გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს
ელზა წიკლაური
02.08.2016

 ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოსახლეობისთვის კვლავ უმთავრესი პრობლემაა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ადამიანი საარჩევნო ყუთთან მივა, ბიულეტენის შემოხაზვამდე ლარის თემას კიდევ ერთხელ გაახსენდება. ლარი რომ ამომრჩევლისთვის ფაქიზი თემაა, ამაზე "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც მეტყველებს. 87% მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.

"რეზონანსის" ვებ-გვერდზე რეეზჟჰჰცცცყკუთწტფტსუვფშდნყსწქ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი - 53,1% თვლის, რომ ლარის გაუფასურება ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე "დიდ გავლენას მოახდენს", 34,3% ფიქრობს, რომ "ნაწილობრივ მოახდენს გავლენას". მხოლოდ 12,5%-ს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს.

ეროვნული ვალუტის კურსი რომ დღემდე მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამაზე არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა მეტყველებს. ნებისმიერ სტატიას, რომელიც ლარის გაუფასურებაზე იწერება, სოციალურ ქსელსა თუ საინფორმაციო საშუალების ვებ-გვერდზე უამრავი შეფასება მოჰყვება. ხალხი ლარის ვარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობის საყვარელ ფრაზას - "გარე შოკებს" - ყურით მოთრეულს უწოდებს.

"რა დროს გარე შოკია, ხელისუფლება ვერ აკეთებს საქმეს და სახლში უნდა წავიდეს", "მოვა ოქტომბერიც...", "ასეთი კურსით უნდა "ოცნებას" ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება?" - ამგვარ ფრაზებს ლართან დაკავშირებით დაწერილი სტატიების კომენტირებისას ხშირად წაიკითხავთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის კურსი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია და ლარის არასტაბილურობაში დამნაშავედ ხელისუფლება მიაჩნიათ, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად.

იქონიებს თუ არა პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ლარის დევალვაცია, ამაზე პასუხი ჩვენი გამოკითხვიდანაც ნათელია და ამას არც ეკონომისტები და არც საზოგადოებრივი აზრის სპეციალისტები არ მალავენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილის თქმით, ლარის კურსის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ეროვნული ვალუტის ხან გაუფასურება, ხან კი გამყარება საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას აჩენს.

"ლარის დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ აქ ამომრჩეველი ორად უნდა გავყოთ, ანუ ვისზე მოახდენს ყველაზე მეტად გავლენას და ვისზე - არა. საკმაო გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს სესხი. მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდია. თანაც, ეს ადამიანები არიან უფრო მაღალშემოსავლიანები და შესაბამისად, უფრო ინტელექტუალებიც.

ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად პენსიონერი, შეიძლება ვერ ხვდებოდეს, ლარის გაუფასურება როგორც უკავშირდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ ის, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ლარის გაუფასურებას ყოველთვიურად საკუთარ ჯიბეზე გრძნობს, შესაბამისად, ამ საკითხის მიმართ უფრო სენსიტიურია. პოლიტიკური პარტიები კი, რომლებიც უფრო საინტერესოდ წარადგენენ ლარის მომავალს, საკმაო პოპულარობას მოიხვეჭენ", - განაცხადა პირმისაშვილმა.

 მისივე თქმით, პარტიების ეკონომიკურ პროგრამაში მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ გაითვალისწინებენ კონკრეტული ადამიანების მდგომარეობასაც:

"პირველად, როცა ლარი გაუფასურდა, მთავრობაში ამბობდნენ, რომ ამუშავებენ გეგმას, თუ როგორ დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს. საუბარი იყო, რომ მოხდებოდა სესხების რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ვისაც ასეთი ტიპის იდეები ექნება, ამომრჩევლის სიმპათია იქით გადაიხრება. ლოზუნგები, რომ ეკონომიკას გავაძლირებთ და ლარიც დასტაბილურდება, არ იმუშავებს. ამომრჩეველი ხვდება, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამიტომ იგი ითხოვს კონკრეტულ დაპირებას. ხალხი ასეთ მარტივ დაპირებაზე, რომ ეკონომიკა გაძლიერება და ა.შ. აღარ "დაბოლდება", - აღნიშნა პირმისაშვილმა.

სპეციალისტი ამბობს, რომ მთავარი მომენტი იქნება, თუ როგორ აღიქვამენ ამ დაპირებას ამომრჩევლები. ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ეკონომისტების და მთავრობის წევრების განმარტება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ხშირად ექსპერტები მიზეზად შიდა სიტუაციას ასახელებენ და გარე ფაქტორებს ნაკლებმნიშვნელოვანს უწოდებენ, მთავრობის წევრები კი, პირიქით, შიდა ფაქტობრებს უმნიშვნელოს უწოდებენ და საგარეო ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.

"საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური მხარის, ანუ ექსპერტების შეფასებას. თუ ისინი იტყვიან, რომ ლარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და გარე ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე და შექმნის ისეთ საზოგადოებრივ აზრს, სადაც დამნაშავე მთავრობა იქნება. ეს კი გავლენას იქონიებს გადაწყვეტილების მიღებაზეც, არჩევანზეც და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის მართვაზეც", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პირმისაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტი, ეკონომისტი ლარის კურსის ცვალებადობაში მთავრობის ბრალეულობაზე ისაუბრებს, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ხელისუფლებასა და მათ რეიტინგზე:

"თუ არ ჩამოყალიბდება ასეთი აზრი და ხალხი იფიქრებს, რომ გარე ფაქტორებიდანაა ლარის კურსის ცვალებადობა გამოწვეული, მაშინ რეიტინგზე გავლენას ეს ვერ მოახდენს.

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სესხი დოლარში, მათთვის მტკივნეულია ლარის კურსის ვარდნა და ისინი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი არიან. თუ მათ პოზიციას ექსპერტების შეფასებაც დაემატა, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როცა მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს", - განაცხადა პირმისაშვილმა.

საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას თქმით, ლარის დევალვაცია პირდაპირ დაკავშირებულია მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობასთან. შესაბამისად, ამომრჩეველი ყოველთვის დაფიქრდება, თუ ვინ იყო დამნაშავე მათი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაში და შეეცდება მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.

"იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, არის საკმაოდ არსებითი. მათ აქვთ ნეგატიური განწყობა და მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურება ახლა მოხდა, ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, თუ რითი იყო ლარის ვარდნა განპირობებული, მათ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის როცა მოუწევთ, არჩევანს გააკეთებენ, თუ რა იყო წარსულში და რას ელიან მომავლისგან.

ლარის კურსის ვარდნა ძალიან ძლიერი ფაქტორია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ჯიბესაც და რა თქმა უნდა, მთავრობის გეგმებსაც. ასე რომ, ლარის დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს", - დასძინა ლია ელიავამ.

როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან აქამდე გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგზე ნეგატიურად მართლაც იმოქმედოს. იმის გამო, რომ ლარი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი საკითხია, ლარის ვარდნას საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობაც ფეხდაფეხ მიჰყვება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ეროვნული ვალუტა გამყარების გზას არ დაადგა, 8 ოქტომბერს "ოცნება" ერთიორად შემცირებული მხარდამჭერით შეხვდება. ამის კონტურები კი დღეს აშკარად იკვეთება. არჩევნებამდე 2 თვე და 6 დღეა დარჩენილი, ვნახოთ, რას იზამს ლარი და შეძლებს თუ არა მთავრობა კრედიტებისგან დამძიმებული ამომრჩევლების "შემობრუნებას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×