ნინო ქეთელაური
26.07.2016

"ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება სწორედ ამიტომ არ გაჰკვირვებია.

"ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. რეალურად, ეს იყო იმიტაცია და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში სასამართლო დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა.

"ეს იყო ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრზე. ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, "რაღაცის" იმედით, რომ ამას რამე მოჰყვებოდა. სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა.

"მე ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე. ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ინსტიტუტზე ვინ შეიძლება ახორციელებდეს ზეწოლას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "ალბათ ის, ვისაც პრეზიდენტის ინსტიტუტი რაღაცაში არ აწყობს. მოკეთე და მოყვარე რომ ამას არ გააკეთებს, ეს ხომ ცხადია. არც ის არის გამორიცხული, ეს პროვოკაცია იყოს, რომ ხალხში არასტაბილურობის, ამ მთავრობის მიმართ უკმაყოფილების განცდა იყოს.

რთული სათქმელია, ეს მართლა მოხდა, თუ ვიღაცის მიერ იყო პროვოცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ცუდი ფაქტია."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ პრეზიდენტის ოჯახზე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ხდებოდეს ზეწოლა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის ეს კატასტროფაა.

მე, როგორც მოქალაქე, ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახებზე ზეწოლა ხდება. ისინი გარანტი უნდა იყვნენ, რომ ჩვენზე არავინ მოახდინოს ზეწოლა და თუ მათზე ზეწოლაა, მაშინ მე, რიგითმა ადამიანმა, რაღა ვქნა?!"

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  "პრეზიდენტის განცხადება ეს უკვე ძალიან სერიოზული და დამაფიქრებელია. გამოდის, არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს რეალურად ხელისუფლება არ აქვთ ხელში, რადგან მათ აკონტროლებენ.

ვის ინტერესებში შეიძლება იყოს, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ისეთი ძალების, ვინც კულისებს მიღმა დგას და ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია."

 

 გია ბურჯანაძე (მსახიობი):  "ამით პრეზიდენტი თითოეულ მოქალაქეზე თავად ახორციელებს ზეწოლას. გამოდის, ვისაც გასაჩხრეკად გააჩერებენ, ან ვის სახლშიც შევლენ, ყველაზე ზეწოლა ხორციელდება?! პრეზიდენტი არის რაღაც დინებას აყოლილი კაცი და არასერიოზულია მისი განცხადებები. სამარცხვინოა ეს ყეველაფერი."

 

 

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): "მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი პრეზიდენტით. სულ დეჟა ვუ მაქვს, რომ ისევ მიშა სააკაშვილია ხელისუფლებაში. არ შეიძლება, რომ ვინც წარგადგინა და ვის გამოც პრეზიდენტი ხარ, მუდმივად იმას ეჭიდაო და წინააღმდეგობა გაუწიო.

თავიდან ძალიან გახარებული ვიყავი და ვამბობდი, რომ ის ფილოსოფოსია - მეთქი, როგორც იცით, სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს ფილოსოფია და ბოდიში, მაგრამ რომელ სიბრძნის სიყვარულზეა საუბარი, როდესაც მოსვლის პირველ პერიოდში თქვა - მე ვიქნები როგორც "პლასტელინიო" და მერე აღმოჩნდა, რომ გიგა ბოკერიას და ვანო მაჭავარიანის ხელშია ეს "პლასტელინი". ძალიან მწყდება გული და გაოცებული ვარ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×