თიკო ოსმანოვა
03.08.2016

 პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას ასრულებს და ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. მისივე თქმით, პაპუაშვილს სურს, "დააყენოს ბუღი", რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ.

მამუკა არეშიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო საკმაოდ რთული პროცესი ვითარდება. არ ვარ იურისტი და იურიდიული შეფასება გამიჭირდება, მაგრამ, რასაც ვხედავ, ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობს, რაღაც დავალება შეასრულოს, რომელიც ბოლომდე არ გამოსდის. საბოლოო ჯამში, უარყოფით რეზონასს ქმნის. თან, რაც დრო გადის, ჩანს, რომ არ უნდა, ეს უარყოფითი ფონი მოხსნას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ვითარება.

გაუგებარია, იურისტი კაცი რატომ ამბობს უარს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე?! გაურკვეველია მიზეზიც - ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს.

"რეზონანსი": ვის დავალებას ასრულებს პაპუაშვილი, თქვენი აზრით?

მ.ა: მიმაჩნია, რომ გიორგი პაპუაშვილი რჩება "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელია. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ამაში ნელ-ნელა სულ უფრო ვრწმუნდები. საერთოდ, ეს პროცესი არ მიიქცევდა ჩემს, როგორც სხვა მიმართულების სპეციალისტის, ყურადღებას, რომ არა მისი ასეთი ეკლექტური და ქაოსური ქმედება.

მას სურს, დააყენოს ბუღი, რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ. ამიტომ ვამბობ, რომ იგი ვიღაცის დავალებას ასრულებს, თუმცა თავს კარგად ვერ ართმევს.

"რ": არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი თავად მოსამართლეებს შორის. თქვენი აზრით, ეს ყველაფერი სამართლებრივ პროცესზე რამდენად იმოქმედებს?

მ.ა: საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი ქმედება იწვევს ამ ორგანოს დისკრედიტაციას და მისი მუშაობის არევას. პაპუაშვილი სწორედ ამას ცდილობს - ერთმანეთს დაუპირისპირა მოსამართლეების ორი ჯგუფი. იგი მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, ამ დროს გამოდის მეორე ჯგუფი და ამას უარყოფს.

ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ყბადაღებული თემა - სარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხი ჩავარდა. როცა დაინახა, რომ მოსამართლეებში ერთსულოვნება არ იყო და ეს საკითხი ჩავარდა, მაშინვე ზეწოლაზე დაიწყო საუბარი, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ ახორციელებს და რა სახის ზეწოლა ხდება.

ჩემთვის, როგორც არაიურისტისთვის, პაპუაშვილის ქმედება ხასიათდება იმით, რომ ადამიანს უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სტაგნაციაში მოაქციოს.

"რ": თუმცა მის ამ განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტი, რომელმაც ეს დაადასტურა....

მ.ა: არ მინდა, იმ ადამიანების რიცხვში ჩავდგე, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკერდიტაციას ახდენს. თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ამას იგონებს. თბილისი არ არის დიდი ქალაქი და ყველამ ვიცით, ცნობილი ადამიანების ოჯახებში რა ხდება. მათ შორის, მეც საქმის კურსში ვარ.

მეცინება, როცა პრეზიდენტი თავისი ოჯახის წევრების ზეწოლაზე საუბრობს. დაახლოებით ვიცი, რაზეც არის საუბარი, და არა მხოლოდ მე.

"რ": 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამრთლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, რის შემდეგაც აქედან ორ მოსამართლეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აირჩევს. თქვენი აზრით, შეიცვლება თუ არა სასამართლოში ძალთა ბალანსი?

მ.ა: რთული სათქმელია. როგორც გვერდიდან მაყურებელს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების დისკრედიტაცისკენაა მიმართული.

მესმის, რომ პაპუაშვილს დავალება აქვს მიღებული, მაგრამ ხომ არსებობს ნორმები?!

"რ": ანუ წინასაარჩევნოდ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ვარაუდობთ?

მ.ა: ამის მცდელობა არის. ახლა ეს დამოკიდებულია საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე, რამდენად აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სურვილს, რომ ქვეყნაში ქაოსური ვითარება შეიქმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×