ნინო ქეთელაური
30.07.2016

საკონსტიტუციო სამამართოლოს მოსამართლეებს შორის განხეთქილებაა. მათი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით იზიარებს, ნაწილმა კი გუშინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი პაპუაშვილი მათგან "რუსთავი2"-ისა და ე.წ. "კაბელების საქმის" დაჩქარებით განხილვას ითხოვდა.

"ჩვენი აზრით, არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომა საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ საქმის გადაწყვეტა საჭიროებს მასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილ, ამომწურავ შესწავლას, რისთვისაც აუცილებელია გონივრული დრო. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი," - აღნიშნულია წერილში.

წერილს მოსამართლეები თავაძე, ფაფიაშვილი, ცაბუტაშვილი, სიჭინავა და ტურავა აწერენ ხელს.

აღნიშნულ წერილს გიორგი პაპუაშვილიც გამოეხმაურა და განცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადება. პაპუაშვილმა მომხდარს გაუგებრობა უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი მალე აღმოიფხვრება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაუგებრობაა. სამართალწარმოების საკითხები, როგორც წესი, ჩვეულებრივად განიხილება. ჩვენ ზოგჯერ ერთმანეთში დისკუსი გვაქვს, რაღაც საკითხებზე ვთანხმდებით. რაც შეეხება მოსამართლეების მიერ დასახელებულ საქმეებს, ვფიქრობ, რომ არაეთიკურია რომელიმე საქმის გამოყოფა, რადგან შემდეგ ეს აჟიოტაჟს იწვევს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირებული მხარეებიდან რომლის არგუმენტებია უფრო მისაღები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):"გულახდილად გეუნებით - მე ვფიქრობ, რომ არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება და არ განხორციელებულა. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრების გვერდით ვდგავარ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიმართ არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა.

"იქ არის ორი თუ სამი მოსამართლე, რომლებსაც სექტემბერში ვადა ეწურებათ. სწორედ ისინი ამბობენ, რომ მათზე ხორციელდებოდა გარკვეული ზეწოლა.

"საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა, თავმჯდომარის ჩათვლით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა დანიშნული. ბუნებრივია, ისინი ახლაც "ნაციონალური მოძრაობის" მითითებებს ახორციელებენ.

"ზეწოლასა და შანტაჟზე ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ კონკრეტული ფაქტები უნდა დაიდოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა მიმართოს პროკურატურას და არა პრემიერ-მინისტრს."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტროიკოსი):"ჩემთვის არც ერთი მხარის არგუმენტი არ არის მისაღები. მე არ მჯერა ამ ადამიანების. თუ არის ზეწოლა ეს კატასტროფაა, ხოლო თუ არ არის და პოლიტიკური ნიშით აკეთებენ ამას - ეს არასახელმწიფოებრივი აზროვნების კლასიკური ნიმუშია.

"ჩემთვის ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. რას ნიშნავს ზეწოლა? საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტმა და ყველამ, ვისაც ევალება, რომ კანონის უზენაესობა დაცული იყოს, ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ ზეწოლაზე საუბარი არ იყოს და საზოგადოებაში არ შეიქმნას აბსოლუტურად ნიჰილისტური დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ."

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):"დაპირისპირებული მხარეებიდან ჩემთვის იმ ადამიანების არგუმენტებია მისაღები, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე არ არის ზეწოლა.

"ის ადამიანები, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაზე საუბრობენ, რეალურად ზეწოლით შეწუხებულები არ არიან და ამის გამო არ აკეთებენ განცხადებას. დღეს ეს მოსამართლეები ალაპარაკდნენ არა იმიტომ, რომ მათზე ზეწოლაა, რაც მე ტყუილი მგონია, უბრალოდ იმიტომ, რომ შავი პიარი შეუქმნან ხელისუფლებას და ნიადაგი მოამზადონ არეულობისთვის."

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):"ჩემთვის ტურავას და მისი მომხრეების არგუმენტები უფრო მისაღებია. მოსამართლეებზე, რა თქმა უნდა, არ იყო ზეწოლა. ზეწოლა რომ იყოს, მოსამართლეებს ან სამსახურიდან გაუშვებდნენ ან სხვა ხერხებს მიმართავდნენ. ზეწოლის შემთხვევაში მთავრობა ყოველთვის მოახერხებდა ისეთი რამე გაეკეთებინა, რომ ადამიანი იძულებული გაეხადა მოქცეულიყო ისე, როგორც თავად სურდა და თუ ასე არ იქნებოდა, მაშინ გაუშვებდნენ ამ მოსამართლეებს სამსახურიდან."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×