ზოგადი უნარების გამოცდაზე 16%-მა, დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა. უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა "საქართველოს განათლების ლიგის" თავმჯდომარე, მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, ეს შედეგები 2004 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული განათლების ძირეულმა რეფორმებმა გამოიწვია.
განათლების მინისტრი კი ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა მოხვდნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიერ შეთავაზებული პროგრამისთვის თავის გართმევა შეუძლიათ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგს ნეგატიურად არ აღიქვამს. მისი თქმით, იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ, ყოველ წელს განსხვავებულია და ის, რაც დღეს ცუდ შედეგს გვაძლევს, შესაძლოა, 4-5 წლის წინ განხორცილებული ცვლილების შედეგი იყოს.
"განსაკუთრებული არაფერი ხდება, ზოგიერთ წელს ეს რიცხვი ცოტა მეტი იქნება, ზოგიერთ წელს - ნაკლები. პრინციპში, რომ გვინდოდეს ნული პროცენტის ჩაჭრა, ამასაც გავაკეთებდით. დავწევდით ზღვარს იმ დონემდე, რომ არავინ ჩაჭრილიყო. მაგრამ ჩვენი ამოცანა ეს არ არის, არამედ ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში შევიდნენ ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ თავი გაართვან უმაღლესი განათლების მიერ შეთავაზებულ პროგრამას. ამიტომ, ზოგადი უნარების შედეგს ნეგატიურად არ შევაფასებდი.
"ვფიქრობ, რომ როგორც საატესტატო გამოცდების, ისე სხვა ტიპის გამოცდების შედეგის გამოცხადების არ უნდა გვეშინოდეს, რადგან თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, რა სირთულეებს ვაწყდებით განათლების სისტემაში, მაშინ მათ გამოსწორებასაც ვერ შევძლებთ.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ განათლების სისტემა ცვლილებებზე დაყოვნებით მოქმედებს, ანუ ის, რაც დღეს გვაძლევს ცუდ შედეგს, შეიძლება, 4-5 წლის წინანდელი რეფორმის ბრალი იყოს."დღეს რასაც ვაკეთებთ, იმას ხვალ შედეგი არ მოჰყვება. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს შედეგზე, მაგრამ არა ამ მომენტში.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ისე შევცვალოთ განათლების სისტემა, რომ ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა, რაც მანამდე არასდროს კეთდებოდა, იმავე განათლების დონის განსასაზღვრად. ამის მიზანი ის არის, რომ პრობლემების შესახებ ობიექტური მონაცემი გვქონდეს, რათა მისი გამოსწორება შევძლოთ," - გვითხრა ჯეჯელავამ.
"საქართველოს განათლების ლიგის" თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც, მისი აზრით, ზოგად უნარებში აბიტურიენთტა საკმაოდ დიდი პროცენტის ჩაჭრა გამოიწვია. მისი თქმით, დღევანდელი შედეგი 2004 წელს განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, როდესაც ძირითადი სასწავლო საგნების საათები რადიკალურად შეამცირეს.
"განათლებაში გატარებული რეფორმები წლების შემდეგ იჩენს თავს. წელს აბარებენ ის ბავშვები, ვინც 2004 წელს შევიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში. 2004 წელი კი სააკაშვილის სათავეში მოსვლის პერიოდია, როცა განათლების ძირეული რეფორმები დაიწყო. ეს რეფორმები კი არის ის, რაზეც ჯეჯელავა ამბობს, "მაგარ, გაუგებარ შარში ვართო". აი, ეს ეროვნული სასწავლო გეგმა შემოიტანა სააკაშვილმა.
"კატასტროფულად არის შემცირებული ძირითადი სასწავლო საგნების საათები. მთლიანად დაირღვა ციკლებს შორის გადასვლები და ძირეულად შეიცვალა სასწავლო გეგმა. სემესტრულ სწავლებაზე გადავიდა ბუნებისმეტყველების საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიის საგნები შეაერთეს. ასევე ისტორია-გეოგრაფია ერთად არის ინტეგრირებული.
"ზუსტად ის ბავშვები არიან ახლა აბიტურიენტები, რომლებმაც ამ მეთოდით ისწავლეს სკოლაში.
"ქართული ოცნების" უდიდესი შეცდომა ის არის, რომ მან დატოვა ის სასწავლო გეგმა, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა. გეგმა, რომელიც ცოდნას არ იძლევა. მომავალ წელს შედეგი კიდევ უფრო დაბალი იქნება. ამის შესახებ მე ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდი.
"ოცნებას" შეეძლო ამ 4 წლის განმავლობაში შეეცვალა სასწავლო გეგმა, მაგრამ ასე არ მოიქცა. თავის დროზე, როცა მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, თქვა, რომ გადახედა სასწავლო გეგმას და დიდად შესაცვლელი არ იყო. ვინ უთხრა, რომ არ იყო?! "ნაციონალებმა" ალბათ.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოჭედილია "ნაციონალებით", რომლებიც არაპროფესიონალები არიან. უნდა გამოყარონ ეს ხალხი და შეიყვანონ პროფესიონალები," - უთხრა ნიკოლაიშვილმა "რეზონანსს".
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა წინა წლებს არ უნდა შევადაროთ, რადგან გამსვლელი ქულა ადრე 15 იყო, ახლა კი 24-ია. ასევე აღნიშნავს, რომ სირთულის თვალსაზრისით ტესტებს შორის მცირე სხვაობა ყოველთვის არსებობს, რადგან შეუძლებელია, ზუსტად ერთნაირი დონის 4 სხვადასხვა ვარიანტი შექმნა.
"წინა წლებთან შედარება არასწორი იქნება, რადგან მაშინ ბარიერი 15 ქულა იყო, ახლა 24 ქულაა. შარშან თუ საშუალო ქულა იყო 47-49, წელს არის 46-48. ანუ, სხვაობა რეალურად მცირეა.
"ტესტის შექმნისას არაერთგზის ვაკეთებთ ექსპერტულ ანალიზს. ძალიან ბევრ აბიტურიენტს მიუღია საცდელ ტესტში მონაწლიეობა, ანუ სწორედ ამის საფუძველზე ხდება ტესტების შექმნა, თუმცა კონკრეტულად ეროვნულ გამოცდაზე შეტანილი ტესტის სირთულე დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ტესტს წერენ. ამიტომ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი, თუ რაზე იყო დამოკიდებული ეს შედეგი, გამიჭირდება.
"ყოველ წელს არის ხოლმე ის მომენტი, რომ რომელიღაც ტესტი შედარებით უფრო რთული გამოდის, ვიდრე დანარჩენები. ამ მომენტის აცილება წარმოუდგენელია. ეს განსხვავება აუცილებლად გვექნება, რადგან ზუსტად ერთი დონის ტესტის შექმნა შეუძლებელია," - ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, წლევანდელი აბიტურიენტები კონკურენციას არა შარშანდელ აპლიკანტებს, არამედ ერთმანეთს უწევენ. ასე რომ, შარშანდელი და წლევანდელი შედეგების ერთმანეთთან შედარება სწორი არ არის.
"იმ შემეთხვევაში, თუ ტესტი შარშანდელთან შედარებით უფრო რთული იქნება, ეს არაფერს ავნებს აბიტურიენტებს, რადგან შარშან თუ გვყავდა 80-ქულიანი აბიტურიენტები და წელს 79 ქულიანი გვყავს, ის იგივე რანგშია, რა რანგშიც იყო ის, ვინც შარშან 80 ქულა აიღო.
"აბიტურიენტები ეჯიბრებიან ერთმანეთს და არა შარშანდელ აპლიკანტებს. ამიტომ წლევანდელი გამოცდების წინა წლებთან შედარება აზრიანი ნამდვილად არ არის.
"მესამე ვარიანტს, რომელიც სხვებთან შედარებით ოდნავ უფრო რთული აღმოჩნდა, დაეწევა ბარიერი და გადამლახავი 23 ქულა იქნება. შესაბამისად, ამით აღნიშნულ მდგომარეობას ვათანაბრებთ," - განაცხადა სოფო დოლიძემ.