არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგი. ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა, თუმცა მათი მონაცემები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ყველა კვლევაში "ქართული ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობაა". გაურკვეველია მესამე ძალის ვინაობა. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას თქმით, შესაძლოა, არჩევნებამდე ბევრი რამ შეიცვალოს, თუმცა, ამ ეტაპზე, არსებული თანმიმდევრობა არ შეიცვლება.
"ჩემი აზრით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნება" ამომრჩევლის ხმების, დაახლოებით, 50%-ის მიღებას შეძლებს. თუმცა ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ თავისთავად ტიპოლოგია, ანუ თანმიმდევრობა არ შეიცვლება.
"პირველ ადგილზე "ოცნება" იქნება, მეორე ადგილზე გასვლის შანსი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მაგრამ ვნახოთ... შემდეგ მოდიან დანარჩენი პარტიები, გაჩნია, როგორ დაალაგებენ სიტუაციას და წარმოჩინდებიან. თუმცა პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი ალასანიას რეიტინგები აშკარად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაციამ "ქართული ოცნების" დაკვეთით რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა - "ენ-დი-აიმ" მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, სადაც, წინა კვლევასთან შედარებით, "ოცნების" რეიტინგი გაზრდილია, თუმცა კვლავ უმნიშვნელო პროცენტული განსხვავებაა "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ამავე კვლევაში თვალში საცემია ის, რომ ბარიერის გადამლახავ პარტიებს შორის არ არის ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" და მისი ადგილი პაატა ბურჭულაძის ახლად შექმნილ ორგანიზაციას უკავია.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 17% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 13% კი "ნაციონალურ მოძრაობას". პაატა ბურჭულაძის პარტიას ხმას - 4 პროცენტი, ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსს კი 3 პროცენტი მისცემდა. პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5 პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში დააგროვეს 7 პროცენტი.
რაც შეეხება მეორე კვლევას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, "ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, სახელისუფლებო პარტიას 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.
როგორც ბიგვავამ აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერს, გიორგი კვირიკაშვილს 42%-აინი რეიტინგი აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, დავით ბაქრაძეს - 21%.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ეს რეიტინგი ბოლო პერიოდში შედარებით გაზრდილია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" - შემცირებული.
შეგახსესნებთ, რომ "ქართული ოცნების" ამ კვლევის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ივნისში "რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ჯე-ეფ-კას" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებას" მხოლოდ 0,7%-ით ჩამორჩება. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7% მისცემდა.
ბოლო დროს ქვეყანაში ჩატარებულ თითქმის არც ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვას არ ენდობა სოციოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. თუმცა საზოგადოების განწყობის ლოგიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი მომატებულია, სამაგიეროდ კი დაცემულია ბურჭულაძის პარტიის, "სახელმწიფო ხალხისთვის" რეიტინგი. მისი აზრით, ე.წ. მესამე ძალის სტატუსს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" კოალიცია მოიპოვებს.
"პარტიების რეიტინგებს ადგენს სოციოლოგიური გამოკითხვები. ვინაიდან ჩვენთან ამას "ენ-დი-აი" და "აი-არ-აი" ატარებენ, რომლებსაც საზოგადოება არ ენდობა, ამიტომ ამაზე უარი უნდა ვთქვათ და დასკვნები მასმედიის საშუალებით გამოვიტანოთ. ანუ ესა თუ ის ძალა რა ადგილს იკავებს მასმედიაში და რამდენად აქტიურია. როგორც წესი, ეს აქტიურობა კავშირშია პარტიის რეიტინგთან.
"დღეს მასმედიაში აქტიურია სახელისუფლებო პარტია, ეს ბუნებრივიცაა. შედარებით დაიკლო, თუმცა მეტ-ნაკლებად აქტიურად ჩანს ასევე "ნაციონალური მოძრაობა". სხვა პარტიები კი თითქმის არ ჩანან.
"მეჩვენება, რომ მესამე ძალის სტატუსს "პატრიოტთა ალიანსი" მოიპოვებს. ის კრიტიკულია, როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების მიმართ. და, როგორც კი გააქტიურდება, კიდევ უფრო მეტად აიწევს მისი რეიტინგი.
"რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პარტიას, მათთვის მიუღებელია ერთი და მეორე ხელისუფლებაც, ოღონდ დამაჯერებელი არ არის, თუ რატომ არის მიუღებელი დღევანდელი ხელისუფლება. ეს საზოგადოებაში აიხსნება იმით, რომ მან მინისტრის პორტფელი დაკარგა და ამიტომაც არის კრიტიკული "ოცნების" მიმართ, ასევეა რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაშიც. შესაბამისად, არა მგონია, მათ რამე შანსი ჰქონდეთ.
"ბოლო დროს ცუდად გამოიყურება პაატა ბურჭულაძის პარტიის რეიტინგი, თუმცა ეს ფონდ "იავნანას" სკანდალით გამოწვეული არ არის. ბურჭულაძის პარტიამ ძალიან გადახარა თავისი კურსი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და "ოცნებას" აკრიტიკებს იმ სტილში, რა სტილითაც "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ ეს მას მოათავსებს, უნდა თუ არა, "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით და ამან შეიძლება, ბევრი ქულა დააკარგვინოს. მან პოლიტიკური საქმიანობა ბევრი მხარდამჭერით დაიწყო, მაგრამ თუ გააგრძელებს ამ რიტორიკას, მაშინ ეს მოსახლებისთვის იქნება "ნაციონალური მოძრაობა" ნომერი 2," - უთხრა საყვარელიძემ "რეზონანსს".
ზურა ბიგვავას თქმით კი, შიდა კვლევებით "ქართულ ოცნებას" კარგი მდგომარეობა აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" კი ძლივს ინარჩუნებს მეორე ადგილს. მისივე თქმით, მაჟორიტარებისა და ახალი სახების წარდგენა "ოცნების" რეიტინგზე დადებითად აისახა.
"ენ-დი-აიმ" გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილია "ქართული ოცნების" რეიტინგი. შიდა კვლევებით სახელისუფლებო პარტიას გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი - რთული. თუმცა ჯერჯერობით ინარჩუნებენ მეორე ადგილს. დანარჩენები, მაგალითად პაატა ბურჭულაძის და ირაკლი ალასანიას პარტიები მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე არიან, თუმცა რაც ჰქონდათ, უფრო ნაკლები აქვთ. ტენდენცია ნათელია, მათ ბოლო ხანებში რეიტინგი არ ემატებათ და ამასობაში, "გირჩი" ფახურობს.
"ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" ჯერ არ დაუწყია წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ახალი სახეების წარდგენამ და მაჟორატარობის კანდიდატებმა უკვე დადებითად იმოქმედა "ქართული ოცნების" რეიტინგზე.
"ჩემი აზრით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნება" ამომრჩევლის ხმების დაახლოებით 50%-ის მიღებას შეძლებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბიგვავა.