ლიკა გურაბანიძე
02.08.2016

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი გუშინ წარადგინა.

თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები გუშინ ოფიციალურად დატოვეს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განმარტებით, მართებულია, როდესაც თავდაცვის მინისტრად არ ინიშნება პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რაც უწყების დეპოლიტიზებას გარკვეულწილად აფერხებს.

"კარგია, რომ თავდაცვის მინისტრად მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა არ ინიშნება, ეს სისტემურად სწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ხელისუფლება თავიდანვე უშვებდა შეცდომებს, როდესაც თავდაცვის მინისტრად პარტიულ ლიდერებს ნიშნავდა. იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის სამინისტრო არის დეპოლიტიზებული უწყება, პოლიტიკური პერსონისთვის ძალიან რთულია ზღვარის გავლება და დეპოლიტიზაციის ფარგლებში საკუთარი თავის შენარჩუნება," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

უნდა იყოს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური  იურისტი): მძიმეწონიან კატეგორიაში რომელი პოლიტიკოსი გადის, მე არ ვიცი ეს პარამეტრები, მაგრამ ნებისმიერ თანამდებობაზე ძირითადი ატრიბუტი: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის გრძნობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს სამი კრიტერიუმი. მე მგონი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ლევან იზორიას არ აკლია.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოზიციას როდესაც იკავებს ესა თუ ის პოლიტიკოსი, გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თუ პოლიტიკურ წონადობაზე მიდგება საქმე, პოლიტიკური თვალსაზრისით ლევან იზორიას პერსონა სხვებთან შედარებით ნაკლები წონადობის არ არის.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): მიმაჩნია, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირები პოლიტიკოსები უნდა იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მაინც დროებითი, 2-3 თვიანი პროცესია. ახლა ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჯობდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მძიმეწონიანი პოლიტიკოსის მოყვანა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო.

ეს დროებითი გამოსავალია. ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. ზოგადად, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირები პოლიტიკოსები იყვნენ და არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. პოლიტიკური გუნდია დღეს მთავრობა და არა პროფესიონალური. რა თქმა უნდა, სჯობს, ის ადამიანი იყოს დანიშნული, ვისაც იცნობენ და ამ გუნდთან ერთად საქმიანობდა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თავდაცვის მინისტრი გამოკვეთილად დასავლეთის კურსის მიმდევარი იყოს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის მძიმე წონა და მთავარი ამოსავალი წერტილიც.

შესაძლოა, მძიმე წონის პოლიტიკური ფიგურა იყოს თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მას ძალიან გამოკვეთილი, ურყევი, დასავლური თავდაცვის კურსი უნდა ჰქონდეს. ჩემთვის იმას მნიშვნელობა არ აქვს, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იქნება თუ არა, მთავარია, რაც ზემოთ ვახსენე იმ საკითებში იყოს ძალიან გამოკვეთილი და ურყევი.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი):  ახლა არჩევნებამდე მნიშვნელოვანი პერიოდია და ხელისუფლება ლავირებას ახდენს, სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლენაა იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა. ეს დროებითი ღონისძიებაა.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ამ პოსტზე პოლიტიკური ფიგურა იქნება დანიშნული. მომავალ არჩევნებში გამარჯვებული რომელიმე პოლიტიკური ძალა მძიმეწონიან პოლიტიკოსზე თუ არა, საშუალო წონაზეც თანახმა იქნება. აუცილებელი და მთავარია, რომ მან სწორი პოლიტიკა გაატაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×