ნინო ქეთელაური
28.07.2016

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში არ გამოცხადდა. ის მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მისვლისა და მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ხედავს.

"მე უკვე შევხვდი პრეზიდენტს. ახლა ველოდები შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან... ამის შემდეგ მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებს, ისინი პროკურატურაში დასაკითხად უკვე გამოცხადდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალისა და დაშანტაჟების ფაქტებზე. მისი თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, მთავარ პროკურატურაში დაბარებული არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

უნდა მისულიყო თუ არა გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ვფიქრობ, რომ კანონმორჩილების მაგალითი პირველმა საკონსტუიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა მისცეს. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მისულიყო პროკურატურაში. ძალიან ცუდი მაგალითია სხვისთვის, როდესაც ამხელა თანამდებობის პირი კანონს არ ემორჩილება."

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): "საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ასეთი განცხადება მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებს. ქვეყანაში ის პირველი კონსტიტუციონალისტია და მაგალითი უნდა მისცეს დანარჩენებს.

"როდესაც ისეთ განცხადებას აკეთებ, რომელსაც შედეგად საზოგადოებაში გაურკვევლობა მოჰყვება, ელემენტარულია, რომ პროკურატურაში მიხვიდე და განმარტება გააკეთო. ამას ჰქვია კანონმორჩილება. მაშინ დაკითხვაზე რატომ მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეები?! ესე იგი, განცხადების ავტორი უნდობლობას უცხადებს პროკურატურასა და მოსამართლეების ნდობას?!

"არ მესმის, ნდობის პარამეტრები როგორ განისაზღვრება. მე, როგორც იურისტი, მის ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად მივიდოდი, რადგან პატივს ვცემ თითოეულ ინსტიტუტს ჩემს ქვეყანაში. მით უმეტეს, როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობას იკავებ. სწორედ იმიტომ უნდა მისულიყო, რომ თუ მართლა უკანონო და არალეგიტიმურ ქმედებას ჰქონდა ადგილი, ყველაფრისთვის ფარდა აეხადა."

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ეს არის ზეწოლა საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე და აქედან გამომდინარე, პროკურატურაში კი არა, უმაღლესი თანამდებობის პირებთან უნდა განიხილებოდეს. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამის განხილვა შეძლებისდაგვარად საჯაროდ უნდა მიმდინარეობდეს.

"არა მარტო მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები, არამედ სხვა შემთხვევებიც ასე უნდა განიხილებოდეს, მათ შორის - პრეზიდენტის შემთხვევაც. ეს უნდა გამოიძიოს უმაღლესმა ორგანომ, ისეთმა, როგორიცაა საპარლამენეტო საგამოძიებო კომისია და პრემიერიც თუ ჩაერთვება, ქვეყნისთვის გაცილებიოთ უკეთესი იქნება."

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): "თუ ის ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელბენ, ყველა შემთხვევაში უნდა მივიდეს. მე რომ ვთქვა ასეთი რამ და არ მივიდე, კიდევ მეპატიება, მაგრამ კაცი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. თუ ამბობს, ესე იგი უნდა ჰქონდეს კიდეც ამის ფაქტები და თუ არ აქვს, მაშინ იტყუება. საერთოდ არ მესმის, პრემიერთან შეხვედრა რა შუაშია, მას სულ სხვა შტოსთან აქვს საქმე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×