"ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
თქვენი აზრით, აცილებულია თუ არა დღეს რუსეთიდან სამხედრო საფრთხე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან ოდესმე სამხედრო საფრთხე აცილებული იქნება. ამაზე ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ვსაუბრობ. საქართველოს მთავრობამ მათთან მიმართებით უფრო ლოიალური პოლიტიკა უნდა გაატაროს, ყოველთვის ღირსეული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რომ მისი პატივისცემა დაიმსახუროს. მაგრამ მეგობრული ურთიერთობის სურვილი მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის, ყველა მთავრობის ხელში რუსეთის მხრიდან ძალიან დიდი დარტყმა მიგვიღია.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): საქართველოსთან რუსეთს საბრძოლო ურთიერთობები არ სჭირდება. რას აძლევს ეს ყველაფერი მას? რაც სჭირდებოდა ჩრდილოელ მეზობელს, ყველაფერი წაიღო, ამ ეტაპზე მას არაფერი უნდა. ჩვენ რუსეთისთვის ერთი ლუკმა ვართ, რომელსაც ხუთ წუთში გადაყლაპავს. დიპლომატიური გზებით მეტ-ნაკლებად შესაძლოა სიტუაციის მოგვარება.
რომელ საფრთხეზეა საუბარი, სალხო, რომელ საფრთხეზეა, ვინ ვართ ჩვენ რუსეთისთვის? მას რაიმე სურდეს საქართველოსგან და ვინმე უშლის ხელს? მას არც ნატოსი ეშინია და არც ამერიკის.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): ჯერ ერთი, რომელ საფრთხეზეა ლაპარაკი? თუ პოტენციურზე, ეს პრინციპში ყოველთვის დამოკლეს მახვილივით კიდია. პრემიერი რას გულისხმობს ამ საუბრის დროს, ამ შემთხვევაში ეს უცნობია. ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს მათთან ურთიერთობა. ისე, საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და რუსეთისგან სამხედრო საფრთხე არ არის აცილებული. ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებას მეტი არგუმენტაცია სჭირდება. კვირიკაშვილმა უბრალოდ სიტყვა თქვა და რას ნიშნავს ეს? მე ვერ ვგრძნობ, რომ აბაშიძე და კარასინი ამხელა მასშტაბის პრობლემებზე საუბრობდნენ.
ირმა სოხაძე (მომღერალი): რა თქმა უნდა, გარანტია იმისა, რომ არასდროს იქნება მათი მხრიდან საფრთხე, არავის გვაქვს. ფაქტია, რუსეთი ამ ეტაპზე დიდს ვერაფერს ახერხებს, ან ჩვენ არ ვაძლევთ ამის საბაბს და მათ პროვოცირებას არ ვახდენთ. ჩვენი პოლიტიკა სიტუაციის დაწყნარებისკენაა მიმართული, შედეგი ამ ეტაპზე გვაქვს.
საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ამას რუსები ნაბიჯ-ნაბიჯ და ჩუმად აკეთებენ. ამას მიხედვა უნდა, მოსახლეობა დაუცველია. ეს ჩემი საყვედურია ჩვენი ხელისუფლების მიმართ. რუსეთთან პოლიტიკა წინა ხელისუფლებასთან შედარებით სწორ გზაზე რომ დგას, უდავოა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე