, ყველა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ნებისმიერი შეხედულების ადამიანიო," - ამბობს ნიშნიანიძე და დასძენს, რომ ეს პოლიტიკა "მისაღები არ არის".

მისი თქმით, როდესაც 18 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" იმერეთში მაჟორიტარები დაასახელა, მაშინაც თქვა, რომ კი, ბატონო, კანდიდატები ცუდი ადამიანები არ არიან, მაგრამ მასზე უკეთესები არც ერთი პარამეტრით არ ყოფილან.

"რატომ ხდება ასე, ამაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით მიჭირს. თუმცა, რაღაცებს ვხვდები და მომავალში მეტი მექნება სათქმელი.

"გოდერძი ბუკიას დასახელება არ გამკვირვებია. როდესაც მან "ნაციონალური მოძრაობა" მიატოვა და კოალიციაში გადმოვიდა, მაშინ გაგვიკვირდა და ახლა ხელმეორედ რა გაგვიკვირდებოდა?! არც გამოვრიცხავდით.

"გამიგია, რომ დეპუტატობის სურვილი აქვს გოჩა ენუქიძესაც. ენუქიძეს თუ დაასახელებენ, გოგი ლიპარტელიანი გამოირიცხება, რადგან მათი ოლქები გაერთიანებულია.

"არც კახა ოქრიაშვილს გამოვრიცხავ, მასაც საკმაო ამბიციები აქვს და არ მგონია, თავი პოლიტიკის გარეთ დაიტივოს. ვერულაშვილს გამოვრიცხავ, თავადაც უნდა მიხვდეს, რომ მისი მაჟორიტარად დაყენება უხერხული იქნება. მისაბიშვილს არ აქვს შანსი, სენაკში კანდიდატი უკვე დასახელდა," - ამბობს ნიშნიანიძე.

ორი პოლიტიკური მონსტრის შერწყმის პერსპექტივა

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ოცნების" სიაში პორტირებული "ნაციონალების" სიმრავლე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ისეთი გულადი, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული სიმდიდრე გამოამჟღავნოს.

"ალბათ ყველას არ სურს ასეთი ყურადღების მიპყრობა, მაგრამ გადაჭარბებული პრაგმატიზმი, რასაც "ქართული ოცნების" წლევანდელ ტაქტიკაში ვხედავთ, იმის წინაპირობა იქნება, რომ პოლიტიკური წარსულის განურჩევლად მიიზიდონ ის პირები, რომლებსაც საკუთარი ხარჯით ხელეწიფებათ მაჟორიტარული ინსტიტუტის გაძლიერება. ამიტომ, რაიმე პოლიტიკური ერთიანობის აუცილებლობა არ ჩანს და ეს კიდევ ერთხელ ძალიან მწვავე მიმანიშნებელია იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში კერძო ბიზნესის სიმშვიდეზე საუბარი უსაფუძვლოა.

"დიახ, როგორც იყო, ისევ არის და ფაქტი სახეზეა, რომ საკუთარი ბიზნესის გადარჩენისთვის თურმე აუცილებელია სახელისუფლებო პარტიის სიაში მოხვდე. ეს ხდებოდა ადრეც და ამის მომსწრე ვართ დღესაც.

"არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ზოგიერთი იმდენად ხელგაშლილია, რომ ამგვარი ვუნდერკინდის გვარი არა მაჟორიტარად, არამედ პარტიის სიაშიც კი აღმოჩნდეს. ფული ჯოჯოხეთს ანათებს - ეს ფრაზა დღესაც აქტუალურია. ამ გზით განათებული "ქართული ოცნება" კი რამდენიმე ათეული ადამიანის ოცნება იქნება და არა ქართული საზოგადოების," - ამბობს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ვნახოთ, რას მოგვიტანს პოლიტიკური ცნობიერების ასეთი აღრევა. შესაძლებელია, ასეთ ფორმულას რაიმე პოზიტიურიც ჰქონდეს, თუმცა ნეგატიურიც უსათუოდ გაიჟღერებს.

"ყველა ადგილობრივ მოსახლეს შანსი ეძლევა სამაგიერო უზღას მისთვის მიუღებელ კანდიდატს, პოლიტიკური წარმოშობის და განვითარების მიუხედავად. ვფიქრობ, იმდენი პოლიტიკური სუბიექტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რომ თვალსაჩინო იქნება ორი პოლიტიკური მონსტრის შერწყმის პერსპექტივა. ამომრჩეველთა ის ნაწილი კი, რომლებმაც გადაწყვიტეს "ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა, დაფიქრდება, მიხვდება საკუთარ შეცდომას და 2016-ში თუ არა, მომდევნო არჩევნებზე უფრო სათუთად მოეპყრობა საკუთარ ერთ ხმას.

"იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლამდე არ მოუწიოთ ლოდინი, რადგან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს ახალ პარლამენტში რაიმე უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა არ გაუჩნდეთ, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნებიცაა მოსალოდნელი," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×