ეკატერინე ბასილაია
03.08.2016

 სატრაბახო გვაქვს მხოლოდ ის, რომ დღეს ქვეყანაში ცოცხების დეფიციტია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, თავდაცვის მინისტრად უშიშროების კადრის დანიშვნა აპრიორი ნეგატიურია თუ "რესპუბლიკელების" მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას ემსახურება?

სოსო ცისკარიშვილი: უნდა გავაცნობიეროთ, რომ იზორია 2-თვიან კარიერას შეება და შესაძლოა, ეს არ იყოს საუკეთესო არჩევანი. თავის დროზე იზორია საკმაოდ შედეგიანი ოპოზიციონერი იყო; აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება; ავტორია მშვენიერი ნაშრომის, რომელიც შს სამინისტროს, როგორც მონსტრის დაშლას ეხებოდა. გულსატკენია, რომ როგორც კი შს მინისტრის მოადგილე გახდა, საკუთარი ნაშრომით არ დაინტერესდა, მაგრამ თუკი ვინმეს შეიძლება ეს დანიშვნა მივუსამძიმროთ, უპირველესად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, სადაც პროფესიონალების დეფიციტია და სადაც იზორია წამყვანი ფიგურა იყო, რადგან ბატონი მინისტრი, რაც არ უნდა სიმპათიითაც ვიყო მის მიმართ განწყობილი, ამ დარგის პროფესიონალად აღქმული ვერ იქნება.

ადამიანურად ხიდაშელის დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ ამჟამად რაიმე კატასტროფას ვერ ვხედავ, ეს მისაღები გამოსავალია. ამ დანიშვნის გამო გადამეტებული წინმსწრები უკმაყოფილება უპირველესად, ქართულ ჯარს არ წაადგება.

"რ": "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინდია ჯანელიძის მინისტრობისას საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე შეუშვეს წინა ხელისუფლების დროს ღალატისთვის დაპატიმრებული გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც ობიექტებს ფოტოები გადაუღო და ის რუსეთს გადასცა. ხიდაშელმა თქვა, რომ საიდუმლო ობიექტზე უცხო პირის შესვლის გამო მან ინფორმაცია გამოსაძიებლად სამართალდამცველებს მიაწოდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ შეტყობინება არ მიუღიათ. როგორ ფიქრობთ, ვინ ტყუის - პროკურატურა თუ ხიდაშელი?

ს.ც: ეჭვი არ მეპარება, რომ ხიდაშელი არ იტყუება. მის უნარებსა და პროფესიონალიზმზე დიდი წარმოდგენის ვარ. ხოლო თუ რომელიმე უმწიკვლო პროკურორის გვარს მეტყვით, გავიზიარებ. ფაქტი შემაძრწუნებელია, მაგრამ ეს სიმართლე კულუარებში უნდა გაირკვეს და არა მთელი მსოფლიოს კამათის საგანი გახდეს. ასეთი თემების მედიასივრცეში წარმოჩენა დანაშაულია. ეს კრემლისთვის საჩუქარია, ხოლო ჩვენს ინტერესებს ვნებს. გამოდის, რომ ის, რაც რუსეთისთვის ჯაშუშს უნდა გადაეცა, ჩვენ ვაფორმებთ და ვადასტურებთ. უკეთესი იქნება, თუ ასეთ თემებზე გავყუჩდებით და გარკვეული დროის შემდეგ პასუხს მოვთხოვთ ყველა იმ პირს, ვისი ვალდებულებაც იყო, რომ ასეთი დანაშაული არ შემდგარიყო.

ჯანელიძის მიმართ შეიძლება სუბიექტური ვიყო და ამიტომ არ შევაფასებ, რადგან 2014 წელს უსაფრთხოების საბჭომ, რომლის მდივანიც ის გახდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცვლელი პირი ვარ, რის შემდეგაც რამდენიმე ტელევიზიას და ბეჭდურ მედიას ჩემთან თანამშრომლობა აეკრძალა. ერთ-ერთს შანტაჟით ათქმევინეს უარი. დეტალებს ვერ ვიტყვი.

"რ": თუკი ეს ფაქტი სიმართლეა, რატომ არ ატეხა ხიდაშელმა განგაში ამ ფაქტზე მინისტრობისას მთავრობის სხდომაზე მაინც და მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლისას დაადასტურა? ეს ადეკვატურია?

ს.ც: მინისტრისგან დუმილი შეცდომა იქნებოდა, მაგრამ თუ მან ინფორმაცია მყისიერად გადასცა დანიშნულებისამებრ, მან ვალდებულება მოიხადა. ის რევოლუციას ვერ დაიწყებდა, რადგან მისთვის უფრო მაღალ საფეხურებზე ეგულებოდა როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური მმართველები.

"რ": პრემიერმა თქვა, გადავამოწმე და პროკურატურაში მიმართვა არ ყოფილაო. ასევე თქვა, ეს ყველაფერი შეიძლება, გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" რაღაცას გვაბრალებს და მერე ჩვენ პასუხის გაცემა გვიწევსო.

ს.ც: ყველა იგებს თავისი გაფუჭებულობიდან გამომდინარე. ამ პროკურორს შევეკამათებოდი, რომ ხიდაშელის საქმიანობის ფორმა ტყუილები არ არის. ეს არის საშინაო წინასაარჩევნო დავალება, რომ "რესპუბლიკელების" ნებისმიერი გამონათქვამი პოლიტიკურ კონტექსტზე იყოს მიბმული და პასუხი გაეცეს როგორც ოპონენტს, რომელსაც მტრად აღიქვამენ.

"რ": ელოდებით, რომ "რესპუბლიკელები" საგარეო კურსის საფრთხეებზე გააკეთებენ განცხადებებს, როგორც ეს მანამდე ალასანიას გუნდმა გააკეთა?

ს.ც: არც "რესპუბლიკელებს" და არც "მეოცნებეებს" განსაკუთრებული გავლენა არ ექნებათ საგარეო ვექტორზე, მით უმეტეს იმ ვექტორზე, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ აღიარებულია, მაგრამ ასეთი ცვლილების საფრთხე არსებობს და ის იმ პოლიტიკოსებისგან მოდის, ზოგი ყოფილისგან, ზოგი არშემდგარისგან, რომლებიც მუდმივი შფოთის დათესვით ხელს უწყობენ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას არც ვიზალიბერალიზაცია შეეხოს, არც ნატო-სთან რაიმე მიახლოება. ცდილობენ, მხოლოდ იმის მოლოდინი იყოს, რომ კარს მომდგარი არჩევნები იმდენად უსამართლოდ ჩატარდეს, რომ იგი არალეგიტიმურად შეფასდეს, რითაც კარგა ხნით დაიხურება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულების ყველა თემა. ეს იქნება მხოლოდ კრემლის მიმართ აღებული ვალდებულებების წარმოჩენა.

"რ": ვის სურს ქვეყნისთვის დასავლური გზის დახურვა, ივანიშვილს?

ს.ც: არა მხოლოდ.

"რ": კვირიკაშვილსაც?

ს.ც: მაგ კაცს თავი დავანებოთ, ძლივს ერთი წესიერი კაცი მოვიდა. თქვენ გგონიათ, სააკაშვილის ინტერესებშია საქართველო მის გარეშე ბედნიერი იყოს?!

"რ": ივანიშვილს? არ უნდა სურდეს ვიზალიბერალიზაცია მის სახელთან დაკავშირდეს?

ს.ც: როცა დავრწმუნდებით მისი დამოუკიდებლობის უმწიკვლობაში, მას ბოდიშს მოვუხდი. როდესაც ადამიანი წელიწადზე მეტია გაურბის სიტყვა "ნატო"-ს, მას თანავუგრძნობ. თუ ის ჩვენს ქვეყანაში მივლინებითაა, მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც მან წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საამებლად გადადგა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ზოგჯერ - ტკბილი და ზოგჯერ - მწარე. რომელი გზა ურჩევნია, ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ თავად ჩვენი ევროპული პერსპექტივის წინამძღოლად არ წარმოჩნდება.

"რ": ალბათ, "ქართული ოცნების" ნებისმიერი წევრი დაგისვამდათ შეკითხვას, რა კონკრეტული არგუმენტები გაქვთ, რითაც ივანიშვილის პროდასავლურობაში ეჭვი შეგაქვთ, როდესაც ამ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-სკენ სვლა არ შემცირებულა და ფინალში გავიდა ვიზალიბერალიზაცია.

ს.ც: საპასუხო ბევრი მაქვს, მაგრამ არა მედიის საშუალებით.

"რ": ეს ბოლო კვირებია, დიდი პრობლემებია საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ხელისუფლება აცხადებს, რომ პაპუაშვილი "ნაციონალების" დაკვეთას ასრულებს და იტყუება მოსამართლეების ზეწოლაზე. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს საკონსტიტუციო სასამართლო გააკონტროლოს სწორედ "რუსთავი 2"-ისა და კაბელების საქმეების მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესით. თქვენი აზრით, რა ინტერესების ბრძოლას ვხედავთ?

ს.ც: დღეს სხდომაზე არმისულმა მოსამართლეებმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის მსხვერპლებმა. რასაც ადრე "ნაციონალები" აკეთებდნენ, იმას აგრძელებს "ოცნებაც" და ეს არ არის პირველი მცდელობა. უამრავი მსგავსებაა, თანაც ყველაზე უგვან თემებზე, რომელსაც დღეს "ოცნება" კადრულობს. სატრაბახო გვაქვს მხოლოდ ის, რომ დღეს ქვეყანაში ცოცხების დეფიციტია. დანარჩენი, რაც წინა ხელისუფლებისგან იყო მიუღებელი, ასე თუ ისე გადამუშავებული ან კოპირებული გახლავთ "ქართული ოცნების" ხელში.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ტრაქტორების საქმე ააგორეს და მაშინ მას სათანადო შეფასებაც არ მოჰყვა. ამაზე უარესი უსამართლობაა კაბელების საქმე. ასევე პარალელურად პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მუდმივი მცდელობაც. თუ დააკვირდებით, 4-წლიანი საპარლამენტო სავარძლის მაძიებლები სწორედ ამ თემებზე აკეთებენ აქცენტს. რაც შეიძლება უდიერად უნდა მოიხსენიო "ნაციონალური მოძრაობა", პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტია. სამივე თუ არ გალანძღე, შეიძლება, მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდე. ახლებიდან მხოლოდ ერთია გააქტიურებული, მამუკა მდინარაძე და რომ გითხრათ მოხიბლული ვარ მისი ფრაზეოლოგიით, გამიჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×