ეკატერინე ბასილაია
30.07.2016

 "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული, მაჟორიტარების ნაწილი უკვე დასახელებულია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, რომ ის საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებოდა, ექსპრემიერი არც ერთ შეკრებაზე არ გამოჩენილა.

"ქართულ ოცნებაში" ნაწილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო სტრატეგიული გეგმა არ არსებობს; მეორე ნაწილი ამბობს, რომ ბატონ ბიძინას განცხადებული აქვს აქტიურობა სექტემბერში დაიწყოს, ყველა რეგიონში ჩავიდეს და შეხვდეს ხალხს. ამდენად, სექტემბერს უნდა დაველოდოთ.

საგულისხმოა, რომ სექტემბერში გამოდის სააკაშვილის მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას 24-სერიანი მხატვრული ფილმიც და, შესაძლოა ის ფილმი და ივანიშვილის რეგიონებში გამოჩენა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის მთავარი ოქროს გასაღებიც იყოს.

"გეგმა არ არსებობს..."

"ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო სტრატეგიული გეგმა არ არსებობს," - განუცხადა "რეზონანსს" საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი, რომელიც ივანიშვილის ახლო მეგობარია, ამბობს, რომ ივანიშვილი ყველა დიდ ქალაქში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.

"მან ხმამაღლა განაცხადა, რომ სექტემბრიდან დავიწყებ ყველა რეგიონში ჩასვლასო და დადგება სექტემბერი და ჩავა. რა ფორმით იქნება, აბა, მე როგორ გითხრათ?! ვიცი ის, რომ მოსახლეობას ყველგან უნდა შეხვდეს და ელაპარაკოს. დიდი აქციები იქნება თუ პატარა შეხვედრები, ამას ვერ გეტყვით. არ ვიცი," - განაცხადა ჭკუასელმა.

შეკითხვაზე, ივანიშვილმა 2012 წლის საარჩევნო კამპანიასთან უფრო აქტიური ჩართვა დაანონსა და რა იგულისხმება ამ უფრო მეტ აქტიურობაში, პოლიტსაბჭოში უკვე დაგეგმილია თუ არა განრიგი, ჭკუასელმა თქვა, რომ ამ შეკითხვის ადრესატი თავად არ არის, ეს ივანიშვილს უნდა ვკითხოთ.

"ბატონი ბიძინას საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობა პოლიტსაბჭომ როგორ უნდა დაგეგმოს?! ის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და რასაც თავად დააპირებს, ის არის გასაკეთებელი.

"რასაც აპირებს, ეს უკვე გითხარით, ეს ხმამაღლა თქვა, ხოლო რა ფორმით იქნება, ეს არ ვიცი. დიდი ხანია, რაც არ გვინახავს," - განაცხადა ჭკუასელმა, რომელმაც შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ივანიშვილმა საერთოდ გადაიფიქროს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, გაღიზიანებით უპასუხა, რომ "ბატონი ბიძინა ნათქვამს არ გადავა".

"რაც თქვა სექტემბერზე, ეს არ შეიცვლება. სექტემბრიდან ყოველი დღე გათვლილია ისე, რომ არჩევნების წინ მთელი საქართველო მოვლილი ჰქონდეს," - აღნიშნა დეპუტატმა, რის შემდეგაც რატომღაც საუბრის გაგრძელება არ ისურვა და უხეში რეპლიკებით გათიშა ტელეფონი.

საგულისხმოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუსას თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვებოდა, ბევრად უფრო აქტიურად, ვიდრე 2012 წელს იყო ჩართული, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა და როგორ იქნებოდა.

მისი ამ განცხადების შემდეგ პარტიის დამფუძნებლის გეგმაზე, საარჩევნო პროცესში აქტიურ გამოჩენის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის სხვა წევრებმაც, თუმცა კონკრეტულად რა და როგორ მოხდებოდა, მათივე თქმით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო.

ივანიშვილი, როგორც "კლასიკური ქართველი მშობელი"

რა ფორმით და რა იდეებით იქნება მომგებიანი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოჩენა, ამაზე პოლიტოლოგები და სოციოლოგები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.

ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველი ისევ და ისევ მხოლოდ ივანიშვილის გამო თუ მისცემს ამ "ქართულ ოცნებას" ხმას, მიზიდულობის ცენტრი ისევ მხოლოდ ექსპრემიერია, ეს "ოცნების" ყველა კანდიდატმა იცის და ამდენად, ყველა კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის გვერდით გამოჩენას გულის ფანცქალი ელოდება.

"მიზიდულობის ცენტრი, რის გამოც შესაძლებელია "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის ხმები მიიღოს, ისევ და ისევ რჩება ბიძინა ივანიშვილი. მის გარდა სხვა ლიდერი, უბრალოდ, პარტიაში არ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ფასადი და მეტი არაფერი.

"ამ ადამიანებსაც, რომლებიც ხვდებიან, რომ პრობლემები აქვთ და ამას მარტო "ენდიაის" კვლევა არ აჩვენებს, აქვთ განცდა, ივანიშვილი ისევ ფოკუსს ჩაატარებს, ჩვენ ისევ ხელისუფლებაში დაგვტოვებსო. მათ ისევ ეს პარაზიტირების განცდა აქვთ.

"ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას არ იცილებს და ის იქცევა არა როგორც აქტიური მოთამაშე, არამედ როგორც მშობელი, კლასიკური ქართველი მშობელი, რომლისთვისაც 40 წლის გადამწიფებული შვილიც ჯერ კიდევ ბავშვია.

"ჩემი აზრით, ივანიშვილი ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება შეინარჩუნოს. რაც შეეხება საჯაროობას, შეიძლება სექტემბრისკენ რაღაც ტურნეს ჩატარება ისურვოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის წააწყდება იმ რეალობას, რომელიც მისი მოლოდინისგან განსხვავებული იქნება.

"ის საუბრობდა - ხალხისგან ჭარბი ნდობა მაქვსო. სამწუხაროდ, ხალხის განწყობა ასეთი არ არის და შეხვედრები ბევრად უფრო ცივი იქნება. თან, პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, მისი საჯარო აქტივობა სხვადასხვა ფორმით ჩაშლილი ან სკანდალური იყოს. აქედან გამომდინარე გამიჭირდება თქმა, რამდენად ინტენსიურად შეეცდება კამპანია აწარმოოს. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს გადამწყვეტი არც არის. საჯარო აქტივობის გარეშეც ძალის ცენტრი ისევ ივანიშვილია," - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ივანიშვილის დაპირებების თუ ახსნა-განმარტებების მიმართაც ნდობა სუსტი იქნება. იგი ისეთ მასშტაბურ შეკრება-აქციებს და კონცერტებს, რაც 2012 წელს "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისას ვნახეთ, იგივე ბერა ივანიშვილის საკონცერტო ტურნეები, არ ელოდება.

"არა, ეს არ იქნება. ის რომანტიკული პერიოდი იყო. ახლა "ქართულ ოცნებას" რომანტიკის არანაირი პლატფორმა არ აქვს და ამაზე ლაპარაკიც ძალიან ყალბი იქნება. არ გამოვრიცხავ ვიღაცამ კონცერტებიც მოინდომოს, მაგრამ რომანტიკულმა მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა," - დასძენს ხუხაშვილი.

სჭირდება თუ არა "ონებას" ივანიშვილის ჩართვა

სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი თვლის, რომ პოლიტტექნოლოგიაში ყველაზე ეფექტურად კარდაკარ სიარული მიიჩნევა, როდესაც პოლიტიკოსები ადგილებზე იზიარებენ ხალხის გასაჭირს. თუმცა თვლის, რომ დღეს "ქართული ოცნება" ყველა კვლევებით პირველ ადგილზეა და ივანიშვილის აქტიური ჩართვა მაინცდამაინც საჭირო არ ჰგონია.

მისი თქმით, 2012 წლის მსგავსი აქტიური საარჩევნო კამპანია, დიდ აქციებით, განცხადებებით თუ უხვი დაპირებებით, ამჯერად მოსალოდნელი არ არის, რადგან მაშინ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის დიდი დაძაბულობა და ჭიდილი იყო, ამიტომ ორივე ძალა ძალიან აქტიურობდა. დღეს კი ასე არ არის.

"ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ელექტორატი ხმას ყოველთვის პიროვნებებს აძლევდენენ და სამწუხაროდ, ეს ელექტორატი დღემდე ვერ გაიზარდა. როდესაც ვინმე "ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკობს, ყოველთვის "ივანიშვილი იგულისხმება, "ნაციონალურ მოძრაობაზე" ლაპარაკისას კი ხალხი ოდესისკენ იყურება.

"ივანიშვილი რომც არ გამოჩნდეს საარჩევნო კამპანიისას, პარტიაში მაინც ის იგულისხმება. გადამწყვეტ მომენტში თუ დაინახავს, რომ მთლად ისე იოლად არ არის საქმე, შესაძლოა, კოზირი გამოიყენოს და მის უდიდებულესობა ხალხს თავად ეახლოს.

"შესაძლოა კონცერტებიც ვნახოთ, მისი ოჯახის წევრებიც კი გამოჩნდნენ. დასავლურ სისტემაში მიღებულია ოჯახის წევრების ჩართვა და მხარში დგომა. ამიტომაც, ეს თუ ისევ იქნება, ცუდი არ არის," - ამბობს ბერძენიშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როდესაც ექსპრემიერმა არჩევნების პროცესში ჩართვაზე გააკეთა განცხადება, "ქართული ოცნების" რეიტინგი ძალიან გასაჭირში იყო, ახლა კი, საყვარელიძის აზრით, ბოლო კვლევით რეიტინგში დინამიკა რამდენიმე ნაბიჯი წინაა გადადგმული და ივანიშვილის გამოჩენის დიდი საჭიროება არ არის.

"ახლად დანიშნულმა კვირიკაშვილმა მოიკრიბა ძალა, გადაიდგა ნაბიჯები. კვირიკაშვილმა საკუთარი, ახალი სახეების გუნდი წარადგინა, რომელიც უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე წინა გუნდი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო დისკუსიებში ჩართვა. ახლა მოსახლეობამაც და ივანიშვილმაც დაინახა, რომ გუნდს აღარ უჭირს და ალბათ, ივანიშვილი ამიტომ გაჩერდა.

"თუ რეიტინგის ზრდის ტემპი ისევ გაგრძელდება, შეიძლება არც გამოჩნდეს. ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლა არ ეხალისება, ეს მისთვის საინტერესო სფერო არ არის და თუ სიტუაციამ არ აიძულა, ცდილობს, რომ ამ სფეროს თავი აარიდოს. "თუმცა, თუ ჩათვალა, რომ მისი გამოჩენით რაღაც აკორდები საჭიროა, ამას ბოლოში უფრო გააკეთეს. ახლა გაკეთებული სვლა არჩევნებამდე ეფექტს ვერ შეინარჩუნებს, ამიტომ სჯობს არჩევნებამდე ახლო პერიოდში გამოჩნდეს," - აღნიშნავს საყვარელიძე. მისი თქმით, "ქართულ ოცნების" გარანტი ივანიშვილია, ამ პასუხისმგებლობას ექსპრემიერი არც გაურბის და ამომრჩევლის თვალში ივანიშვილის კამპანიაში გამოჩენა უფრო დამაჯერებელი იქნება. ახალ იდეებს და ახალ დაპირებებს კი არ ელოდება.

საყვარელიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო მეტად "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაკეთებული არჩევანი იყო და "ნაციონალური მოძრაობის" თემის წინ წამოწევა დღესაც ხდება, რადგან ე.წ. მტრის ხატის ფორმულის გამოყენება პოლიტიკის შეიარაღებაში ყველაზე ხშირად ხდება.

ამბობს, რომ ამ შეიარაღებას დაემატება სწორედაც სექტემბერში სააკაშვილის მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას სერიალიც.

"ეს იქნება საზოგადოებისთვის შეხსენების ფილმი. თუმცა, არ მგონია, "ქართულ ოცნებას" ეს ძალიან წაადგეს. იქნება უფრო იმის მცდელობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმები მოიპოვოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ ამ პარტიას მეორე ადგილიც არ ჰქონდეს.

"ეს სურვილი აქვთ ალბათ, თუმცა რამდენად ახერხებენ ამას, ეს ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით, როგორც "ენდიაის" კვლევა აჩვენებს, "ნაციონალები" ისევ მეორე საპრიზო ადგილზე რჩებიან.

"დავუშვათ, "ნაციონალების" რეიტინგი გახდა 15%, მაგრამ ისინი რომ მე-3 ადგილზე გადავიდნენ, ამისთვის ვიღაცას 16% ხომ უნდა ჰქონდეს? ასეთი პარტია არ ჩანს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ამ თემამ დაკარგა ის სიმწვავე, რითაც ივანიშვილმა თავის დროზე წამოწია თემა," - დასძენს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×