საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა, რომელსაც, გუშინდელი ღამის მონაცემებით, რამდენიმე ასეული ადამიანი აწერს ხელს.
"პეტიციის ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნოს რეფერენდუმი ადამიანის უფლებების შესაზღუდად და არ დააკმაყოფილოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაგზავნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ ძალებს და დაამძიმებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას.
"ვფიქრობთ, ქორწინების საკითხის განსაზღვრა ახლა, იმ უამრავი მწვავე და აქტუალური საკითხის ფონზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ხელოვნური და სახიფათოა. მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება, არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა", - ნათქვამია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, რეფერენდუმის დასანიშნად პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრული იყოს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
უნდა დანიშნოს თუ არა პრეზიდენტმა რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი):"მე პირადად ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება საჭიროდ არ მიმაჩნია იმიტომ, რომ ქორწინების არსი სხვადასხვა დოზით კანონში ისედაც არის განმარტებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ რეფერენდუმის საკითხი ქვეყანაში აუცილებლობას არ წარმოადგენს.
"ეს არ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებთან შედარებით, რაც დღეს ჩვენ, ქვეყანას გააჩნია. ამიტომაც, ბუნებრივია, ამ კუთხით იმ ადამიანების პოზიციას ვიზიარებ, რომლებიც ამგვარი რეფერენდუმის წინააღმდეგი არიან. ამისი ჩაწერით რაიმეს ხაზგასმა რომ მოხდეს, ამის საჭიროებას მე ვერ ვხედავ. რეფერენდუმის ამ მოთხოვნას ხელს არ მოვაწერ."
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მე ვფიქრობ, ეს ძალით მოთრეული საკითხია. რეფერენდუმი ამას არ სჭირდება, ქორწინება კანონით ისედაც განსაზღვრულია. თითიდან გამოწოვილი საკითხია, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტუალური გახდა.
"პრეზიდენტმა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურმა, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა დაუშვას. ამას გარდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოსაგვარებელია, მაგალითად ოკუპაცია. ყველა ამაზე უნდა საუბრობდეს არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ქორწინების საკითხი არ მიმაჩნია აქტუალურად."
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამის საჭიროება არ დგას. საქართველო მართმადიდებელი ქრისტიანული, ტრადიციული ქვეყანაა და პრეზიდენტმა ამ შემთხვეაში რეფერენდუმი აუცილებლად უნდა დანიშნოს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მისი თავის მოჭრა.
"პრეზიდენტმა აქ მაინც უნდა გამოიჩინოს გონიერება და რეფერენდუმი დანიშნოს. 8 ოქტომბერს ამ რეფერენდუმს უნდა დავუჭიროთ მხარი. საქართველო განვითარებადი სახელმწიფოების რკალში შედის."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე