ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციით განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. ეს მოთხოვნა საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა.
რეფერენდუმის კითხვა ასეთია: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?"
რეფერენდუმის ჩატარებას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. პირველი კატეგორია აცხადებს, რომ ამ საკითხის წამოწევა გლობალურ მოვლენებთან არის დაკავშირებული და ერთგვარი დაზღვევაა, რათა მომავალში ასეთი რამ არ მოხდეს. მეორე კატეგორია კი მიიჩნევს, რომ ეს არის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, უცნობია.
თქვენი აზრით, რეფერენდუმის მოთხოვნა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისგან თავის დაზღვევა? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
რეზო მიშველაძე (მწერალი): დღეს მსოფლიო გადაგვარებისაკენ ისე ენერგიულად მიდის, რომ, როგორც ჩანს, იმის გარკვევაც გახდა საჭირო, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, თუ ერთსქესიანთა ქორწინებაც დასაშვებია. შეიძლება რეფერენდუმით, სხვა საკითხებთან ერთად, ესეც დაისვას, მაგრამ სპეციალურად ამაზე რეფერენდუმის გამართვა უხერხულია. თან გაგანია არჩევნების დროს, ყურადღების სხვა რამეზე გადატანას შეიძლება ემსახურებოდეს.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):მე ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ ვინც ამას სენსიტიურ თემად მიიჩნევს, იმ ადამიანების არჩევნებზე მობილიზება მოახდინონ. თითქოს რომელიმე პარტიას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა და ა.შ. ეს არის ხმების მოპოვების ერთ-ერთი საშუალება და მეტი არაფერი.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): მე უფრო ასე ვიტყოდი, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა. ისეთი არა, როგორიც ტერიტორიული მთლიანობა ან სოციალური საკითხებია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული თემაა. ჩატარდეს რეფერენდუმი და თუ გაიმარჯვებენ, კი ბატონო, მერე რაც უნდათ, ის ქნან. მე პირადად, ეგეთი მეგობრები მყავს და ვგიჟდები მათზე, ისეთი ნიჭიერი ადამიანები არიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს თემა საქართველოსთვის ცოტა შორს არის.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ყველაფრის ასე პოლიტიზირება არ შეიძლება. ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა და რატომაა ეს ასეთი რთული დასაჯერებელი?! რატომ ფიქრობენ, რომ თუ ეს საკითხი წამოიწევა, ის პრობლემების გადაფარვის მცდელობა იქნება?! ვინც ამას ამბობს, სწორედ მათ ახასითებდათ თავიანთი უსაქციელობის გადაფარვა და ყურადღების გადატანა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე მაინც მგონია, რომ ეს არის ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნისგან თავის დაზღვევა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე