რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" მთელი სამხრეთ ოსეთის ბუნებრივი აირით მომარაგების პირობას დებს. სპეციალურად ამ შეთანხმების დეტალების გასარკვევად გუშინ ცხინვალში კომპანიის წარმომადგენლობაც ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან განიხილა შვილობილი კომპანიის გახსნისა და უახლოეს წლებში სამხრეთ ოსეთს გაზიფიკაციის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა.
გაცხადდა, რომ ეს პროექტი რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთაა და ყველაფერი უახლოეს წლებში უნდა დასრულდეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რადგანაც "გაზპრომი" რუსული სახელმწიფო კომპანიაა ამდენად, ეს აქტივობა მოსკოვის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი აშკარა ნაბიჯია.
"სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთი ამ ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებს. ასევეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. ეს არის რუსეთის მხრიდან გადადგმული მორიგი აშკარა ნაბიჯი დე ფაქტო ანექსიისკენ", - აღნიშნავს ციხელაშვილი.
ცნობისათვის, "გაზპრომის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერი გოლუბევმა ცხინვალში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაცია კომპანიის პრეზიდენტის ინსტრუქციითა და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს პირდაპირი დავალებით ხდება. "განიხილებოდა ბევრი ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ვარიანტზე, რომელიც აპრობირებულია რუსეთის მიერ ბელარუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში, სადაც არის ჩვენი შვილობილი საწარმოები, "გაზპრომს" კი აკისრია პასუხისმგებლობა მათი ფუნქციონირებისთვის, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაზის მიწოდებისთვის, გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის. ანუ "გაზპრომი" პასუხისმგებელია გაზის დარგის ფინანსური, ეკონომიკური და იურიდიული საქმიანობისთვის", - განაცხადა გოლუბევმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადრე დამტკიცდა "რესპუბლიკის" გაზიფიკაციის გენერალური გეგმა, რომელიც 5 წელზეა გათვლილია და რუსეთის ხელისუფლება მზად არის, განახორციელოს ყველა ქმედება, რომელიც ამ ინდუსტრიაში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს უზრუნველყოფს. დე ფაქტო პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მოსახლეობისათვის გაზიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
"ეს არა მხოლოდ ბევრ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემას მოხსნის, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
მისი თქმით, ხელისუფლება მოწოდებულია, მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად რუსეთის მხრიდან ყველა დახმარება გამოიყენოს და ეს პროექტი 2017 წელს უნდა დასრულდეს.
"შემდგომი გაზიფიცირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სამხრეთ ოსეთის საზღვართან გადადიან საცხოვრებლად, ასევე ცხინვალსა და მის მიმდებარე უახლოეს პუნქტებში, სადაც ბუნებრივი აირია", - თქვა თიბილოვმა.
საუბარი შეეხო იმას, რომ შესაძლოა ტარიფები 30%-ით შემცირდეს, ასევე ისაუბრეს "რესპუბლიკის" ძველ დავალიანებაზეც. თიბილოვმა პირობა დადო, რომ ეტაპობრივი გადახდის სქემა უკვე შემუშავებულია და წლის ბოლოსთვის ვალის გასტუმრება მოხდება.
ამ ვიზიტამდე ეს თემა განხილული იყო მოსკოვში, თიბილოვსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, გასულ ოთხშაბათს კი თიბილოვი თავად "გაზპრომის" მმართველ ვლადისლავ მილერსაც შეხვდა.
თიბილოვის განცხადებით, მან ასევე დააყენა საკითხი ბოჭკოვანი არხის გამოყენებაზე, რომელსაც იყენებს "გაზპრომი", რომ ამით სამხრეთ ოსეთში ინტერნეტის უკეთესი სიხშირის მიწოდებაც მოხდეს.
ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოსური მხარის მიერ დიდი ხანია საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციაა საჭირო და ამაში მათ "გაზპრომი" ეხმარება.
ქეთევან ციხელაშვილი: "ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვცდილობთ გადავჭრათ ერთი საკითხი, მაგალითად, ახალგორის გაზით მომარაგება და ამაზე წლების განმავლობაში ოსური მხრიდან მუდმივად უარს ვიღებთ, ისევ პოლიტიკური მოტივებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჟენევის ფორმატში ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ, თუმცა ახალგორის მოსახლეობას ბუნებრივი აირი დღესაც არ აქვს".
სხვა რა კომპანიები ოპერირებენ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ციხელაშვილი ამბობს, რომ მაგალითად, ცხინვალში ოპერირებს კავშირგაბმულობის კომპანი "მეგაფონი", ასევე ბანკები, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ბიზნესისთვის აფხაზეთი უფრო საინტერესოა, ვიდრე სამხრეთ ოსეთი, ამდენად, ცხინვალში ძირითადად მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს.
"ცხინვალში ყველა ეკონომიკური აქტივობა რუსეთის ბიუჯეტზეა მიბმული. ცხინვალის ბიუჯეტის 90%-ზე მეტი რუსულ დოტაციაზეა. სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროში მთლიანად ანექსირება ხდება, ეს ყველაფერი ერთი სურათის ნაწილია და ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება", - დასძენს ციხელაშვილი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით რეგულირდება და თუ პროცესი იქ საქართველოს ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული, ის უკანონია. თუმცა ამ კანონის მიუხედავად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო ბიზნესაქტივობა მაინც ხდება.
თუკი ესა თუ ის კომპანია ცნობილი ევროპული წარმომავლობისაა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკანონობაზე მითითების შემდეგ ის ამ ტერიტორიებზე ოპერირებას აჩერებს.
მაგალითად, ასე მოხდა წლების წინ, როდესაც აფხაზეთში იტალიური ტანსაცმლის ბრენდის "ბენეტონის" მაღაზია გახსნა რუსულმა წარმომადგენლობამ, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძირითადად რუსული ბიზნესი საქმიანობს და ქართული მხარის პროტესტი მათთვის არაფერს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთში ბიზნესის მხრივ დაინტერესება მინიმალურია და იქ მხოლოდ ერთეული ბიზნესი თუ ოპერირებს და ისიც მხოლოდ რუსული. განსხვავებით აფხაზეთისგან, სადაც როგორც რუსული, ისე თურქული კომპანიები საქმიანობენ, მათ შორის: ბანკები, ტურისტული და სამშენებლო კომპანიები. ასევე თურქულ კომპანიებს გააქვთ ხე-ტყე, ტყვარჩელიდან ნახშირი და მარმარილო. რუსული და თურქული კომპანიების გარდა, არის ევროპული წვრილ-წვრილი ბიზნესიც.
მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მათ საინვესტიციო და კომერციული წინადადებით არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული ბიზნესსუბიექტებიც მიმართავენ.
კერძოდ, საუბარია სერბულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, თურქულ კომპანიებზე, საიდანაც უმეტესობას ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში აქვს გახსნილი. ეს კომპანიები ძირითადად აგრარულ სფეროში მოღვაწეობენ. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კი ამგვარი დაინტერესება საერთოდ არ არსებობს.
"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კანაშვილის თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული ბიზნესი არის, მაგრამ ალბათ 3 ან 4-ჯერ გაცილებით ცოტა, ვიდრე აფხაზეთში.
"სამხრეთ ოსეთში რუსული საბანკო სექტორია წარმოდგენილი, მაგრამ ზუსტად რა ფირმებია, არ ვიცი. თუმცა, თუ აფხაზეთში არის რუსული და თურქული ბიზნესი, ან შეიძლება რაღაც სხვა ქვეყნიდანაც იყოს რამე წვრილი ბიზნესი, ცხინვალში მხოლოდ რუსულია. არც მოსახლეობაა იმხელა და ისედაც ძალიან დახურული სივრცეა. შესაბამისად, ბიზნესის კეთებისთვის იქ ძალიან ცუდი გარემოა. ამიტომაც რომელიმე ფირმის დაინტერესება არ ხდება. ძირითადად, არის რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული", - ამბობს კანაშვილი.
მისი თქმით, არის ადგილობრივი მოსახლეობის წვრილი ბიზნესი, თუნდაც იგივე ხე-ტყის ბიზნესი, რომელიც არალეგალურია და თავად დე ფაქტო ხელისუფლებისთვისაც პრობლემაა ეს, რადგან ამას გარკვეული კრიმინალური კლანები ახორციელებენ და მასთან გამკლავება ვერ ხდება.
კანაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია და გვაქვს შესაძლებლობა, ამგვარ ბიზნესმენებს საქართველოში ავუკრძალოთ საქმიანობა, ურთიერთობები გავყინოთ და ა.შ. თუმცა "გაზპრომის" შემთხვევაში ეს რთულია.
"ეს დიდი კომპანიაა, თან რუსეთის სახელმწიფო კომპანია და რთულია იმის თქმა, სახელმწიფომ როგორ უნდა იმოქმედოს. მასთან ურთიერთობის გართულება ნიშნავს არა მხოლოდ კომპანიასთან, არამედ რუსეთთან დაპირისპირებას და მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას. თუმცა რაღაც პოზიცია ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს", - აღნიშნავს კანაშვილი.a