ია აბულაშვილი
02.08.2016

 "საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ მოსამართლეთა ერთი ჯგუფი საჯაროდ დაპირისპირებოდა მეორე ჯგუფს. დღეს ამ საქმემ უპრეცედენტოდ რეზონანსული სახე მიიღო," - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, თსუ-ს პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუშავილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიდის მიზანმიმართული ზეწოლა და ეს უკავშირდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც ახლა იხილება სასამართლოში. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მასში პოლიტიურ კონტექსტს ხედავს; მოსმართლეების ორ ჯგუფად გაყოფასთან დაკავშირებით კი არ გამორიცხავენ, რომ ამან შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება გამოიწვიოს...

ავთანდილ დემეტრაშვილი: დღეს იმასაც ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ჩემი აზრით, თუ ასეთი რამ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოს, თავმჯდომარე ვალდებულია ამის შესახებ განცხადებაც გააკეთოს და მოითხოვოს, ნათელი მოეფინოს ამ საკითხს.რაც შეეხება მოსამართლეთა ორ ჯგუფად გაყოფას, არც ჩემს პერიოდში და არც მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო ჯონი ხეცურიანი, ასეთი რამ არ ყოფილა, რომ მოსამართლეთა ერთი ჯგუფი საჯაროდ დაპირისპირებოდა მეორე ჯგუფს. დღეს კი ამ საქმემ უპრეცედენტოდ რეზონანსული სახე მიიღო. სასამართლოს პარალიზება არ მოხდება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ამან შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებების შინაარსზე.

"რ": დღეს ყველა შეფასება უკვე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხდება. თქვენი აზრით, მაინც რა იყო მიზეზი, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე?

ა.დ: ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, ცვლილებები რომ შევიდა ორგანულ კანონში "საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ". ცვლილებები უფრო მკაფიო და გამართული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილებოდა მთელი რიგი რეზონანსული საკითხები. ეს ცვლილებები სწრაფად იქნა მიღებული, ისე, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული არც ვენეციის კომისიის, არც არასამთავრობო სექტორის, არც ექსპერტთა ნაწილის შენიშვნები. ანუ, იმდენად საჭირო იყო ცვლილებების შეტანა, რომ პარლამენტში მმართველი გუნდის სრული მობილიზება მოხდა და ეს კანონი ამოქმედდა.

კანონში იყო ერთი უპრეცედენტო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ერთ მოსამართლეს შეუძლია არ დაეთანხმოს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებას და მოითხოვოს საკითხის პლენუმზე გატანა. სწორედ ამ მუხლით ისარგებლა ერთ-ერთმა მოსამართლემ და მოითხოვა "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა პლენუმის შემადგენლობით. სწორედ აქედან დაიწყო პოლიტიკური პროცესი.

სიტუაციის გართულების მიზეზი შეიძლება იყოს მოახლოებული არჩევნები. სექტემბერ-ოქტომბერში საკონსტიტუციო სასმართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება. პაპუაშვილი მიდის, მას უნდა გაჰყვეს რამდენიმე მოსამართლე. დღეს ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ძალიან არაორდინარული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება დაუმთავრდება პაპუაშვილს და სამ მოსამართლეს. მოსამართლეები, რომლებიც რჩებიან სასამართლოში, უკვე თავის თავზე ფიქრობენ, ზოგს თავმჯდომარეობა უნდა, ზოგს მდივნობა. ანუ, როდესაც პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსმართლეებზე გავლენა ხდება, ეს ფაქტორიც უნდა დაუმატოს.

არჩევნები ჩატარდება, მაგრამ როგორ აირჩევა თავმჯდომარე, აი, ეს არის პრობლემა. ვინაიდან მოსამართლეთა ნაწილი გაყოფილია, 6 ხმის მოპოვება ძნელი იქნება. ადრე თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეთანხმებით; ახლა ეს წესი შეიცვალა და საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს აქვს უფლება, თავისი კანდიდატურა წარმოადგინოს.

"რ": დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება მოგვარდეს ე.წ. პოლიტიკური შეფერილობის საქმეებზე გადაწყვეტილებების კოლეგიალურად განხილვის და მიღების საკითხი?

ა.დ: მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია. "რუსთავი 2"-ის და სხვა რეზონანსული საქმეები არჩევნებამდე ან არ განიხილება ან, თუ განიხილება, "რუსთავი 2"-ის სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნება; ამასობაში კი არჩეული იქნება ახალი შემადგენლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×