თუკი ეს არის ახალი წონასწორული კურსი, მაშინ ეროვნული ვალუტა წლის ბოლოს ისევ თავქვე დაეშვება
ელზა წიკლაური
26.07.2016

 ეროვნული ვალუტა ბოლო 3 კვირაა 2,34-2,35-ის ფარგლებში ტრიალებს და შესაბამისად, გამოდის, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კურსი იპოვა. თუკი ტურისტულად და ეკონომიკურად აქტიურ სეზონზე ლარს გამყარების მეტი რესურსი არ გააჩნია, შემოდგომისთვის სავარაუდოდ, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება.

რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას უახლოეს მომავალში, ამის პროგნოზი თითქმის წარმოუდგენელია. რამდენიმე კვირის წინ მთავრობის წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებდა, მაგრამ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ახლა ყველა იმის შიშით ცხოვრობს, რომ არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა თავქვე არ დაეშვას. ამას არც ფინანსისტები გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გაუფასურება მოსახლეობას და ეკონომიკას მორიგ დიდ დარტყმას მიაყენებს.

8 ივლისიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 2,33-2,35 ნიშნულის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულად აქტიური სეზონია, ფულადი ნაკადი შემოდის ქვეყანაში, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მაინც ვერ შეძლო. მთავრობასა და სებ-ში ამაზე კომენტარს აღარ აკეთებენ, მოსახლეობა გაღიზიანებულია, ბიზნესი - დამფრთხალი, ხოლო ფინანსისტები - დაბნეულნი. არანაირი მინიშნება თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო ან თუნდაც შორეულ მომავალში, არ კეთდება.

ფინანსისტები ამბობენ, რომ თუ ეს ლარის ახალი წონასწორობის კურსია, მაშინ შემოდგომის ბოლოს და განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში ეროვნული ვალუტის კურსის მორიგი დაცემა გარდაუვალი იქნება.

"პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე იმედოვნებს, რომ ეს ლარის ახალი წონასწორობის კურსი არ არის და ის გამყარდება. იმ შემთხვევაში, თუკი მოკლევადიან პერიოდში ლარი არ გამყარდა, მაშინ ირაკლი ბერძენაძე სამომავლოდ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავს.

"ვფიქრობ, რომ ეს არ არის ახალი წონასწორობის კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები შემოდის, ტურისტული ნაკადი მზარდია, ჩვემთვის გასაკვირია, თუ რატომ არ ხდება ლარის უფრო მეტად დასტაბილურება და გამყარება. არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ახალი წონასწორობის კურსი, მაგრამ თუ მანამდე ლარი არ გამყარდა, წლის ბოლოს და განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში, როდესაც არააქტიური პერიოდია, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება.

თუ ეროვნულმა ბანკმა დღეს არ გამოიჩინა ინიციატივა, ვიმეორებ, ლარის გაუფასურდება. ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. არ შეიძლება ეროვნული ვალუტა მოკლევადიან პერიოდში ხან ეცემოდეს მკვეთრად, ხან კი მყარდებოდეს", - განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

"ადმირალ მარკეტსის" დირექტორის დავით წიქარიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსი ყოველთვის ასახავს რეალურ სიტუაციას. რა იქნება, როდესაც ტურისტული სეზონი გადაივლის? სავარაუდოდ, ლარს სერიოზული პრობლემა შეექმნება.

"ზაფხულში ლარზე მოთხოვნა იზრდება. გარდა იმისა, რომ უცხოელი ტურისტები ჩამოდიან, შიდა ტურიზმიც აქტიურდება. ამ პერიოდში კურსი ყველაზე მეტად უნდა იყოს სტაბილური, თუმცა რეალურად რა ხდება სავალუტო ბაზარზე, ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია. სებ-ი ამბობს, რომ კურსის ფორმირებაში არ ვერევითო, ეს ძალიან კარგია.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ესაა ჩვენი ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გამოდის, რომ დღეს ლარის ამ კურსის შენარჩუნება ხდება მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე, რადგან ექსპორტ-იმპორტის ბალანსი საკმაოდ უარყოფითია. როდესაც ტურისტული სეზონი გადავა, მაშინ კი სერიოზული პრობლემა ექნება ეროვნულ ვალუტას და შესაბამისად, მოსახლეობასაც და ბიზნესსაც", - განაცხადა წიქარიძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამგეობის წევრ, არჩილ ბაკურაძესაც უჭირს იმის თქმა, თუ რა მოხდება შემოდგომაზე და რა ახალ წონასწორობის კურსს იპოვის ლარი. დღეს კი ასეთი რეალობა გვაქვს - 1 დოლარი 2,34 ლარი ღირს. ამაზე მეტად ჩვენი ვალუტის გამყარება ვერ ხერხდება.

"ჩემი აზრით, დღევანდელი კურსი არის რეალურად ჯანსაღი კურსი, რომელიც საქართველში და რეგიონში არსებულ ვითარებას ასახავს. ეს უნდა აღვიქვათ, როგორც ახალი წონასწორობის კურსი, რომელიც არავინ იცის, რამდენი ხანი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ პროცესებზე.

რეალურად ის, რომ ცოტა გაუფასურდა ლარი, ამ კუთხით, შესაძლოა, კარგი რამაც დავინახოთ. საბოლოო ჯამში, შესუსტებული ვალუტა ახალისებს ქართულ ექსპორტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და ეკონომიკს არაფერი ცუდი არ ეტყობა.

რეკომენდაცია და გამოსავალი ისაა, რომ მართლაც გააქტიურდეს დედოლარიზაციისკენ მიმართულებით ნაბიჯები და მოსახლეობაზე კურსის ცვალებადობაც ცუდად აღარ მოქმედებდეს. პროგნოზის გაკეთება, თუ რა მოხდება შემოდგომაზე, ძალიან რთულია", - დასძინა ბაკურაძემ.

რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას ასეთი დევალვაციის პირობებში, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. არჩევნებამდე ორთვენახევარია დარჩენილი, ამიტომ ხელისუფლების სავალუტო პოლიტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×