მოსამართლეებზე შანტაჟის შესახებ სკანდალური განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც იქნა, მთავარ პროკურატურაში მივიდა და პროკურორს შეხვდა. საგამოძიებო უწყებაში მივიდა მოსამართლეების ერთი ნაწილიც, რომლებმაც შენობიდან გამოსვლისას თქვეს, რომ მათ კონკრეტულ ფაქტებზე ილაპარაკეს, დაასახელეს გვარებიც, ვისზეც იყო ზეწოლა, თუმცა მის გასაჯარვებას არ აპირებენ. ერთადერთი, რაც აღინიშნა, ისაა, რომ შანტაჟი ეხებოდა ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახის წევრის ბიზნესს.
თუმცა იურისტთა წრეებში სხვა ინფორმაციაც ვრცელდება - რომ ზეწოლა და შანტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის პირად ცხოვრებასაც უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შანტაჟის თემამ, რომელიც ერთი კვირის წინ გაამჟღავნა გიორგი პაპუაშვილმა და რასაც პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც და მათ შორის არაკორექტული შეფასებებიც მოჰყვა, ბოლოს და ბოლოს პროკურატურის გამოძიების საგანიც გახდა.
საგამოძიებო უწყებაში გუშინ საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 2 მოსამართლე ოფიციალურად გამოიკითხა, თავმჯდომარე - არაოფიციალურად, დანარჩენები დღეს და ხვალ მივლენ. მთავარ პროკურორს შეხვდა საკონსტიტუციოს თავმჯდომარე პაპუაშვილიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეებია აცხადებდა, გამოძიების იმედი არ მაქვს და მისვლის აზრსაც დიდად ვერ ვხედავო.
სკანდალური საქმის გამოძიება დაიწყო
გიორგი პაპუაშვილსა და ირაკლი შოთაძეს შორის ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, მიუკერძოებელ გამოძიებაზე დაპირება მიიღო და ამიერიდან ყველაფერს "საქმეები გამოაჩენს".
"ღიად ვილაპარაკეთ იმ საკითხებთან, რაც კავშირშია გამოძიებასთან. საუბარი იყო, თუ რატომ გვქონდა კითხვები გამოძიებასთან. მისი მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება იყო. ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება იქნება ობიექტური. თუკი რომელიმე მოსამართლე გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას, შურისძიებას მასზე ან მისი ოჯახის წევრზე ადგილი არ ექნება," - განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმითაც ეს მხოლოდ ორი უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის გამართული შეხვედრა იყო და გამოძიებასთან ალბათ მოგვიანებით მიუწევს პასუხის გაცემა.
პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შოთაძეს მიაწოდა ინფორმაცია ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული ბიზნესის და მასზე წნეხის შესახებ.
განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, სადაც ეწერა, რომ პაპუაშვილმა "მთავარ პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ, თავის მხრივ ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სს საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, რა მიზნითაც ისინი კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ".
გამოძიება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე სს კოდექსის 364-ე მუხლის || ნაწილითა და 1571 მუხლის | ნაწილით.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ზოგადი განცხადებები გააკეთეს მოსამართლეებმაც. სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა და მოსამართლე ქეთევან ერემაძემ განაცხადეს, რომ მათ გამოძიებას მიაწოდეს მათთვის ცნობილი კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული გვარებიც, რომელიც შესაძლოა მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას, ან ზეწოლის მცდელობას უკავშირდებოდეს.
მოსამართლეებმა ჟურნალისტებთან გვარების დასახელებისგან თავი შეიკავეს. არც ის თქვეს, ერთ მოსამართლეზე იყო წნეხი თუ რამდენიმეზე. კონკრეტულად მათზე ზეწოლა კი არც ერთმა არ დაადასტურა.
"სანამ ეს მოსამართლე თავად არ თვლის საჭიროდ, რომ ისაუბროს საჯაროდ ამ საკითხებზე, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
მისი თქმით, "ის გარემოება, რომ მოსამართლეებს უხდებათ მთავარ პროკურატურაში სიარული და ზეწოლაზე საუბარი, მიანიშნებს, რომ სიტუაცია არაჯანსაღია".
ქეთევან ერემაძის თქმით, მის მიმართ წნეხი არასოდეს ყოფილა. გამოძიებას კი უთხრა, რომ პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გაუგია. ამის თაობაზე სასამართლოში ინფორმაცია არსებობდა და ჰქონდა მასაც.
რაც შეეხება კითხვას, ენდობა თუ არა ერემაძე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა, გარკვეული სკეპტიციზმი გამოძიების მიმართ მასშიც არის.
"ოცნება" სჯის დაუმორჩილებელ მოსამართლეებს"
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე" ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო, მათ შორის საჯაროობაც და პაპუაშვილი ვალდებულიც იყო დასაბუთებული მტკიცებულებები წარედგინა, მაგრამ მთლიან ჭრილში რომ განვიხილოთ, რაც სასამართლო კორპუსთან მიმართებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ხდება, მისი ვარაუდით, წნეხი სახეზეა, რომელსაც ზოგი მოსამართლე უძლებს, ზოგი - ვერა.
"სააკაშვილი რეჟიმის დროს მოსამართლეები ნოტარიუსები იყვნენ, რომლებიც საბრალდებულო დასკვნაზე ბეჭედს არტყამდნენ. ეს მანკიერი ხელისუფლება რომ შეიცვალა, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს არსებობა იყო.
"სამართლიანი სასამართლოს დაქცევა ძირითადად სააკაშვილის 4 მთავარ საყრდენ ადამიანთან ასოცირდებოდა: ლევან მურუსიძესთან, ზაზა მეიშვილთან, ვალერი ცერცვაძესა და მიხეილ ჩინჩალაძესთან.
"ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისას თქვა, რომ მას სამართლიანი სასამართლო უნდოდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ლევან მურუსიძეზე თქვა - ეს რა ადამიანი გავიცანიო.
"შემდეგ, როდესაც მე აქციები მოვაწყვე, გამოხტა ივანიშვილი და თქვა - მურუსიძე წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყოო. მან მურუსიძესთან დაალაგა სიტუაცია და ამიტომ გამოაცხადა მსხვერპლად, საკონსტიტუციო სასამართლო კი, რომელიც ვერ გადაიბირა, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის პროცესზე, ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
"ამიტომაც განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც საკონსტიტუციოს სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაასუსტა და ამ მომენტში, როდესაც პაპუაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა, მთლიან ჭრილში თუ განვიხილავთ, ის მე სარწმუნოდ მიმაჩნია.
"ასევე, პრეზიდენტის განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრზეც განხორციელდა წნეხი, მიუთითებს, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და ტერორის გზით ძალაუფლების შენარჩუნებაზე მიდის.
"სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლების საარჩევნო ნაბიჯებს დგამს დღეს "ქართული ოცნება" და ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაც სააკაშვილის მსგავსად ცუდად დაამთავრებს," - ამბობს ხატიაშვილი.
ხატიაშვილის თქმით, ივანიშვილმა როგორც გადაიბირა და დაიმორჩილა მურუსიძე და სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლეების რაღაც ნაწილი, შანატაჟით თუ სხვა ხერხით, მსგავსი პროცესების განმეორება სურდა საკონსტიტუციოშიც. ამიტომაც დაიწყო მოსამართლეებზე წნეხი. თუმცა, სამოქალაქოსგან განსხვავებით, ეს საკონსტიტუციოში არ გამოუვიდა, პაპუაშვილი წინააღმდეგი გამოვიდა და უფრო მეტიც, მან წნეხზე ხმამაღლა საუბარიც დაიწყო.
ხატიაშვილის აზრით, საკონსტიტუციოზე თავდასხმა პირდაპირ "რუსთავი 2"-ის პროცესს უკავშირდება.
"საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმა, რის გამოც ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-ზე კონტროლი ვერ აიღო. ჩემი აზრით, ყველაფერი ამას უკავშირდება. ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ სწორედ "რუსთავი 2"-ის დამსახურებაა მისი პარტიის რეიტინგი 35%-მდე რომ დაქვეითდა და ამიტომაც მას სურს არჩევნებამდე არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს," - აღნიშნავს ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ოჯახის წევრზე და მოსამართლეებზე წნეხი სავარაუდოდ "შუშის სასახლის მბრძანებელი ივანიშვილისგან მოდის".
"სავარაუდოდ, ეს შს მინისტრმა ივანიშვილთან შეათანხმა. პრემიერმა იცოდა თუ არა, არ ვიცი, ცოტა ეჭვი მეპარება ამაში, მაგრამ ის წესიერი კაცია და ვერაფერს ვიტყვი. წესით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ და მას შემდეგ, რაც შსს-მ დაადასტურა, რომ ჩხრეკა მოხდა და იქ არაფერი არ აღმოუჩენიათ, შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ მისი ინიციატივით რადგან არ მოხდა, ამიტომ არ გადადგა," - საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამს ადვოკატი.
მისი აზრით, პროკურატურის მიერ გამოძიებების მიმართ მუდმივი უნდობლობაა და ერთი გახმაურებული საქმეც არ დასრულებულა ისე, რომ კითხვები არ გაჩენილიყო. ამ შემთხვევაშიც დიდი იმედი არ აქვს, რომ ზეწოლაზე ეფექტური გამოძიება ჩატარდება.
ბოლოს კი იმასაც დასძენს, ადამიანებში შიშის სინდრომის დათესვა ხდება.
"როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრი დაუცველია და მისი უფლებები ირღვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები დაუცველები არიან, ვის ექნება სურვილი არჩევნებზე საერთოდ მივიდეს და შემდეგ თავისი აზრი ღიად დააფიქსიროს?! ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება საარჩევნო გარემოზე," - დასძენს ხატიაშვილი.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძის თქმით, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, გადაწყვეტილებებს სამართლის შესაბამისად იღებდა და "ქართული ოცნების" სურვილებს არ ითვალისწინებდა, ხელისუფლება მას გაუწყრა.
"ოცნება" გაანაწყენა ერთი იმან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეში დაუყოვნებლივ აღსრულება გააუქმა, მეორე - ასევე გიგი უგულავას საქმეზე, როდესაც თქვა, რომ განაჩენის გამოტანამდე მხოლოდ 9 თვე უნდა იყოს ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში და თუ განაჩენი 9 თვეში არ დადგება, ის უნდა გათავისუფლდეს და ისე უნდა გაგრძელდეს სამართალწარმოებაო; ასევე საბანკო ზედამხედველობის საბჭოს შექმნის არაკონსტიტუციურად ცნობა.
"ამიტომ გადაწყვიტა სასამართლო გაეკონტროლებინა და ამისათვის მოქმედებაც დაიწყო. ერთი, კონსტიტუციური სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობა შეცვალა და ისეთი კანონი შემოიღო, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა უმცირესობის აზრი დომინირებს. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მოსამართლეთა უმცირესობაზე ხელეწიფება კონტროლი.
"იმავდროულად ღიად გამოხატავდნენ აშკარა აგრესიულ დამოკიდებულებას იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებებმაც გაანაწყენა "ქართული ოცნება". ჩვენ გვახსოვს ამ მოსამართლეთა სახლებთან როგორ იკრიბებოდნენ და ქვებს, პომიდვრებსა და სხვა საგნებს ისროდნენ "ოცნების" მხარდამჭრები და სიტყვიერ შეურაცხოფასაც აყენებდნენ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ეს კი დღეებიც გრძლედებოდა," - ამბობს შავგულიძე.
ამ ყველაფრის შემდეგ კი, მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გასაკვირი არ ყოფილა.
შავგულიძე თვლის, რომ პაპუაშვილის გამოსვლიდან პროკურატურას უმალვე უნდა დაეწყო გამოძიება, ჩვენ კი რაღაც გაუგებარი განცხადებები მოვისმინეთ იმაზე, რომ პაპუაშვილს შეუძლია მისთვის სასურველ დროს მობრძანდეს და მოვუსმენთო.
"რა იყო ეს - დუელს უნიშნავდნენ და იარაღის არჩევის საშუალებას აძლევდნენ პაპუაშვილს? გევალება გამოძიების დაწყება და უნდა დაიწყო. პროკურატურის ეს განცხადება იყო მართვადი იმ განწყობით, რასაც "ქართული ოცნება" არ მალავდა და ამას მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენელთა გაუგებარი განცხადებებიც, რომელიც გაუმართლებელი და არასახელმწიფოებრივია. მით უფრო, რომ ამას იურისტები, ჩემი ყოფილი კოლეგები, ბესელიაც და კობახიძეც აცხადებდნენ.
"მტკიცებულებები და დასაბუთებები უნდა იყოსო, ისე გამოძება როგორ დაიწყოსო - როგორ შეიძლება იურისტები ამას ამბობდნენ?! მტკიცებულებები სწორედ პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უნდა მიოპოვოს," - აღნიშნავს შავგულიძემ.
მისი თვალსაზრისით, ის რომ არ გასაჯაროვდა კონკრეტული ფაქტები და გვარები, ამაში უცნაური არაფერია, რადგან როგორც მისთვის ცნობილია, შანტაჟი ეხებოდა პირად ცხოვრებასაც, ეს კი ძალიან დელიკატური მომენტია.
"პირად ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით დაშანტაჟების ფაქტზე არის საქმე აღძრული და თუ ამას სასამართლო განხილვა მოჰყვა, შეიძლება პროცესის ნაწილიც კი დაიხუროს. რაც პაპუაშვილმა თქვა, ამაზე მეტის თქმა არ იქნებოდა სწორი", - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" ეს შანტაჟი შერჩა, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს სრულად გაკონროლებამდე მივა, ეს კი ამ ინსტიტუციას დაღუპავს.