ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა. დაიტბორა შენობები, მოგლეჯილია ხეები, ჩაიხერგა გზები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა შიდა გზები. ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზიანდა წაღვერი-ბაკურიანის გზა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცობია და მისი დათვლა მიმდინარეობს.
ბორჯომში სეტყვა დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შენობებში შევარდნილი წყლისა და დატბორილი მაგისტრალების გამო მაშველებს 40-მდე ადამიანის ევაკუაცია მოუხდათ.
კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, პრემიერმინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები.
რამდენად ეფექტურია ხელისუფლების რეაქცია ბორჯომის სტიქიაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): "რასაც მედიის საშუალებით ვუყურებდი, სამაშველო სამსახურები გვიანობამდე ოპერატიულად მუშაობდნენ და ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 2-3 საათში უკვე ადგილზე იყვნენ. სტიქია ისეთი რამეა, რასაც ვერავინ გაექცევა.
"რაც შეეხება ზარალის დათვლას, ეს რთული თემაა, რადგან სეტყვა დღესაც იყო. მე ვფიქრობ, რომ სტიქიასთან ბრძოლა ეფექტური და კარგი იყო. პრობლემების აღმოფხვრას დრო დასჭირდება. ზოგი ამბობს, რომ დახმარებამ დააგვიანა, ზოგი კი საპირისპირო აზრზეა."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "ჯერჯერობით 100%-ით ვერ ვიტყვი, თუმცა, რაც ტელევიზიის საშუალებით ვნახე, იქ 70%-ით სისწრაფე დავინახე. როდესაც ბორჯომიდან ვინმე საუბრობდა, აქედან უკვე წასული იყო მინდია ჯანელიძე. იქ კი გუბერნატორი ცალკე იყო ჩართული.
"ბევრს უნდა, რომ იაფიანი ძვირად გაუკეთონ და ესე არ არის. დარღვევები იყო, თუმცა საბოლოოო ჯამში, რეაქცია ეფექტური იყო."
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აღდგება სტიქიის შედეგი. ადამიანი სტიქიის წინაშე უძლურია. ხელისუფლება სტიქიასთან ვერაფერს შეცვლის, თუმცა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბორჯომში დაზიანებები მალე აღდგეს.
"სტიქია ახლა მოხდა და ეფექტურობაზე ვერ ვისაუბრებთ, აღადგენენ და შემდეგ ვნახოთ. დარწმუებული ვარ, რომ გამგეობა და შესაბამისი სამსახურები გასულები არიან და მუშაობენ. მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა. "
რეზო მიშველაძე (მწერალი): "ხელისუფლებამ ბორჯომში დროულად მიიღო ზომები, რასაც მე მივესალმები. ეფექტური იყო თუ არა - ამის თქმა გამიჭირდება.
"კაცმა რომ თქვას, პრეტენზიები ყველაფერზე შეიძლება. ასეთი პრეტენზიები იყო 2015 წლის 13 ივნისსაც. მაშინაც იყო გამოთქმული აზრი, რომ ხელისუფლებამ ფეხი აითრია და სწრაფად არ იმოქმედა.
"არ მგონია, რომ ხელისუფლებამ სწრაფი რეაქცია ბორჯომის სტიქიის შედეგების დასაძლევად საარჩევნო პიარისთვის გააკეთა. ხელისუფლება ყველაფერს არჩევნებისთვის არ აკეთებს.
"სტიქია სტიქიაა. თუ ჩვენი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს ისწავლის, რომ ქვეყნის წყლულს ისე უმკურნალოს, როგორც ბორჯომის შემთხვევაში მოიქცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. "
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე