საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, რის საფუძველზეც პროკურატურამ მოსამართლეები დაკითხვაზე დაიბარა. ჟურნალისტებთან საბურისას მოსამართლეები აცხადებენ, რომ იმ კონკრეტული მოსამართლის ვინაობასა და მასზე განხორციელებული ზეწოლის დეტალებს მხოლოდ გამოძიებასთან დაასახელებენ.
იგივე თემაზე გუშინ პაპუაშვილი მთავარ პროკურორს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ობიექტური გამოძიების ჩატარების პირობა მიიღო.
ამის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამ სკანდალურ განცხადებას რეალური საფუძველი არ აქვს და იგი გარკვეული პოლიტიკური მიზნითაა გაკეთებული.
თქვენი აზრით, აქვს თუ არა პოლიტიკური სარჩული პაპუაშვილის განცხადებას? ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი):"აბსულუტურიად ყველაფერი დღეს პოლიტიკურია და, რა თქმა უნდა, პაპუაშვილის განცხადებაც, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უბედურებას და სასამართლოს უმძიმეს მდგომარეობას.
"ძალიან ცუდი მდგომაროებაა და მეეჭვება, ამ ქვეყანაში რამე შეიცვალოს. გაძლიერებულია კორუფცია და ა.შ. ასე რომ, პაპუაშვილი ამ შემთხვევაში ცდილობდა თავი დაეცვა, პოლიტიკური მნიშვნელობა მიეცა ამ განცხადებისთვის, რათა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აეღო.
"ძალიან "მოქოცო" ტვინი უნდა გქონდეს, რომ ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული მიაკერო. ეს არის თავის დაცვის მექანიზმი რომელიც ამ ადამიანმა გამოიყენა."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი):"რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურ განცხადება. იცით, რატომ - თუ სიმართლე იყო, გუშინწინ რომ გამოაცხადა, მაშინ გაიგო ეს ამბავი?! როცა გაიგო, მაშინვე უნდა გამოეცხადებინა და იქნებ მიჰყოლოდნენ ამ საქმეს და გამოძიებას დაიწყებდნენ ან არა, მაგრამ თავის მოვალეობას მოიხდიდა.
"ხლა რომ დაწერილი გეგმის მიხედვით გამოვიდა და აცხადებს ამ ყველაფერს... თან რას ნიშნავს, ამას არ შევხვდები, სანამ ის არ შემხვდება და ა.შ?! კანონი ყველასთვის ერთი არ არის?! როცა კანონი არსებობს, ყველამ უნდა იკადროს შეასრულოს და დაემორჩილოს."
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "გიორგი პაპუაშვილის განცხადებები რებუსის ტიპისაა, ანუ არის არასრული ინფორმაცია. მე ჩემს აზრს გეტყვით - პაპუაშვილს აქვს პოლიტიკური მოტივი ერთი მხრივ იმიტომ, რომ მასთან მიმართებაში არსებობს კითხვები; მეორე ის, რომ იგი ძველი ხელისუფლების წარმომადგენელია. იგი "ნაციონალური მოძრაობის" დროს გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური კონტექსტი ეტყობოდა. მისასალმებელი მხოლოდ ის ფაქტი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მუშაობდა.
"ამ მიზეზების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია პაპუაშვილის განცხადებებს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს. რამდენად იყენებს ამას, ეს სხვა თემაა. სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური მოტივი მის ახლანდელ საუბარს განაპირობებდეს."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი):"ჩემი აზრით, ამ ყველაფერს უდავოდ აქვს პოლიტიკური სარჩული, ორი აზრი არ არსებობს და ეს "ნაციონალური მოძრაობიდან" მოდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი პაპუაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის ოინების და ზრახვების გამხმოვანებელი. ამას იგი შეგნებულად აკეთებს და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული ადევს. "გაუგონარი რამ ხდება საქართველოში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებებისთვისაა მოწოდებული. ვფიქრობ და ვშიშობ, რომ მათ ქვეყანაში არეულობა სურთ და ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ხელისუფლება სათანადო ყურადღებას თუ არ გამოიჩენს, ამან შესაძლოა ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე